სწრაფი გადახდის ბიზნესი სასწრაფოდ შველას ითხოვს

სწრაფი გადახდის ბიზნესი სასწრაფოდ შველას ითხოვს

სწრაფი გადახდის ბიზნესი შველას საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. მთელი სექტორი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ამიტომაც 22 ოქტომბერს სებ-ის შენობასთან (იუსტიციის სახლთან) ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ. კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სებ-მა მათ გადასარჩენად ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს.

სწრაფი გადახდის ბაზრის მოთამაშეები ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას ითხოვენ. კომპანიებმა საქმის არსში გარკვევა და დახმარება პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებსა და ბიზნესომბუდსმენს სთხოვეს.

როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები შეიცვალა, რომლის მიხედვითაც მობილური ოპერატორების (“მაგთიკომი”, “ჯეოსელი” და “ბილაინი”) მომხმარებლები თავად იხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს. როგორც მაშინ მობილურმა ოპერატორებმა განმარტეს, საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია განსაზღვრავდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სწრაფი გადახდის კომპანიებმა 4%-იანი საკომისიო დააწესეს, ხოლო „საქართველოს ბანკმა“ ნულოვანი საკომისიო.

სწრაფი გადახდების ბიზნესი ამბობს, რომ “საქართველოს ბანკის” სერვისი “ექსპრეს ფეი” იმდენად კარგ პირობებშია ჩაყენებული, რომ ისინი მას კონკურენციას ვეღარ უწევენ.

თითქოს ეს არ კმაროდა, სწრაფი გადახდის ბიზნეს მორიგი მძიმე დარტყმა “თიბისიმ” მიაყენა. “თიბისი ფეის” მიერ მობილურის ბალანსის შევსებაზე ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკმაც 0%-იანი საკომისიო განსაზღვრა.

„ეს სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესის ბანკებისთვის გადაბარებას ნიშნავს“, - აცხადებს „ნოვა ტექნოლოჯისა“ და „მგგს საქართველოს“ ლობისტი, ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ბანკმა და „თიბისიმ“ სწრაფი გადახდების ბაზარი გადაინაწილეს, რითიც სექტორი გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენეს.

„ბანკებმა ჩაყლაპეს სექტორი, ამით რას მიიღებს ხელისუფლება? ბიუჯეტში გადასახადებს ვინ გადაიხდის ან რომელი ინვესტორი შემოვა?“ - აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისივე თქმით, „ოესემპეს“ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომსახურება უკვე შეუჩერა და მომხმარებელს მისი საშუალებით ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის საშუალება წაართვა, რისი მიზეზიც, ჩარგეიშვილის განმარტებით, „ოესემპეს“ ფინანსური დავალიანება გახდა.

უახლოეს მომავალში გაკოტრების საფრთხე, შესაძლოა, „ნოვა ტექნოლოჯისაც“ დაემუქროს და ბაზარზე საგადახდო სისტემის ერთადერთი მაკონტროლებელი ბანკი მივიღოთ.

„აუცილებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამუშავება, აქამდე რომ ეროვნულ ბანკს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, კომპანიები ამ შედეგამდე არ მივიდოდნენ“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

საბოლოოდ ამ ეტაპზე „ნოვა ტექნოლოჯიმ“ მომხმარებლის 40% უკვე დაკარგა. ეს პროცესი კი გრძელდება. სწრაფი გადახდის ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათი ჩაძირვის შემდეგ, ბანკები მოსახლეობის ჯიბეში ხელის ჩაყოფას დაიწყებენ. „ბანკების სწრაფი გადახდის აპარატების ქვითრებზე აწერია, რომ უპროცენტო მომსახურება 1 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში, სხვა კომპანიები გაკოტრდებიან, ხოლო ბანკები ამ მომსახურებას უფრო გააძვირებენ, მოსახლეობას კი ალტერნატივა აღარ დარჩება“, - ამბობს ჩარგეიშვილი.