23 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები გადაეცა.
აღნიშნულ ღონისძიებას რუსთავში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის რებრენდინგის პირველი ეტაპი ქვემო ქართლის რეგიონით დასრულდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეფორმის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება საპატრულო პოლიციის ახალი რეგიონალური დანაყოფები, რომლებიც განთავსდება ახალ, კომფორტულ და თანამედროვე შენობებში; დაიხვეწება საპატრულო პოლიციის მართვის სისტემა.
უახლოეს დღეებში შეიქმნება გურიის რეგიონის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო.
მინისტრი თავის სიტყვაში ასევე შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების თემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის მთავარი მიღწევა არის თავისუფალი არჩევანის უფლება და მისი თქმით, თუ ვინმე შეეცდება ამ უფლების დარღვევას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მინისტრმა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 21 და „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს („პიკაპის“ ტიპის) 3 ახალი ავტომობილით შეივსო. ასევე, გაფართოვდა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახლა უკვე „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს ახალი ავტომანქანებით დაიწყეს პატრულირება წალკის რაიონის მიმართულებით.
გარდა ამისა, რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაიწყო და შემდეგ ქვეყნის რვავე რეგიონში წარმატებით განხორციელდა.