2012 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღიად აცხადებდა, რომ ხელისუფლების, უბრალოდ, აღარ სჯეროდა. რაც უნდა მომხდარიყო, ვინც უნდა დაეჭირა ხელისუფლებას, მოსახლეობა მაინც უნდობლად იყო განწყობილი. მაშინდელი მთავრობა ამას არ დაგიდევდათ და „ომობანას“ წლების განმავლობაში თამაშობდა. საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „ტერორისტებსა და ჯაშუშებს“ აკავებდნენ და ციხის გზას უყენებდნენ, თანაც თავისუფლების აღკვეთის წლებს კანფეტებივით ურიგებდნენ. ჰოდა, ასე ხვდებოდნენ ციხეში მწყემსები, ტაქსის მძღოლები (სპეცოპერაცია კოჭოია), ექსპერტები და უბრალოდ, რიგითი ადამიანები, რომლებსაც რეალურად სიტყვა ტერორიზმისა თუ ჯაშუშობის სრულად განმარტებაც არ შეეძლოთ. ხელისუფლება კი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობდა ქულების დაწერას და საქართველოში მოჭარბებულ ნაცარს უცხოელებს თვალში აყრიდა, თუმცა ბოლო წლებში მათი უკვე უცხოელებსაც აღარ სჯეროდათ. აღარ სჯეროდათ იმდენად, რომ ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა, თავის დროზე, საკუთარ განცხადებას ქართული ტიტრები დაადო, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები მის სიტყვებს ზუსტად გადათარგმნიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ „წარმატებად“ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი ხურჩის ინციდენტზე დროული რეაგირება ითვლებოდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, სოფელ ნაბაკევიდან, არჩევნებზე მომავალი მოსახლეობით დატვირთული ორი ავტობუსი სროლაში მოჰყვა. ქართულმა მხარემ „ოპერატიულად“ იმოქმედა და ადგილზე არამარტო კბილებამდე შეიარაღებული სამაშველო ჯგუფი გაჩნდა, არამედ რამდენიმე ტელევიზია და ყველაფერი, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში გადაიღეს. მაშინ ორივე ავტობუსი დაიწვა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და 4 ამომრჩეველი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ნაციონალებმა, მაშინ, ხელი აფხაზებისკენ გაიშვირეს, ისინი კი გაოცებული ამბობდნენ, ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის, მოსახლეობა თავად ქართველებმა გაიმეტესო. დაჯერება იმისა, რომ არჩევნებში წარმატების და ყურადღების სხვა თემაზე გადატანის გამო, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას იარაღს ესროდა, მაინც ძნელი იყო. ძნელი იყო ევროპელი პარტნიორებისთვის და მათ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება გადაწყვიტეს...
ხურჩის ინციდენტზე ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები, ივარ დალე და ოგე ბორჩგრევინკიც წერდნენ. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ ფაქტის ობიექტურად გამოძიებას და თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართული. დალე და ბორჩგრევინკი სოფელ ხურჩას აფეთქების მეორე დღეს ეწვივნენ. თვითმხილველებმა მათ უამბეს, რომ ქართველი ამომრჩევლები საქართველოს მიმართულებით ხმის მისაცემად მართლაც მოემგზავრებოდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ სხვა რამეც უამბეს.
„ავტობუსები ხურჩის სტადიონზე გაჩერდნენ, სადაც მოგვიანებით აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე იქ უკვე იმყოფებოდნენ ტელეჟურნალისტები. ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა? კიდევ ერთი რამ აეჭვებს ჩვენთან ერთად ადგილზე მისულ გაეროს სამხედრო ექსპერტს. იმ ყუმბარის სროლა, რომელიც ავტობუსებს მოხვდა, განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. თან მისი სროლა მხოლოდ ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი“, - ეს განცხადება დალემ და ბორჩგრევინკიმ 23 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს და დალემ იქვე დაამატა: „აფეთქების ტრაგიკული სცენარი წინასწარ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ყურადღება არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადაეტანათ...“
დალეს და ბორჩგრევინკის პრესკონფერენციას გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ანგარიში მოჰყვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოფელ ხურჩასთან, რომელიც ბუფერული ზონის სიახლოვეს მდებარეობს, ყველაზე სერიოზული ინციდენტო მოხდა. ამჯერად მასიური ორმხრივი სროლა ფეხბურთის მოედნის ირგვლივ მიმდინარეობდა, სადაც ძირითადად, გალის რაიონის მოსახლეობა შეკრიბეს იმისთვის, რომ ავტობუსებით ზუგდიდიში ხმის მისაცემად წაეყვანათ. გამოძიებისას გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ფეხბურთის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა გაიქცა, ხოლო ცარილი ავტობუსები ყუმბარმტყორცნებიდან დაცხრილეს და ააფეთქეს. სამი ადამიანი საავადმყოფოში მიიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი. ქართული უშიშროების ძალები შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისროდნენ ნეიტრალური ტერიტორიის მიმართულებით. ინციდენტი სრულად გადაიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა. ქართულმა მხარემ ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მაშინვე აფხაზურ მხარეს დააკისრა. აფხაზურმა მხარემ უარყო ამ ინციდენტთან ყოველგვარი კავშირი.
მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი, საიდანაც თავდამსხმელები ისროდნენ, ავტობუსებიდან, დაახლოებით, 100 მეტრით იყო დაშორებული და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ მყარი მტკიცებულებები თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი შეუსაბამობაა. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე გადაიღეს, თითქოს იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა. ვითხოვთ, რომ UNOMIG-მა (გაეროს სადამკვირვებლო მისია) გააგრძელოს გამოძიება“.
რა თქმა უნდა, ქართულ მხარეს ეს არ მოეწონა, აფხაზურმა მხარემ კო ბოლომდე „გამოგვისვა ცელი“ და ტელევიზიით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის, რომან შამათავას მობილური ტელეფონი ატრიალა, რომელიც თურმე შამათავას იქ დარჩა, საიდანაც ავტობუსს ესროდნენ(?!). სწორედ შამათავა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს მაშინდელი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს 22 ოქტომბერს სამართალდამცავებმა. როგორც ირკვევა, სწორედ მათ მიერ იყო მოწყობილი ინციდენტი და ავტობუსებს „ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან სწორედ მურღულიამ გაუხსნა ცეცხლი და ადგილზე დაფერფლა.
მართალია, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ძნელია დაკავებულები პირდაპირ დამნაშავეებად გამოაცხადო, თუმცა ფაქტია, რომ მათი დაკავების ვერსია და ბრალდება რეალობასთან ძალიან ახლოა. საქმე ისაა, რომ რეალურად აფეთქება პირდაპირ ეთერში გადაიღეს. ოპერატორს კამერა შტატივზე ჰქონდა დაყენებული და აფეთქების შემდეგ ის არც განძრეულა. ექსპერტთა ვარაუდით, სროლა იმ ადგილიდან მოხდა, სადაც ოპერატორი იმყოფებოდა და... სამწუხაროდ, ესეც რეალობასთან ახლოა.
სიმართლეს აღარ მალავენ ადგილობრივებიც, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მათთან ორი უცნობი ადამიანი მივიდა და ინციდენტამდე, ცოტა ხნით ადრე, სოფლელებს სთხოვეს, რომ მათ გაყოლოდნენ, რადგან გადაღებისთვის ხალხი იყო საჭირო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძნელია იმის დაჯერება, რომ შამათავამ და მურღულიამ ერთპიროვნულად გადაწყვიტეს ხურჩაში ინციდენტის მოწყობა და ეს ხელისუფლების უმაღლეს პირებს არ შეუთანხმეს. ძნელია იმის დაჯერება, რომ ხელქვეითმა მაშინ დიდების ზენიტში მყოფ ვანო მერაბიშვილს გაუბედა და მის გარეშე ერთი ტყვია გაისროლა. და ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე ხმამაღლა აცხადებს:
„ჯერჯერობით ამას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაველოდოთ, ვნახოთ რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოო ჯამში. რასაც ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ასეა. ლოგიკას ვერ ვხედავ მოსახლეობის დანიშნების მიზნით, რატომ უნდა მოეწყო ხელისუფლებას ტერაქტის იმიტაცია. რატომ უნდა დაგვეშინებინა მოსახლეობა? - ძალიან საინტერესოა...“
რა გამოდის? ბობოხიძე ისევ „ტყემალზეა“ და არ სჯერა, რომ მისი მეგობრები ხალხს აშინებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა თბილი სკამები შეენარჩუნებინათ? ტყუილია ის, რომ კადრი არ ინძრევა აფეთქების დროს და როცა მოსახლეობა წივილ-კივილით გარბის, ჟურნალისტი და ოპერატორი მშვიდად „ანავაროჩებენ“ კადრებს და ხედს და განათებას არჩევენ? ტყუილები დასრულდა ბატონო კაკო, რეალობა კი მწარეა, მაგრამ ატანა მოგიწევთ და... იმედია, მალე მორიგი სპექტაკლების კულისებშიც შევიხედავთ.