არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.
პროექტში დაკავებული ექსპერტები ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს გასაშუქებლად.
აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.
გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა: „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“
არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 66 სტატია და ნიუსი მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 17-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 45 სტატია, კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ დადებითი განწყობა კი ოთხ პუბლიკაციაში იგრძნობოდა.
მერყევი ამომრჩეველი, სავარაუდოდ, არჩევნებზე არ წავა
თამარ მჭედლიშვილი
როგორც წესი, ამომრჩეველთა შორის ყოველთვის არიან ე.წ. მერყევი ამომრჩევლები. ისინი, ვისაც, ერთი მხრივ, მართლა აქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერც ერთი, მათთვის ცნობილი კანდიდატი, საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიით ვერ არწმუნებს, რომ ხმა სწორედ მას უნდა მისცენ. საბოლოოდ, ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა (დაახლოებით, 10-15 პროცენტი) არჩევნებზე საერთოდ არ მიდის.
როდესაც წინასაარჩევნო სიტუაცია მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს, ასეთ ამომრჩეველთან „მუშაობა“ პოლიტიკური ძალებისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება მედიას, არც მისთვის უნდა იყოს უინტერესო მათი „წაქეზება“ არჩევნებზე წასასვლელად, რადგან ყველასათვის კარგად ცნობილი აქსიომაა - ხელისუფლებას ვირჩევთ ჩვენ, თითოეული ამომრჩეველი. და რაც უფრო დიდია კენჭისყრის დღეს საზოგადოების აქტიურობა, მით უფრო ნაკლებია ყოველგვარი მანიპულაცია საარჩევნო ყუთებთან.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე კვლავ და მორიგად მიწევს იმის აღნიშვნა, რომ რაც არ უნდა მოყირჭებული ჩანდეს საარჩევნო თემატიკა, ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებას მუდმივად ესაჭიროება იმ ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება, რომელზე დაყრდნობითაც თავად განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში მისი ჩართულობა.
სამწუხაროდ, ბეჭდურმა მედიამ მერყევი ამომრჩეველი, ფაქტიურად, არ ჩათვალა ყურადღების ღირსად, თემატურად არ გაშალა კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები და აქტუალურ საკითხებზე მხოლოდ ფავირიტი კანდიდატების მოსაზრებები შემოგვთავაზა. ისიც - სქემატურად. შეიძლება ითქვას, რომ გაზეთებმა ყურადღების ღირსად მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების ნაწილთა კანდიდატები პლიუს ნინო ბურჯანაძე ჩათვალეს. არადა, გულახდილად რომ ითქვას, ამ კვალიფიციური სუბიექტების მიერ წარმოდგენილი, მაგრამ გაზეთების მიერ უყურადღებოდ დარჩენილი კანდიდატების ბიოგრაფიებში იმდენი საინტერესო, მნიშვნელოვანი და სათანადო დოკუმენტებით გამაგრებული ფაქტების მოძიება იყო შესაძლებელი, რომ სულაც არ გამოვრიცხავ, რომელიმეს თავისი ნებით მოეხსნა კანდიდატურა.
ერთი სიტყვით, როგორც წინა და იმის წინა არჩევნებისას, ამჟამადაც გაზეთებმა და ინტერნეტგამოცემებმა არ უერთგულეს პროფესიულ სტანდარტებს. მოქალაქეები სრულად არ იყვნენ ინფორმირებული საარჩევნო პროცესის დეტალებზე; ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად არ იყოს წარმოდგენილი გაზეთების ფურცლებზე და ჟურნალისტები არ მოერიდნენ საკუთარი სიმპათიების გამჟღავნებას სტატიებში. სუბიექტური მიდგომები ჩანდა რესპოდენტებთან ინტევიუებშიც.
და კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი: გასულ კვირას ბეჭდურმა მედიამ კვლავ უყურადღებოდ დატოვა რეგიონებში არსებული პოლიტიკური ფონი, არ მიაწოდა ამომრჩეველს წინასაარჩევნო სამზადისის საერთო სურათი. ერთია, როცა გაზეთი კანდიდატების (მართალია, შერჩევითის, მაგრამ მაინც) დაპირებებს ან მათ მხარდამჭერ ან მაკომპრომიტირებელ მასალებს ბეჭდავს, მაგრამ ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, როგორ იქცევიან ადგილებზე მათი საარჩევნო შტაბები, რა დაპირისპირებები ან, სულაც, ფარული გარიგებები მიდის რაიონებში.
რაც შეეხება კონკრეტულ გამოცემებს: არ უღალატა ტრადიციას „ასავალ-დასავალმა“ და თემურ შაშიაშვილისა თუ ლია ანთიას საშუალებით გვამცნო, რომ „თუ არჩევნები არ გაყალბდება პრეზიდენტი იქნება ბურჯანაძე!“ და“დღეის მდგომარეობით სამეგრელოში მარგველაშვილი წააგებს!“. „PRIME TIME“-მა, ცუდად შენიღბული ანტიბურჯანაძისული კამპანიით დაგვამახსოვრა თავი და არჩევნების შენდგომ „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ პროცესებზე გვესაუბრა. „კვირის პალიტრამ“ კი საერთოდ აუარა გვერდი კანდიდატებს და ცესკოს თავმჯდომარის ინტერვიუ შემოგვთავაზა.
სამართლიანობა ითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორმა გაზეთმა ოდნავ მაინც გაამრავალფეროვანა არჩევნების თემატიკა, როცა „PRIME TIME“-მა ერთ-ერთი უცნობ კანდიდატთად - ნინო ჭანიშვილთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, ხოლი „კვირის პალიტრამ“ - ინფორმაცია ახალი ვებ-პორტალის შექმნის შესახებ, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გამოაქვეყნოს ტექსტური, ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახული იქნება ესა თუ ის საარჩევნო დარღვევა. „ქრონიკამ“ კი ამჯერად გიორგი თარგამაძის ასტროპორტრეტით გაართო ამომრჩეველი.
ყოველდღიური გამოცემებში, ინფორმაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით, „ახალი თაობა“ ლიდერობდა (მართალია, საინფორმაციო სააგენტოების ნიუსების დაბეჭდვის წყალობით). „ვერსიამ“ და „რეზონანსმა“ ყურადღება კვლავ ფავორიტ კანდიდატებზე გაამახვილეს. თანაც „რეზონანსმა“ მკითხველს ამცნო ექსპერტთა მოსაზრებები, რომლის თანახმად, ეს არჩევნები ქართულ ეკონომიკაზე არ აისახა და ბიზნესს ფულს წინასაარჩევნოდ არავინ სთხოვდა.
რაც შეეხება ინტერნეტგამოცემებს - აქაც დაახლოებით იგივე სურათია, რაც ბეჭდურ მედიაში - გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატები, მათი შანსები და ამ კანდიდატთა მოლოდინები. თუმცა გამოვყოფდი „for.ge”-ს, რომელმაც მკითხველისთვის საკმაოდ დამაფიქრებელი თემა შემოგვთავაზა: ესაა კანდიდატების მიერ ამომრჩევლებისათვის გადაგდებული „მატყუარა“ - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დაპირება.
დასკვნის სახით კი ერთს დავძენ: თუკი შევადარებთ ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის წინასაარჩევნო აქტიურობას, ამ უკანასკნელმა აშკარად „დაჯაბნა“ გაზეთები და ინტერნეტგამოცენები. ისინი საარჩევნო პროცესებს უფრო სრულყოფილად და შედარებით ობიექტურად აშუქებდნენ.
საინტერესოა, როგორ გააშუქებს ბეჭდური მედია თავად არჩევნების დღეს, რამდენად სრულყოფილი იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამას უკვე ერთი კვირის თავზე შევიტყობთ.
არავითარი ინფორმაცია… მხოლოდ, საინფორმაციო ომი!
როზი ჯღამაია
აგერ, უკვე, მეექვსე კვირაა, მონიტორინგის ჯგუფი წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს ქართულ პრესაზე და ყოველი ახალი კვირა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გასულ კვირეებს. სამწუხაროდ, პრესას არც ამ კვირას უღალატია ტრადიციისთვის და 14 - 20 ოქტომბრის ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვაც, ვერაფერს ახალს ვერ შესთავაზებს მკითხველს.
კარსმომდგარი არჩევნების მიუხედავად, ამომრჩეველს ვურჩევთ ინფორმატიულობისთვის სხვა ალტერნატივას მიმართოს, ვინაიდან, ამჯერადაც, საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთთან კინკლაობას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე საკუთარ პროგრამებს. ქართული პრესაც ამით კმაყოფილდება და ტვინის ჭყლეტას, შერჩეული რესპოდენტების რეპლიკების გაშიფვრას ამჯობინებს.
პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერვიუებზე აგებულია, სადაც არც კითხვებში იგრძნობა წინასაარჩევნო სიტუაციის ანალიზის დიდი სურვილი. გაზეთების ის მცირე ნაწილი, რომელიც არც რესპოდენტების ძებნით იწუხებს თავს, საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს, სადაც არც ფაქტებია მოშველიებული და არც არგუმენტები. გამოცემები საკუთარ „ანალიზს“ ხან „ლოგიკურად“ ასაბუთებენ, ხანაც სასურველს რეალობად წარმოაჩენენ.
არც ისაა სიახლე, რომ პრესის დიდი ნაწილი, თითქმის, ნეგატივზეა ფოკუსირებული და იმის ნაცვლად, მკითხველისთვის გასაგებად ხსნიდეს, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ კანდიდატს, პირდაპირი აგიტაცია იგრძნობა - რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი კონკრეტულ საპრეზიდენტო კანდიდატს.
ესეც ქართული არჩევნების კიდევ ერთი თავისებურებაა, რომელიც ყველაზე კარგად, ზოგადად, ქართულ მედიაზე აისახება.
წინასაარჩევნოდ, პრესის მთელი აქცენტი არჩევნების მეორე ტურზეა გადატანილი - ბურჯანაძე თუ ბაქრაძე - სხვა საფიქრალი პრესას არ გააჩნია. თუმცა, რეალურად, ეს ყველაფერი რომ მმართველი გუნდის კანდიდატის ირიბ პიარს ემსახურება, ამაზე, ალბათ, პრესა არც დაფიქრებულა.
გასული კვირა მის „წინამორბედს“ იმითაც გავს, რომ ყველაზე „ჭარბად“ ამჟამადაც ნინო ბურჯანაძეა წარმოდგენილი. ხან ბურჯანაძე იძლევა ინტერვიუს, ხანაც მისი მხარდამჭერები და ყველანი ერთი და იგივე თემატიკაზე - „არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე“ - ამახვილებენ ყურადღებას.
არცერთ გამოცემაში არ დასმულა კითხვა - რას ემყარება ბურჯანაძის მხარდამჭერთა არგუმენტები და შესაბამისად, ამის ასახნელად არც რესპოდენტები იწუხებენ თავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრესის დიდი ნაწილი ნინო ბურჯანაძეს უთმობს დიდ დროს, რაც ბურჯანაძის აქტიური კამპანიითაც არის განპირობებული და ამის დასტურია რამდენიმე სარეკლამო სტატია, რომელსაც რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი ახლავს.
ბურჯანაძეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გაზეთი „პრაიმ ტაიმიც“, თუმცა კონკრეტულ გამოცემაში ბურჯანაძეზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაცია იბეჭდება.
მაგალითისთვის, პირველი სტატია დასათაურებულია შემდეგნაირად: „ქუჩის დედოფალი“, სადაც ვკითხულობთ: „ნინო ბურჯანაძე ისევ ქუჩაში გავა და ისევ პროვოკაციაზე წავა, ისევე როგორც 26 მაისს“ და იქვე, ციტატა მეორე სტატიიდან: „თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ის გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ქუჩაში ვითარების „აყირავებით“ იმუქრება...“. ამას მოყვება ჟურნალისტის „ლოგიკა“ - „არჩევნების შემდეგ „გაშიშვლებული“ ბურჯანაძე იჭერს თადარიგს, რომ გავლენები პარლამენტში მოიპოვოს“. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჟურნალისტის სუბიექტური აზრია, რომელიც არავინ იცის, თუ რას ეფუძნება.
გაზეთი „ასავალ დასავალიც“, ასევე, აქვეყნებს ბურჯანაძის მხარდამჭერებთან ინტერვიუებს, სადაც გიორგი მარგველაშვილის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის გარდა არაფერი იკითხება. ყველა სტატია უარყოფითი ტონალობისაა: „თუ არჩევნები არ გაყალბდება, პრეზიდენტი იქნება ბურჯანაძე. ბურჯანაძეს ნაცებიც და ოცნებელებიც ერთნაირი სიძულვილით ებრძვიან“; „ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ზუგდიდში 2500 კაცი ძლივს შეგროვდა! ხალხი იმედგაცრუებულია“; „ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბებისთვის ემზადება!“
გაზეთი „ახალი თაობაც“ წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველს კახა კუკავას უარყოფით განცდებს აცნობს: „ივანიშვილი და სააკაშვილი ერთ და იგივე ფილოსოფიის მატარებელი ადამიანები არიან“. დანარჩენი წინასაარჩევნო ინფორმაცია კი ნინო ბურჯანაძეს ეხება, სადაც იგი დადებით კონტექსტშია მოხსენიებული.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ გასულ კვირას წინასაარჩევნო თემატიკაზე ნეიტრალური ხასიათის სტატიებს გვთავაზობს, სადაც აქცენტი არჩევნების სპეციფიკას ეხება.
გაზეთი „ქრონიკაც“ წინასაარჩევნოდ ბურჯანაძეს უთმობს საკუთარ გვერდს. ნინო ბურჯანაძე: „მე არც-ერთს ვთვლი ჩემს კონკურენტად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“ და იქვე, მეორე სტატიაში, ჟურნალისტის მოსაზრება: „ნაციონალების გეგმის ნაწილია, რომ დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე უნდა გავიდეს, ნინო ბურჯანაძე - მესამეზე და საპროტესტო ტალღა აგორდეს. მთავრია, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და დანარჩენზე უკვე „ნაცები“ იზრუნებენ“.
გაზეთ „რეაზონანსში“ საარჩევნო თემატიკა გაცილებით მრავალფეროვანია, თუმცა სერიოზულ ანალიზს ვერც აქ ვკითხულობთ. რესპოდენტები საარჩევნო შედეგების ფალსიფიცირებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების შედეგებზე საუბრობენ. გაზეთი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე („გიორგის ვურჩევდი, მეორე ტურში არ მიეღო მონაწილეობა“) ექსპერტების კომენტარებსაც გვთავაზობს, რომელიც მეტწილად უარყოფითია: „პრემიერმა მარგველაშვილს საჯაროდ, დაახლოებით, ასეთი რამ უთხრა - თუ მეორე ტურში გახვალ, მე მხარს არ დაგიჭერო“ და „ივანიშვილმა თქვა, მე რომ მენდობით, იმიტომ უნდა აირჩიოთ მარგველაშვილი, დამოუკიდებელი ფიგურა არ არისო“.
გაზეთი „ვერსიაც“ წინასაარჩევნოდ გვთავაზობს მარგველაშვილის მხარდამჭერ სტატიებს: „პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძალაუფლებას მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენებს“ და „გიორგი მარგველაშვილი იქნება სახალხო პრეზიდენტი!“. ბურჯანაძის „სამომავლო გეგმებს“ ვერც „ვერსიამ“ აუარა გვერდი - ბურჯანაძე „შეფიცულების“ მობილ-ჯგუფებს აღადგენს და 24 ოქტომბერს, „ლოკომოტივზე“ აქციას ჩაატარებს!“, ეს სტატიაც „კულუარულ ინფორმაციას“ ეფუძნება.
გასული კვირის „ვერსიაშიც“ ასევე ვკითხულობთ ნეგატიური ხასიათის სტატიებს: „მითები და კომპრომატები დავით ბაქრაძეზე“ და კობა დავითაშვილთან ინტერვიუს - „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია ვერ მოხერხდა „ქართული ოცნება“ გამოაშკარავებულია“.
უნდა ითქვას, რომ გასული კვირის ქართული პრესა წინასაარჩევნოდაც ისეთივეა, როგორიც არჩევნების შუალედში - არავითარი ინფორმაცია, მხოლოდ საინფორმაციო ომი!