ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა პოლიტიკიდან წასვლის კონკრეტული თარიღი. 24 ნოემბრიდან საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. საინტერესოა, გამწვავდება თუ არა პოლიტიკური პროცესები ქვეყანში, მოსალოდნელია თუ არა გარკვეული პროვოკაციები ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველთა მხრიდან?
ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება, შესაძლოა, ბუნებრივად მივიდეს პოლიტიკურ კრიზისამდე, რომლის გაგრძელებაც შეიძლება იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელი პოლიტიკური სურათის შესახებ კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი გადაიფიქრებდა, უკვე ამაოდ. პრემიერმა პოლიტიკიდან წასვლის კონკრეტული თარიღი დაასახელა. რა მნიშვნელობა ენიჭება ამას?
- საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მოხდება 16 ნოემბერს, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მიხედვით 7 დღის ვადაში უნდა წარადგონონ ახალი მთავრობა პარლამენტში. ალბათ, ამიტომაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელი.
ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი 24 ნოემბერს ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის?
- ეს არ ნიშნავს, რომ იხსნის პასუხისმგებლობას. გულწრფელად განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელად არ იქნება წარდგენილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ივანიშვილმი მანამდე ზოგადად საუბრობდა, რომ არჩევნების შემდეგ წავიდოდა თანამდებობიდან, თუმცა არ აკონკრეტებდა, როდის. როდესაც მან დაასახელა კონკრეტული რიცხვი, ეს ნიშნავს, ის აღარ იქნება წარდგენილი მთავრობის მეთაურად. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქვეყანას ახალ პრეზიდენტთან ერთად, მთავრობის ახალი მეთაური ეყოლება, რომელსაც ექნება ძალიან სერიოზული უფლებამოსილებები ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონკრეტული თარიღის დასახელება უბრალოდ, ნიშნავს მარგველაშვილისა და პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას?
- თავიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავიდოდა, ვფიქრობ, ეს იყო გულწრფელი ნაბიჯი, რომელიც ძალიან დასაფასებელია. მას შეეძლო მსგავსი განცხადება არ გამოეტანა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და მხოლოდ შემდეგ განეცხადებინა. მაგრამ ის მოიქცა ძალიან გულწრფელად, როდესაც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თქვა, რომ ის წავა პოლიტიკიდან. ეს იყო, ჩემი აზრით, მცდელობა, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩაეყენებინა თანაბარ ვითარებაში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგაც ყველა თლიდა, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ ამ რაოდენობით პარლამენტში, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცეს ხმა. დღეს მან ჩათვალა, რომ სჯობს წინასწარ განაცხადოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, მარგველაშვილს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ეგონათ ივანიშვილი იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებით, შესაძლოა, დააზარალა კიდეც „ოცნების“ საარჩევნო კამპანია, მან ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.
თუმცა მარგველაშვილი, სავარაუდოდ, პირველსავე ტურში მოიგებს არჩევნებს, ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა ასეთია...
- ეს არ არის კატეგორიული მოთხოვნა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ამ საარჩევნო კამპანიაში „ოცნების“ სტრატეგიული განცხადება, უბრალოდ, დაბალანსების კუთხით. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა ეს იყო იმდენად მომთხოვნი განცხადება, რომ ამაზე რაიმე პოლიტიკური მომავალი ავაგოთ. უბრალოდ, რაკი მან თავისი პირველი განცხადებით, რომ მიდის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გარკვეულწილად დააზარალა „ოცნების“ საარჩევნო კამპანია, ჩათვალა, რომ ასეთი განცხადებით შეიძლება დაბალანსება.
თუმცა მჯერა, რომ პირველი ტური იქნება თუ მეორე, ბიძინა ივანიშვილი ისევე იდგება ხალხის გვერდით, როგორც მანამდე.
ხალხსაც სჯერა, რომ ივანიშვილი მის გვერდით დარჩება, თუმცა რა ტიპის პროცესები შეიძლება განვითარდეს ხელისუფლებაში?
- პროცესები შეიძლება წარიმართოს რამდენიმე მიმართულებით. გარდა იმ დატვირთვისა, რომ პირდაპირი წესით ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, მას აქვს კიდევ სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება საქართველოში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ბაქრაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიმკვიდრა მეორე ადგილი, მაშინ სულ სხვა პოლიტიკური გარემო იქნება, თუ არასაპარტლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავა მეორე ადგილი, სულ სხვა პოლიტიკური ვითარება შეიქმნება საქართველოში.
ასე რომ, ისე განვითარდება მოვლენები, რა შედეგებიც დადგება, ანუ ვინ გავა მეორე ადგილზე. ყველა სხვა არჩევნების დროს აქცენტი გადაგვქონდა, ვინ იქნებოდა პირველი. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში ეჭვი არ გვეპარებოდა, ვინ იქნებოდა პირველი, აქცენტები მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატზე კეთდებოდა. მეორე ადგილი არასდოდეს არ იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ახლა, გარდა პირველი ადგილისა, ძალიან სტრატეგიული დატვირთვა აქვს მეორე ადგილსაც.
სახელისუფლებო კულუარებში ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, 10-15%-ით, მაგრამ ბაქრაძე მოახერხებს მეორე ადგილზე გასვლას, თუნდაც შემორჩენილი სახელისუფლებო ბერკეტების და იმ გამოცდილების გათვალისწიებით, რაც დააგროვა. ამ შემთხვევაში არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ ტექნიკურ მხარეზეა ლაპარაკი...
- ბაქრაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს ხელში. ტყუილად ცდილობს „ნაცმოძრაობა“, დაამკვიდროს აზრი, რომ ის არის ოპოზიციური პარტია. ის არის მეორე სახელისუფლებო პარტია, რომელსაც ხელში ძალიან სერიოზული სახელისუფლებო ბერკეტები აქვს. დაწყებული პრეზიედენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან, სარეზერვო ფონდით დამთავრებული. ამის გარდა, მას აქვს სერიოზული ბერკეტები თბილისის მერიაში, როგორც ადამიანური, ისე ფულადი, ძალიან სერიოზული ბერკეტები ადგილობრივ თვითმმართველობაში, რეგიონებში. გარდა ამისა, ის აკონტროლებს საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ნახევარს, ყველა დონეზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ გუნდში არჩევნების მცოდნე ძალიან სერიოზული სპეციალისტები არიან და ბუნებრივია, ამ ყველა ბერკეტით ისინი შეეცდებიან, რამენაირად, ბაქრაძის მეორე ადგილი უზრუნველყონ.
გამოვა თუ არა ეს, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, ეს არის, რამდენად აქტიურად მივა მოსახლეობა არჩევნებზე, არჩევნების შედეგები ჯამდება არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობით და არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობით. აქედან გამომდინარე, პროცენტები, მეორე ტური და შედეგები იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის აქტურობაზე. თუ ამომრჩეველი ისეთივე აქტიური იქნება, როგორც ის იყო 2012 წლის საპარლამემნტო არჩევნების დროს, სულ სხვა შედეგი დადგება. თუ არ იქნება აქტიური და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი მივა საარჩევნო კომისიაში ხმის დასაფიქსირებლად, ასეთ შემთხვევაში, პროცენტული მდგომარეობაც სხვანაირად დაფიქსირდება და მეორე ადგილის კანდიდატის ვინაობაც შესაძლოა, ამაზე იყოს დამოკიდებული.
დღეს საქართველოში 3,5 მილიონ ამომრჩეველზე ცოტა მეტია რეგისტრირებული. თუ 2 მილიონი მივიდა არჩევნებზე, სულ სხვა შედეგი დადგება, თუ 1 მილიონი მივა - სულ სხვა. ეს განსაზღვრავს იმასაც, ხმების ვინ რა პროცენტულ რაოდენობას დააგროვებს. მაგალითად, 1 მილიონი ამომრჩევლის შემთხვევაში ბაქრაძეს შეიძლება მეტი პროცენტული რაოდენობაც კი დაუფიქსირდეს, რადგან „ნაცმოძრაობას“ ჰყავს ბევრი მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მივა საარჩევნო კომისიაში ხმის მისაცემად. აქედან გამომდინარე, თუ მხოლოდ ის ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინც პოლიტიკურად მოტივირებულია, „ოცნების“, ნაცმოძრაობის და ბურჯანაძის, ხოლო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სულ სხვა შედეგი დადგება.
რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე?
- შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს და დაიწყებს მტკიცებას, აი, სხვა პოლიტიკური ძალის მიერ ჩატარებული არჩევნებითაც დადასტურდა, რომ ისინი არიან მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. ამის შემდეგ უცხოეთიდან დაიწყება ხუთმაგი და ათმაგი მოთხოვნა კოაბიტაციისა. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, მისცემს გარკვეულ ინდულგენციას „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, რადგან შემდგომში თუნდაც სამართლიანი შეკითხვა პროკურატურისა, „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიმართ, იქნება აღქმული, როგორც პოლიტიკური დევნა მთავარი ოპოზიციური პარტიის.
გარდა ამისა, რთული დასასაბუთებელი გახდება, რატომ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ხოლო, თუკი ბაქრაძე არ გავიდა მეორე ადგილზე, თვითონ „ოცნებასაც“ მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა კოაბიტაციის კუთხით. ამავდროულად, ცოტა გაუჭირდება იმის დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები და რატომ უნდა გვყავდეს 4 წლის ვადით ისეთი პარლამენტი, რომელიც პროპორციულად არ ასახავს მოსახლეობის განწყობას.
დასავლურ მედიაში კვლავ ქვეყნდება სტატიები საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ერთ-ერთი ბოლო სტატია ეხება იმას, თუ როგორ შეძლებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი სექტორიდან ხელისუფლების გაკონტროლებას...
- ვფიქრობ, რომ ეს არის შეგნებულად წამოწეული თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც და ახლაც. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის გავლენა იქნება ყოველთვის, იმის მიუხედავად, ის არის პრემიერი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.
შესაძლოა, დღეს, როდესაც ის არის მთავრობის თავმჯდომარე, უფრო ნაკლებად შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზება და ამ თანამდებობის პირობებში, ზოგჯერ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე ლაპარაკი ძალიან სასაცილოა. მას ჰქონდა გავლენა ყველა მთავრობის დროს და მომავალშიც ექნება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ის პრემიერი.
მისთვის გავლენა პრემიერ-მინისტრობას არ მიუნიჭებია - ის დიდი დროის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა საკუთარ ქვეყანას.
როდესაც გავლენაზე საუბრობს, ამავე სტატიაში ავტორი იშველიებს გიგა ბოკერიას კომენტარებს, სადაც ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილმა სპეციალურად აირჩია პოლიტიკურად სუსტი და გამოუცდელი ფიგურა საპრეზიდენტო კანდიდატად, ასეთსავე კანდიდატს დაასახელებს, სავარაუდოდ, თავის მემკვიდრედაც. ხოლო მიზანი არის 90-იანი წლების რუსეთის სიტუაციის გადათამაშება, როდესაც ყველა ოლიგარქის ოცნება იყო კულისებიდან პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლება...
- იქნებ, ახსნას გიგა ბოკერიამ, რატომ დადიოდნენ პრეზიდენტი და სხვადასხვა მაღალჩინოსნები „ნაცმოძრაობის“ მყარი მმართველობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებზე? ეს ოლიგარქიული სტილის მმართველობა იყო თუ ახალბედა მთავრობის დახმარებად ითვლებოდა?
„ნაცმოძრაობას“ ახასიათებს მსგავსი მეთოდები. თვითონაც აღიარებენ, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული, მათი სხვა ლიდერებით დასრულებული, ყველა დადიოდა ბიძინა ივანიშვილთან 9 წლის განმავლობაში და მანამდეც, როცა ამზადებდნენ რევოლუციას. მაშინ ეს დემოკრატიის მხარდაჭერად ითვლებოდა, ახლა კი რატომღაც, კულუარულ მართვად ითვლება.
მოდით ვთქვათ, რამდენი მილიარდერი ჰყავს საქართველოს, თანაც ისეთი, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია საზოგადოებაში საკუთარი ქველმოქმედებით - ვფიქრობ, ერთადერთია. აქედან გამომდინარე, თუ ამ ქვეყანაში ბოკერიას, სააკაშვილს, კახიშვილს, ან ვინმე სხვას აქვს რაღაც კონკრეტულ წრეებზე გავლენა, ბიძინა ივანიშვილს რომ მოსთხოვო, გავლენა არ უნდა გქონდესო, ვფიქრობ, ეს იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ აბსურდული.
არჩევნების შემდეგ ნაციონალების მოსალოდნელი გააქტიურება მოახდენს თუ არა რაიმე ზემოქმედებას მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე რჩება? გვახსოვს დრო, როდესაც ნაციონალებთან ბრძოლას აგებდა ყველა, ისინი ფლობენ ხისტ მეთოდებს, იბრძვიან აკრძალული წესებით. ეს ხომ არ უბიძგებს კოალიციას დაშლისკენ?
- კოალიცია ყველა შემთხვევაში დაიშლება, დღეს შემაკავებელი ბიძინა ივანიშვილია. დაშლაში მე არ ვგულისხმობ, რომ გამოვლენ და განცხადებას გააკეთებენ, ჩვენ ერთად აღარ ვართო. ამ პარლამენტში მათ ეს არ აწყობთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კოალიციის სახელით. მალე კოალიცია დარჩება გადაწყვეტილების მიმღები პირის გარეშე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღვანდელი კოალიცია ყველა საკითხის ახალ პრემიერთან შეთანხმებას დაიწყებს ისე, როგორც ამას ათანხმებდა ბიძინა ივანიშვილთან. ეს ბუნებრივიცაა, არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენის მქონე პრემიერი გვეყოლება.
დღესაც ჩანს, რომ კოალიციაში შიდაპარტიული ოპონირება მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით, შემდგომში, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება, კოალიციაში დაიწყება რაღაც საკითხებზე კონსულტაციები, ვერ შეთანხმდებიან რაღაც გადაწყვეტილებეზე, ბუნებრივია, ინიციატივის ავტორები მიმართავენ ნაციონალებს დამატებითი ხმების მისაღებად, ეს ყველაფერი საბოლოოდ შესაძლოა, ვიზუალურად, დაშლას არ ჰგავდეს, მაგრამ მიგვიყვანს პოლიტიკურ კრიზისამდე.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსტიტუციაში 2/3-იანი ბარიერის შენარჩუნებას, იქამდე, ვიდრე იქნება საზოგადოებასთან შეთანხმებული ახალი კონსტიტუციური მოდელი. ცნობილია, რომ 2010 წელს შემუშავებული კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებას ¾-იანი ქვორუმი სჭირდება. პარალელურად შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში უნდა დადოს ახალი საკონსტიტუციო მოდელი.
ფაქტობრივად, მივიღებთ, რომ ერთი მხრივ, ისეთი ავტორიტეტული ლიდერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ამ მთავრობას აღარ ეყოლება. გარდა ამისა, კოალიციაში დაიწყება შიდა ძვრები, პარტიები შეეცდებიან სულ უფრო მეტი ბერკეტი მოიპოვონ სახელისუფლებო ვერტიკალში. პლუს საკონსტიტუციო კომისია დაწერს ახალ კონსტიტუციას, თუმცა ნაციონალების ხმებს ძალიან დიდი ფასი დაედება.
აქედან გამომდინარე, მივიღებთ სურათს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებული იქნება მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას არ მისცემს იმ საკონსტიტუციო მოდელს, რომელსაც შეიმუშავებს კომისია. ბუნებრივად მივალთ საკონსტიტუციო კრიზისამდე, რომელიც დამთავრდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით. იმიტომ კი არა, რომ ამას მოისურვებს უმრავლესობა ან უმცირესობა, არამედ იმიტომ, რომ ეს იქნება გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში.
პოლიტიკური კრიზისი გადაჭარბებული ხომ არ არის? რამდენად სერიოზული საფრთხეები გველოდება?
- არანაირი საფრთხე არ იქნება, პოლიტიკური პრობლემები აუცილებლად შეიქმნება ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ იმიტომ, რომ როგორც უკვე ვთქვით, მომავალი პრემიერი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილივით ავტორიტეტული. რომ იყოს კიდეც, ამ ავტორიტეტის მოპოვებას დრო სჭირდება. ამასობაში კოალიცია შეეცდება, გამოიყენოს ნაციონალების ხმები. რაც თავისთავად წამოწევს გარკვეულ პრობლემებს პარლამენტში. თუ არ ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თავის მხრივ, ნაციონალები შეეცდებიან, თავიანთი 40%-ით სულ უფრო მეტი ბერკეტი მოიპოვონ. ეს ყველაფერი გააღიზიანებს ხალხს და შეიძლება ნაწილობრივ პოლიტიკური კრიზისის ნიშნებიც გამოიკვეთოს.
თუ არჩევნების შემდეგ არ აღდგა სამართლიანობა, თუ არ შესრულდება კონკრეტული დაპირებები ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ არ შემსუბუქდა მოქალაქეების სოციალური პირობები, საბოლოოდ, ეს ხალხი ერთხელაც გავა ქუჩაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. თუ მოითხოვს, ვფიქრობ, რთული იქნება ამ არჩევნების არდანიშვნის დასაბუთება.
ანუ, ეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესები...
- რა თქმა უნდა, ეს იქნება, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ასეთი ტიპის პარლამენტები, სადაც ხელოვნურად არიან წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები, დიდხანს ვერ ძლებენ და საკუთარ უფლებამოსილებას კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ ასრულებენ-ხოლმე.
ამიტომაც, ჩემი აზრით, საქართველოში მოსალოდნელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეს მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდება, თუ ნინო ბურჯანაძე გავა მეორე ადგილზე. თუ „ნაცმოძრაობა“ გავა მეორე ადგილზე, შედარებით გართულდება ამ მოთხოვნის დასაბუთება საზოგადოების მხრიდან, თუმცა მოთხოვნა აუცილებლად იქნება დაყენებული.