„მეორე ტური, დიდი ალბათობით,  ვერ იქნება“

„მეორე ტური, დიდი ალბათობით, ვერ იქნება“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდი ალბათობით, არჩევნებში მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე იქნება. მისივე განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა და ანალიზი. ამ ანალიზით კი, ბევრად არა, მაგრამ ის უგებს ნინო ბურჯანაძეს.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილიც ვარაუდობს, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან მცირეა.

for.ge სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

რამდენად კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები?

- შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე კონკურეტუნარიანი არჩევნებია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი - თვითონ გარემო არის კონკურენტული. რასაკვირველია, ეს არაა იდეალური გარემო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა პირობებში უხდებოდათ წინა წლებში კანდიდატებს მუშაობა. ეს არჩევნები თითქმის ყველა არჩევნებისგან განსხვავებულია - არ არის ისეთი დაძაბულობა, როგორიც წინა წლებში იყო, გვახსოვს ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ძალადობამდე მისული ვითარებები. დღეს ამგვარი რამ არ ხდება და ეს არის ის, რაც ძირითადად განასხვავებს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ყველა წინა წლების საპრეზიდენტო არჩევნებისაგან. 

მეორე - რასაკვირველია, გარკვეული პრობლემები არსებობს, სამწუხაროდ, ბიზნესი ისევ არ აქტიურობს, იურიდიულ პირებს ჩვენი კანონდებლობით აკრძალული აქვთ წინასაარჩევო პროცესის დაფინანსება, მაგრამ ბიზნესმენებმა უარი განაცხადეს, რომ რომელიმე კანდიდატს მხარი ღიად დაუჭირონ. თუმცა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, აქ რაღაცა ძალადობრივ მეთოდებს არ ჰქონია ადგილი და არავის უთქვას, რომ აუცილებლად უნდა დაეფინანსებინათ ესა თუ ის პარტია, ან ესა თუ ის ლედერი.

პრემიერი ამბობს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მარგველაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რასაც მარგველაშვილიც დაეთანხმა. როგორ შეაფასებთ პრემიერის ამ მინიშნებას და საერთოდ, გამორიცხავთ მეორე ტურის ალბათობას?

- მე ვფიქრობ, ივანიშვილი ამ განცხადებაში დებდა იმ მესიჯს, რომ ის საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია იმდენად, რომ მეორე ტურის ალბათობაც კი გამორიცხა. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ თვითონ ამ განცხადების შინაარსი და ფორმა ძალიან უხეში იყო, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლის გარკვეულ შინაარსს შეიცავდა. არ შეიძლება ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი ტიპის განცხადება ყოველთვის უკურეაქციას იწვევდა ამომრჩეველში. შესაძლოა, რომ კანონმდებლობით ეს პირდაპირ ზეწოლად არ ჩაითვალოს, თუმცა სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის და ლიდერს, რომელიც დემოკრატიულ წინასაარჩევნო პროცესზე დებს თავს, ასეთი ტიპის განცხადებები არ ამშვენებს.

რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, ვფიქრობ შანსები არის 60 40-ის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, მეორე ტური არ იქნება.

ნინო ბურჯანაძე კი დარწმუნებულია, რომ ის უკვე გამარჯვებულია და მომავალი პრეზიდენტიც ის იქნება...

- ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდად ითვლება, რათა კანდიდატმა უფრო მეტი მობილიზაცია მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის და მერყევი ელექტორატის გარკვეული ხმები წამოიღოს თავისკენ.

გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ 27 ოქტომბერს ის ხმების 70-72 პროცენტს მიიღებს. რამდენად რეალურია მისი პროგნოზი?

- ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მარგველაშვილმა პირველ ტურში გაიმარჯვოს. თუმცა, თუ გავაკეთებთ   წინასაარჩევნო ყველა კვლევის ანალიზს, 70-72 პროცენტიანი შედეგის ალბათობა არის ნულის ტოლი. შეუძლებელია, რომ ამომრჩეველის განწყობები, მითუმეტეს, ისეთი ტიპის წინასაარჩევნო პროცესის შემდეგ, როგორიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში, ასე მკვეთრად შეიცვლოს. აქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ პირველ ტურში მარგველაშვილის გამარჯვების შანსი არის ძალიან მაღალი, თუმცა 70-72 პროცენტიანი არა.

ფსიქოპროექტისმიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 56,1 პროცენტით კოალიციაქართული ოცნებისკანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. კვლევის თანახმად, მარგველაშვილინაციონალური მოძრაობისკანდიდატ დავით ბაქრაძეს თითქმის 45%-ით უსწრებს, შედეგების მიხედვით, ბაქრაძეს მხარს უჭერს რესპონდენტთა 11,9 პროცენტი, მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან - ნინო ბურჯანაძე 9,5 პროცენტით და შალვა ნათელაშვილი 3,0 პროცენტით. დაახლოებით ხმების რა რაოდენობდა შეიძლება მიიღოს მარგველაშვილმა?

- პროგნოზების კეთება ძალიან რთულია, რადგან ყველაზე წინასაარჩევნო მარათონი მრავალფაქტორული პროცესია. ამომრჩევლის განწყობაზე, მის არჩევანზე ნებისმიერი მოვლენა თუ ფაქტი მოქმედებს. ბატონ ზურაბ ბიგვავას კვლევას თუ დავეყრდნობით და ასევე გავითვალისწინებთ გარკვეულ ტენდენციას, რომელიც NDI-ის და სხვა კვლევებში დაფიქსირდა, მარგველაშვილის შედეგი შეიძლება იყოს 50-დან 60 პროცენტის ფარგლებში. თუმცა,  გასათვალისწინებელია მერყევი ელექტორატის განწყობებიც. მისი რაოდენობა დღეს დაახლოებით შეადგენს 10-12 პროცენტს. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად შეძლებს სახელისუფლებო პარტია და თვითონ ბიძინა ივანიშვილი, დაარწმუნოს ეს მერყევი ელექტორატი, რომ საკუთარ კანდიდატს მისცენ ხმა.

ისიც ფაქტია, რომ ორი ძირითადი ოპოზოციური კანდიდატის ბაქრაძის და ბურჯანაძის რეტინგები მზარდია...

- თუმცა, ეს არაა იმდენად სეროზულად მზარდი რეიტინგები, რომ მარგველაშვილს პირველობაში. არჩევნების შედეგი სწორედ მერყევი ელექტორატის ხმების პროცენტული გადანაწილების შედეგად გაირკვევა, გაირკვევა ვინ უკეთესად შეძლო არჩევნებზე მიმსვლელი ე.წ. მერყევი ელექტორატის გულის მოგება.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორ გადანაწილდება ხმები და ვინ გავა მეორე ადგილზე. სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავეყრდნობით მეორე ადგილზე გადის ბაქრაძე, მესამეზე ბურჯანაძე...

- როდესაც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის გამარჯვებულია, რასაკვირველია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რასაკვირველია, არის გარკვეული ზრდა მის რეიტინგში, მაგრამ არა ისეთი, რომ საკმარისი იყოს გამარჯვებისთვის. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ მეორე-მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს, არის ის, რომ მათ ამომრჩეველთა ხმების 20-22 პროცენტი მიიღონ. აქედან გამომდინარე, ეს გამარჯვებისთვის სავსებით არაა საკმარისი.

მეორე-მესამე ადგილისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ის, ვინ გახდება პრეზიდენტი.

ბურჯანაძისთვის ეს არის ძალიან სერიოზული ტრამპლინი თვითმართველობის არჩვენებში მონაწილეობისთვის და იქ უკვე, სერიოზული შედეგის დადებისთვის. ხოლო ბაქრაძისთვის შეძლება იყოს პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის ტოლფასი. ანუ, თუ ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე, ეს მისთვის ნიშნავს, რომ ის გახდება ფაქტობრივი უალტერნატივო ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და უფრო ადვილი იქნება მისთვის გარკვეული გარდაქმნების მოხდენა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

რაც შეეხება პროგრამას, არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს უზრუნია ჩამოყალიბებული პროგრამების შედგენაზე. იმას, რასაც ჩვენ დღემდე გავეცანით და გამოქვეყნდა, არის არა საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამები, არამედ საპროგრამო თეზისები. ანუ, გარკვეული პოლიტიკური სურვილების დაფიქსირება და არა მათი ახსნა-განმარტება, როგორ უნდა განხორციელდეს თითოეული თეზისი. ქართულ ოცნებაშიგანმარტავენ, რომ მათი პროგრამაა ის, რაც იყო საპარლამენტო არჩვენების წინ...

- თუ მარგველაშვილი სხვა დაპირებებით წარსდგება, ეს პოლიტიკური პარტიის არასერიოზულობაზე მეტყველებს. ის პასუხისმგებელია და ვალდებულებას იღებს, სამართალმემკვიდრეა იმ დაპირებების, რომელსაც საპარალამენტო არჩევნების წინ იძლეოდა „ქართული ოცნება“. განმეორებას აზრი არ აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტის ფუნქციები სერიოზულად არის შეკვეცილი. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე მომავალი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აღარ იქნება პასუხისმგებელი. ერთი მხრივ, ეს კარგიც არის, რომ არ ხდება ფუჭი და ტყუილი დაპირებების გაცემა საზოგადოებისთვის.

თუმცა არ იქნებოდა ურიგო მომხარადიყო იმ დაპირებების შეხსენება, რომელსაც „ქართული ოცნება“ და თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“ აძლევდა წინა წელს ამომრჩეველს. სამწუხაროდ, ვერც-ერთმა ლიდერმა ბოლომდე ვერ შეძლო თავისი ხედვების მიტანა ამომრჩევლამდე და შემოიფარგლა ე.წ. ლოზუნგებით და სლოგანების რეტრანსლირებით. ძალიან კარგი იქნებოდა თუ მეტი განმარტება მოხდებოდა, თუნდაც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების.

რამდენად არსებობს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის შანსი? 23 კანდიდატია დარეგისტრირებული, აქიდან გამომდინარე კეთდება განცხადება, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნიჰილიზმი ამომრჩეველში და ეს შეიძლება გხდებს დაბალი აქტივობის მიზეზი.

- ამომრჩეველთა აქტივობა შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ ეს კანდიდატთა რაოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული. პრინციპში, პირდაპირ კავშირს, კანდიდატების რაოდენობასა და საარჩევნო ყუთებთან მისულ ამომრჩეველს შორის, ვერ ვხედავ. კვლევებში ჩანს, რომ არჩევნებში მონაწილეთა 80-85 პროცენტს ნათლად და მკაფიოდ აქვს გაკეთებული საკუთარი არჩევანი. დარჩენილია ის რაოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია გადაწყვეტილებაში. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცენტია და უმრავლეს ქვეყნებში სწორედ ასეთი რაოდენობის მერყევი ელექტორატი გვხვდება.

ანუ, ნიჰილიზმი შეძლება იყოს დამოკიდებული ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე: პირველი - ამომრჩეველი არაა სრულად ინფორმირებული, ან მეორე - მან ამ 23 კანდიდატში ვერ იპოვა საკუთარი რჩეული. აქედან გამომდინარე, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას მართებს ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ დაარწმუნონ ელექტორატი საკუთარი პლატფორმის მართებულობაში.

ფრანს პრესისთვისმიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ 24 ნოემბრამდე დატოვებს თანამდებობას. აქვე განმარტავს, „დაჟინებით მოვითხოვ, რომ მეორე ტური არ შედგეს“-ო. პრემიერს ეს განცხადება არის დემოკრატიასთან თავსებადობაში?

- ქართველი ამომრჩეველი ცოტა უცნაური ამომრჩეველია. რაც მეტ ზეწოლას ახდენ მასზე, მით უფრო საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო ყუთთან. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლების დაკვეთა სწორედ მეორე ტური იყოს. ამიტომ, არაა საჭირო, რომ ამ პროცესს შეეწინააღმდეგოს რომელიმე პოლიტიკოსი. არჩევანს აკეთებს მოსახლეობა და არა რომელიმე პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მოსახლეობის გადაწყვეტილებას. პოლიტიკოსები ამ არჩევანს უნდა დაემორჩილონ და მეტი იმუშაონ, რომ შემდეგ არჩევნებზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ.