ვინ, რა პროფესიისაა და რითი ერთობა პარლამენტში?

ვინ, რა პროფესიისაა და რითი ერთობა პარლამენტში?

მერვე მოწვევის პარლამენტი ერთი წლის გახდა. ამ მოწვევის დეპუტატები საქმიანობას გასული წლის, 21 ოქტომბერს შეუდგნენ, თუმცა, 150 კანონმდებელიდან საკუთარი ვალდებულებები ცოტამ თუ გაითავისა.

საკანონმდებლო ორგანოში ბევრი ისეთი დეპუტატი მოიძებნება, რომელთაც კანონპროექტი არც დაუწერიათ და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, კოლეგების მიერ მომზადებული ინიციატივებიც კი არ წაუკითხავთ. ამ ტიპის კანონმდებლები, ძირითადად, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით არიან დაკავებულნი და ასევე, საპარლამენტო კულუარების გამომზეურებით.

პარლამენტის 150 კაციანი შემადგენლობა მარტივად შეიძლება დავყოთ - „მუშა“ და „ზარმაც“ დეპუტატებად. რიგი დეპუტატები საბიუჯეტო ანაზღაურებას დამსახურებულად იღებენ, მეორე ნაწილი კი, ფონს თანაგუნდელთა შრომის ხარჯზე გადის და უწყებაში, ძირითადად, პრეტენზიების წამოსაყენებლად არის მოხვედრილი. მაგალითად, დავით ლორთქიფანიძე. აღნიშნული დეპუტატი შესაბამისი კომიტეტების სხდომებს ესწრება, თუმცა, ისე არ აქტიურობს, როგორც ფრაქციის დახურულ სხდომაზე, საიდანაც თითქმის, ყოველთვის მისი ხმა გამოდის. მისი პრეტენზიები კი, ხან ვანში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას ეხება და ხან, მიმდინარე პროცესებში მის ჩართულობას.

საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით, დავით ლორთქიფანიძეს არც ზვიად ზვიადაური ჩამოუვარდება, რომელიც for.ge-ს კითხვას გაექცა - „თუ რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში?“. მან რეპლიკის სახით, მხოლოდ ის მოგვაძახა, რომ „ბევრი რამე გააკეთა“. გაურკვეველია, ყოფილი სპორტსმენი რას გულისხმობდა „ბევრ რამეში“, რადგან ერთი წლის განმავლობაში, მას პარლამენტში ნაციონალებთან „გაწევ-გამოწევის“ მეტი არაფერი გაუკეთებია. მასთან მიმართებაში ერთი დეტალია აღსანიშნავი. ის პრეტენზიებს არ წარმოთქვამს და თან, სპორტისა და გარემოს დაცვის კომიტეტების სხდომებს თითქმის, ყოველთვის ესწრება. ამ მხრივ, ზვიადაური თანაგუნდელებისგან გამორჩეულია, რადგან რიგი დეპუტატების სიზარმაცის გამო, კომიტეტებში ყოველთვის ქვორუმის პრობლემაა. უფრო მეტიც, დილის საათებში ჩანიშნული საკომოტეტო განხილვები ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება, რის გამოც, აპარატის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მხრიდან, დეპუტატთა „თხოვება“ იწყება. „თხოვებაში“ ის იგულისხმება, რომ თუ ესა თუ ის კანონმდებელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება, მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ითხოვებს“ და ქვორუმის შევსების შემდეგ, ისევ აგრარულს დაუბრუნებს, ან პირიქით. იქედან გამომდინარე, რომ ქვორუმის პრობლემა ყველა კომიტეტშია, ამ მოწვევის პარლამენტში „თხოვების“ მექანიზმი კარგად მუშაობს.

ზვიადაურის მსგავსად, კანონპროექტები არ მოუმზადებიათ გოგი ქავთარაძეს, სოსო ჯაჭვლიანს და ომარ ნიშნიანიძეს, თუმცა, ზაზა პაპუაშვილი რამდენიმე ინიციატივის თანაავტორია.

ქავთარაძე ერთწლიან მუშაობას „მოთელვას“ უწოდებს და დანჩენილ სამ წელში გააქტიურებას გვპირდება, თუმცა, ამბობს, რომ ზესტაფონთან მიმართებაში ნაყოფიერად გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად იმუშავა. რიგი კოლეგების მსგავსად, ადაპტაციის პროცესშია ზაზა პაპუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ „რახან, მისთვის პარლამენტი ახალი სამოქმედო ასპარეზია, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილი რანაირად უნდა იყოს?!“, თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ „მისი თვითმიზანი არ არის ვინმეს თავი მოაწონოს, არამედ მისი ვალდებულება პარლამენტში პრობლემებზე საუბარია“.

უმრავლესობის რამდენიმე წევრის მსგავსად, საქმიანობით თავს ვერც უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი მოიწონებს. მაგალითად, თუ ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში პორტის გახსნაზე საუბრობს, მის იდეებს არც ტარიელ ლონდარიძის განცხადებები ჩამოუვარდება, რომელიც თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ბაჩო ახალიას მრჩეველი იყო. უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთა ინიციატივაც ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო, უწყებას განსახილველი საკითხების მიხედვით სტუმრობს. ნაციონალები განსაკუთრებით, ოთხშაბათის პლენარულ სხდომებზე აქტიურობენ, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკურ განცხადებებს ეთმობა. სასესიო კვირის სხვა დღეებში კი, ნაციონალები იმ კომიტეტებს ესწრებიან, რომელზეც აქტიურობას გეგმავენ. მართალია, ისინი პრიორიტეტულ საკითხებს ირჩევენ, მაგრამ სხდომებზე მომზადებულები თითქმის ყოველთვის არიან. საქმიანობის კუთხით, უმცირესობაში გამოსარჩევი სერგო რატიანია. უმრავლესობაში განსაკუთრებით ბეჯითად ახალი დეპუტატი გიორგი კახიანი მუშაობს.

რაც შეეხება თავად საკომიტეტო მუშაობას, ამ მხრივ, ლიდერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომელიც ერთხელ, დილის 11:00 საათზე რომ დაიწყო, 23:00 საათამდე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, როგორც ვახტანგ ხმალაძემ ხუმრობით განაცხადა, „პოლიციის შესახებ წამებული“ კანონი იქნა განხილული. „წამებული“ მართლაც ის სიტყვაა, რომელიც ამ ინიციატივას მიესადაგებოდა, რადგან ხმალაძემ საკითხის მომხსენებელი ლევან იზორია „ლიმონივით გაწურა“. თუმცა, სანამ იზორია ხმალაძის „წამების მეთოდებს“ უმკლავდებოდა, თავად ხმალაძემ პროტესტის ნიშნად, სხდომაც დატოვა.

ხმალაძის კომიტეტის მსგავსად, ნორმალურად მუშაობს - ჯანდაცვის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკურ განცხადებებს თითქმის, ყოველთვის ერიდება და საკითხებზე სიღრმისეულად მსჯელობს. ჯანდაცვის კომიტეტის მსგავსად, მუშაობს გარემოს დაცვის კომიტეტი განსხვავებით, აკაკი ბობოხიძის კომიტეტისგან, რომელიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტში იშვიათად ტარდებოდა და ბობოხიძეც მხოლოდ პლენარულ სხდომებს ესწრებოდა, სადაც ხან, მამრაძეს ურტყამდა და ხან, ბაღათურიასკენ იწევდა. გიორგი ცაგარეიშვილზე კი შეიძლება ითქვას, რომ მუშა დეპუტატია, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ცაგარეიშვილმა გოგა ხაჩიძის გული ვერ მოინადირა, რადგან ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც სხდომებს იმ მოტივით არ ესწრება, რომ „აზრი არ აქვს“. ცაგარეიშვილმა ხაჩიძეს პასიურობის გამო, ხელფასის 10 პროცენტი უკვე დაუქვითა, თუმცა, შესაძლოა, მისმა ხელფასმა ისევ დანაკლისი განიცადოს, რადგან ის უწყებაში, ძირითადად, ფოტო-ვიდეო გადაღებით არის დაკავებული.

აღნიშნული კომიტეტების მსგავსად, მეტ-ნაკლებად მუშაობენ - ირინე იმელიშვილის, გიგლა აგულაშვილის, ზურაბ ტყემალაძის, ეკა ბესელიასა და თედო ჯაფარიძის კომიტეტები, თუმცა, ამ მოწვევის პარლამენეტში, ისევე როგორც წინა უწყებაში „აქილევსის ქუსლია“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. ირაკლი სესიაშვილის კომიტეტში ამ დრომდე არ შექმნილა „ნდობის ჯგუფი“ და ეს არც უახლოეს მომავალში იგეგმება, რადგან უმრავლესობის მოთხოვნას, რომ „ნდობის ჯგუფის“ წევრობის კანდიდატი გივი თარგამაძე არ იყოს, უმცირესობა არ თანხმდება. მართალია, სესიაშვილი კომიტეტის გააქტიურებას ცდილობს, თუმცა, მისი მცდელობა ჯერჯერობით, შედეგს ვერ იღებს, რადგან კომიტეტში ხშირად, ქვორუმის პრობლემაა. უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც კომიტეტში თავდაცვის უწყების 2014 წლის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელათ, სხდომას წევრი დეპუტატების ნაცვლად, ადგილმონაცვლეები - სოსო ჯაჭვლიანი და ომარ ნიშნიანიძე დაესწრნენ. დეპუტატთა „თხოვებით“ ქვორუმი შეივსო, მაგრამ საქმე როგორ გაკეთდა, ეს საკითხავია.

თავდაცვის კომიტეტის მსგავსად, პასიურობს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, რომელიც ნუგზარ წიკლაურის ხელმძღვანელობის პირობებში, მართლაც მუშაობდა. თუ როგორ, ეს შესაძლოა დავის საგანია, მაგრამ ამჟამად, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ გუბაზ სანიკიძის კომიტეტის საქმიანობაზე ვერც კი იმსჯელებ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან ბევრი დეპუტატის მუშაობა რომ „ეფექტური“ არ არის, ამ საკითხზე თავად პრემიერიც საუბრობს, თუმცა, for.ge იმის გარკვევას შეეცადა - დეპუტატები თუ რა პროფესიის არიან.

თურმე, საქართველოს პარლამენტს პროფესიით სამართალმცოდნე 44 დეპუტატი ჰყავს, რომელთაგან ორი დეპუტატი - ლერი ხაბელოვი და შოთა ხაბარელი საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან, როგორც სპორტსმენები.

რაც შეეხება სხვა იურისტებს, მათ შორის არიან - ზურაბ აბაშიძე, გიგლა აგულაშვილი, როლანდ ახალაია, თამაზ ავდალიანი, ეკა ბესელია, ლევან ბეჟაშვილი, თინა ბოკუჩავა, გელა გელაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, დავით დარცემლიძე, კობა დავითაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კახიანი, შალვა კიკნაველიძე, პაატა კიკნაველიძე, მარიკა ვერულაშვილი, ალი მამედოვი, პაატა ლეჟავა, მანანა კობახიძე, თამარ კორძაია, პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, დავით საყვარელიძე, შალვა შავგულიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თინათინ ხიდაშელი, თენგიზ ხუბულური, რუსლან პოღოსიანი, გედევან ფოფხაძე, ლევან ქარდავა, გიორგი ღვინიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით უსუფაშვილი და მარიამ საჯაია. ასევე, პროფესიით სამართალმცოდნეები ყოფილან - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის სპეციალისტი გიორგი მელაძე, ქიმიკოსი ზურაბ მელიქიშვილი, ბიოლოგი ხათუნა გოგორიშვილი და ექიმი, ეკონომისტი დავით საგანელიძე.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურმე, ფიზიკოსები არიან - დავით ბაქრაძე, ვახტან ხმალაძე და გოგლა ჟვანია. მათემატიკოსები - ივანე კიღურაძე, აკაკი ბობოხიძე და მურმან დუმბაძე. ბიოლოგი გოგა ხაჩიძეა, ისტორიკოსები კი არიან - გიორგი კანდელაკი, გია ჟორჟოლიანი, ომარ ნიშნიანიძე, ირმა ნადირაშვილი, დავით ბერძენიშვილი, დავით დარჩიაშვილი, მახირ დარზიევი, მალხაზ ვახტანგაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გუბაზ სანიკიძე. გერმანისტები არიან - გოკა გაბაშვილი და ირაკლი სესიაშვილი, ინგლისური ენის სპეციალისტები არიან - გუგული მაღრაძე, თედო ჯაფარიძე და ირაკლი ტრიპოლსკი. ქართული ენის სპეციალისტები კი არიან - თეიმურაზ ჭკუასელი, აგრონომი გურამ მისაბიშვილი და ომარ მეგრელიძე.

ექიმები არიან - მალხაზ წერეთელი (ექიმი-პედიატრი), ზურაბ ჯაფარიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი ხუნდაძე (ექიმი-ქირურგი) და ნიკოლოზ ყიფშიძე (თერაპევტი). როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, სამკურნალო საქმის სპეციალისტები არიან - ვახტანგ ლემონჯავა, შოთა მალშხია, რომელიც კონფლიქტების კუთხით მუშაობს, გიორგი გოზალიშვილი, კახა ოქრიაშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი ხეჩინაშვილი და გიგი წერეთელი, რომელსაც მეორე პროფესიაც აქვს - სახელმწიფო სამართალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის არიან - მოქანდაკეები და ფილოსოფოსებიც. კერძოდ, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტია - ლევან ბერძენიშვილი, ფილოსოფოსები კი არიან - სერგო რატიანი და მიხეილ მახარაძე. ღვთისმეტყველების პედაგოგია - კობა სუბელიანი, მოქანდაკეა გოგი ოჩიაური, არქიტექტორია გოდერძი ბუკია, ფერწერის სპეციალისტია დემურ ბაშალეიშვილი. პროფესიით ჟურნალისტები კი არიან, გივი თარგამაძე, ანი მიროტაძე, ირინე იმერლიშვილი, ელისო ჩაფიძე და ირაკლი სესიაშვილი.

დეპუტათა ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თურმე, კინო რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი პროფესიით ფიზიკური აღზრდის პედაგოგიცაა. ისევე, როგორც ვალერი გელაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური პროფესიით მწვრთნელია. სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი კი, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალისტი. პროფესიით მსახიობები არიან - პაატა ბარათაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ჯაფარიძე. ნუკრი ქანთარია და გოგი ქავთარაძე კი, დრამის რეჟისორები არიან.

პარლამენტის წევრები ასევე არიან როგორც აგრონომები, ასევე ინჟინრები. მიშა მაჭავარიანი ნიადაგმცოდნეა, ნანა ყეინიშვილი კი, მეხილეობა-მებოსტნეობის და მევენახეობის სწავლული აგრონომი. თამაზ ყაჭეიშვილს კი, პროფესიიდან გამომდინარე, ხილბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია ეცოდინება.

ინჟინრები კი არიან - გოგი თოფაძე, გიორგი ბარამიძე, გიგა ბუკია, კახა ბუცხრიკიძე - გიორგი გაჩეჩილაძე (ინჟინერ-ჰიდროლოგი), თამაზ მეჭიაური, თემურ მაისურაძე, ფატი ხალვაში(ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი), მერაბ კაჭახიძე, სერგო ხაბულიანი, ზურაბ ტყემალაძე, გიორგი კარბელაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც თურმე, იურისტიც ყოფილა.

უნდა ითქვას, რომ პარლამენტს აეროდრომების მშენებლებიც ჰყავს. კერძოდ, თუ ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვის სპეციალისტია, რევაზ შავლოხაშვილი თვითმფრინავმშენებელია, კარლო კოპალიანი სამდინარო ნაგებობებისა და ჰესების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალისტი, გიორგი ფეიქრიშვილი საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ინჟინერი, ზვიად ძიძიგურს კი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა ეცოდინება.

საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე არიან ეკონომისტებიც, რომელთა რიგებში არიან - ვიქტორ ჯაფარიძე, ენზე მკოიანი, გოგი ლიპარტელიანი, პაატა კვიჟინაძე, დავით ლორთქიფანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ნოდარ ებანოიძე, გოჩა ენუქიძე, ნაული ჯანაშია, დავით ჭავჭანიძე, აზერ სულეიმანოვი, თამაზ შიოშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, დავით ბეჟუაშვილი, გელა სამხარაული, გიორგი ვაშაძე, კობა ნაყოფია და დავით ონოფრიშვილი.

საგულისხმოა ერთი დეტალი. გიორგი ვოლსკი, რომელიც შოთა მალაშხიას მსგავსად, კონფლიქტებზე მუშაობს, თურმე, პროფესიით საქონელმცოდნეობის სპეციალისტია.

პარლამენტს საქმიანობისთვის კიდევ სამი წელი დარჩა და შესაძლოა, ზოგიერთმა დეპუტატმა პროფესიის შეცვლა განიზარახოს, ან მარიამ საჯაიას მიბაძოს, რომელიც ამერიკაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, გაემგზავრა. თუმცა, მის მსგავსად, სხვა დეპუტატებსაც შეუნარჩუნდებათ თუ არა კუთვნილი ანაზღაურება, ამას დრო გვიჩვენებს.