ექსპერტებთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა შეფასებამ ექსპერტებში გაურკვევლობა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტთა კლუბი ახსენა, თანაც, არცთუ სასიამოვნო კონტექსტში.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილი ვალდებულების განცდით მოდის და იგი ერთდერთი იყო, ვინც ექსპერტთა კლუბში მუშაობისას ხელფასზე უარი განაცხადა.
„მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან გიორგიზე. როდესაც ექსპერტთა კლუბი მყავდა, იქ ყველას ხელფასებს ვუხდიდი და ერადერთი კაცი, რომელმაც ხელფასზე უარი თქვა, ეს გიორგი იყო. ეს სხვებს ჩრდილს კი არ აყენებს. მე მყოფნის ჩემი ხელფასიო და მე ვალდებული ვარ, მოვიდე და გავაკეთოო. თუ აიღო ვალდებულება, ის დღე და ღამე მუშაობს. ავადმყოფი კაცი დადის და ერთ გრამს ვერ შეატყობთ იმას, რომ სწრაფვა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
ამის საპასუხოდ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ექსპერტთა კლუბიდან ცხოვრებაში ერთი თეთრიც არ აუღია. პირიქით, ამ კლუბის ცალკეული საჭიროებებისთვის ექსპერტებს ფული თავად დაუდიათ.
„გაურკვევლობაში ვარ და მიჭირს შეფასება, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი. სიმართლე გითხრათ, მის მიერ ნახსენები გიორგი მარგველაშვილი ექსპერტთა კლუბის წევრი იყო თუ არა, მე ეს არ მახსენდება. თავიდან ამ კლუბში ოთხი ექსპერტი ვიყავით, შემდეგ ნელ-ნელა კლუბი გაიზარდა და ახლა, მე მგონი, საქართველოში ვისი სახელიც „ე“-ზე იწყება, ყველა ამ კლუბშია გაერთიანებული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, პრემიერის ნათქვამი ისეთი კონტექსტით იყო გადმოცემული, თითქოს, რაღაც ვალდებულებას გულისხმობდა. თუმცა, რამაზ საყვარელიძის აზრით, რაიმე ვალდებულების გრძნობა, როგორც ჩანს, ამ კლუბის წევრებს არ აქვთ. უბრალოდ, მათი მიზანია, შეულამაზებლად გადმოსცენ ის, რაც არ მოსწონთ.
რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ ექსპერტთა კლუბის პოლიტიკური ორიენტაცია კრიტიკული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ისინი ყოფილი ხელისუფლების შეცვლას დადებითად შეხვდნენ, პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინეს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა და იმ ცვლილებების მიმართ, რაც განხორციელდა. ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების პირობებშიც, როცა კრიტიკული მოვლენები შენიშნეს, ექსპერტთა კლუბმა ამაზეც არ დაიხია უკან.
ექსპერტთა კლუბში რაიმე სახის დაფინანსების შესახებ რამაზ საყვარელიძეს ინფორმაცია არ აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გარკვეული სხვა სამუშაოები შესრულდა კიდეც, სადაც დაფინანსება იყო საჭირო. მაგალითად, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ექსპერტთა კლუბის რომელიმე შრომა დაეფინანსებინა, თუნდაც „დემოკრატიის გზამკვლევი“, რომელშიც თავად რამაზ საყვარელიძეს მონაწილეობა არ მიუღია.
„ოფიციალური სტატუსით, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენჯერმე რჩევით მოუმართავს ბატონ ბიძინას. სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა პიროვნებაც იყო ჩვენთან ერთად, მივსულვართ, გვილაპარაკია და წამოვსულვართ. რამდენჯერმე ბიძინა ივანიშვილი თავად მოსულა კლუბში და საინტერესო შეხვედრა გაუმართავს კლუბის წევრებთან. ამჯერად კი მისი მხრიდან მკაფიოდ ითქვა ექსპერტთა კლუბის სახელი. ამიტომ ეს გაუგებარია. არის ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი, რომლებთანაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ივანიშვილს. ამიტომ რა იგულისხმა ექსპერტების დაფინანსების რეპლიკაში, ჩემთვის უცნობია. ეს მომავალში თუ გაიშიფრება, მეც ძალიან დამაინტერესებს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ექსპერტთა კლუბი არანაირ დაფინანსებას არ იღებს. მათ შორის, პირადად ისიც ანაზღაურების გარეშე ითვლება ამ კლუბის წევრად. თუმცა მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარია არა ექსპერტთა კლუბზე, არამედ იმ ხალხზე, 12-13 კაცზე, ვინც გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში ივანიშვილს სპეციალურად ჰყავდა მიწვეული მრჩევლების სტატუსით.
პოლიტოლოგი კითხვის ნიშნებს არ სვამს გიორგი მარგველაშვილის წესიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვობს, რომ ადამიანის წესიერების განსასაზღვრად ერთადერთი კრიტერიუმი - დაფინანსებაზე უარის თქმა იყოს.
მისი აზრით, თუ მაინცდამაინც დაფინანსებაზეა საუბარი, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ექსპერტული საქმიანობა ისეთივე საქმიანობაა, როგორც ნებისმიერი სხვა. და, თუ ექსპერტს ვინმე დააფინანსებს, ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს ისე, როგორც დამფინანსებლის სურვილია.
„არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მრჩევლებისთვის გარკვეული გასამრჯელო მიეცა. თავის დროზე, მთელი ორი წლის მანძილზე, ექსპერტები ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ვმუშაობდით. ასე რომ, გამონაკლისი არ არის მარტო მარგველაშვილი. უფრო მეტიც, სანამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ცალკეულ საკითხებზე, რომლის საფუძველზეც შემდეგ მოხდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემუშავება. ადამიანთა ისეთი რაოდენობა, რომლებიც იმ პერიოდში ჩართულნი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარეს, რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას არ ჰყოლია და ამან შექმნა გარკვეული იმიჯი „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, მაგრამ საქმეს მხოლოდ ერთი კაცი არასდროს ყოფნის“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტთა კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებლად თავადაც გვევლინებოდა. თუმცა მოგვიანებით დატოვა ეს კლუბი, რადგან უკვე პოლიტიკაში იყო ჩართული.
„როგორც კი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ერთ კვირაში მის გვერდით დავდექი. შესაბამისად, ექსპერტთა კლუბიდან წამოვედი, რადგან ექსპერტთა კლუბის წესდების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა, ან პოლიტიკაში ჩართულობა, ამ კლუბის წევრობასთან შეუთავსებელი იყო. მეტიც, გამოსამშვიდობებელი საღამოც კი მოგვიწყეს იმ ექსპერტებს, რომლებიც წამოვედით ექსპერტთა კლუბიდან. ჩემი წამოსვლის შემდეგ, თუ ბატონმა ბიძინამ დააფინანსა ექსპერტთა კლუბი (და, ჩემს ხელთ არსებული ზოგადი ინფორმაციით, მე მგონი, მართლაც დააფინანსა), ეს არანაირ ვალდებულებას არ ნიშნავდა, რადგან ექსპერტთა კლუბში ყოველთვის იყვნენ განსაკუთრებული აღიარების მქონე პირები და მათი მოსყიდვა შეუძლებლად მიმაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა For.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ვინმეს მოსყიდვის არც სურვილი ექნებოდა ბიძინა ივანიშვილს და არც ექსპერტებს ექნებოდათ სურვილი, რამენაირად მოსყიდულიყვნენ. უბრალოდ, თუკი ბატონი ბიძინა მათ აფინანსებდა, ალბათ, დააფინანსებდა გარკვეული პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივად.
„კარგადაც მოქცეულა ბიძინა ივანიშვილი, თუ ექსპერტთა კლუბი დააფინანსა, რადგან ამ ჯგუფს სჭირდებოდა პროექტების განხორციელება, რათა ადეკვატურად წარმოეჩინა საზოგადოებისთვის თავიანთი საქმიანობა“, - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ექსპერტთა კლუბის ცალკეული წევრები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, ამავდროულად, ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში გვევლინებოდნენ, სადაც 13 ექსპერტი შედიოდა.
ამასთან, ექსპერტი არ მალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრობისას პირადად მან მართლაც აიღო ხელფასი, 5 ათასი ლარის სახით, თუმცა, როგორც ექსპერტთა კლუბის წევრს, ხელფასი არ აუღია.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს არ ახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ექსპერტთა კლუბი ჰყავდა. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ფორმირებისას მათი კლუბის რამდენიმე წევრი ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა. ამის შემდეგ ისინი ექსპერტთა კლუბის წევრებად აღარ ითვლებოდნენ. საუბარია ირაკლი სესიაშვილზე, თედო ჯაფარიძეზე, უჩა ნანუაშვილზე, არჩილ გეგეშიძესა და სხვებზე.