საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მოვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მოქმედ თუ ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრა გადაწყვიტა. შეხვედრის ადგილად „შერატონ მეტეხი პალასის“ ყველაზე დიდი საპრესკონფერენციო დარბაზი შეირჩა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მერე სკამებიც დაამატეს, დარბაზში ტევა არ იყო. ვის აღარ ნახავდით აქ - ოლიმპიურსა თუ მსოფლიოს ჩემპიონებს, ვეტერანებსა თუ ახლადფეხადგმულ სპორტსმენებს. ყველას სურდა მარგველაშვილთან შეხვედრა და მისი არამარტო მოსმენა, არამედ კითხვის დასმაც. მოდიოდნენ ვეტერანები და მხრებით ის ტვირთი მოჰქონდათ, წლების მანძილზე რომ ზიდეს, სისხლითა და ოფლით სხვადასხვა ქვეყნების მოედნებსა თუ საჭიდაო ხალიჩებზე, ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს სახელი მსოფლიო რუკაზე ნათლად დაატყვეს. მათი შემხედვარე უნებურად შედრკებოდი და მოწიწების გრძნობა გაგიჩნდებოდა. სანამ შეხვედრის გახსნით სიტყვას ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი ამბობდა, გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ ხალხის თვალიერებით იყო გართული და თვალები უბრწყინავდა.
„ვაღიაროთ, დასამალი აღარ არის, რომ ბევრი სპორტსმენის და მთლიანად სპორტის სახელი წინა ხელისუფლებამ ლაფში ამოსვარა. სამწუხაროდ, სპორტსმენები ზონდერ-ბრიგადების შექმნასთან გააიგივეს და ვაღიაროთ, რომ ეს ასეც იყო. მართალია ყველა არა, მაგრამ ბევრმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ბევრი მისი თუ მისი ოჯახის წევრის დაჭერით შეაშინეს და საბოლოოდ, ის მივიღეთ, რომ თუ „ვარდების რევოლუციამდე“ სპორტით 300 ათას ადამიანზე მეტი იყო დაკავებული, ეს რიცხვი 35-40 ათასამდე შემცირდა“, - განაცხადა ხაბარელმა და სიტყვა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვს გადასცა.
„ოპონენტების მხრიდან მუდმივად ისმის, რომ ჩვენ სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდეთ. არადა, ეს სპორტსმენები 4 წელი ემზადებიან ამისთვის. ის, რომ მხოლოდ 5 სპორტსმენს აქვს ლიცენზია, გამამართლებელ საბუთად ვერ გამოდგება. მთავარი მონაწილეობაა, დაფიქსირება იმისა, რომ ვარსებობთ და ეს ყველამ უნდა გაიგოს. თუ ოლიმპიადის გახსნის დღემდე სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ მონაწილეობა სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო იქნება, არ წავალთ, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა და ვფიქრობ, მონაწილეობა აუცილებელია. მე არაერთხელ მისაუბრია გიორგისთან და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის დაასახელა ბატონმა ბიძინამ პრეზიდენტობის კანდიდატად. ჩვენ, სოპრტსმენებს ავტორიტეტი გვაქვს, აქ ყველა თაობას ვხედავ და ამაყი ვარ. დასრულდა შიშისა და დაჭერების ეპოქა, დასრულდა ის, რომ სპორტსმენებს ათასგვარ სიბინძურეში იყენებდნენ, ახლა ყველა ჩვენს საქმეს გავაკეთებთ“, - დაამატა ხაბელოვმა.
მერე იყო სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის მოკლე სიტყვა და მარგველაშვილის ჯერიც დადგა.
„განათლების სამინისტროში მოკლევადიანი მუშაობის მიუხედავად, ამაყი ვარ იმით, რომ მოვახერხეთ და გაისად ფიზკულტურის აკადემია, რომელიც გააუქმა წინა ხელისუფლებამ, ისევ მიიღებს სტუდენტებს, უფრო მეტიც, მას უნივერსიტეტის სტატუსი მივანიჭეთ და იმედი მაქვს, აბიტურიენტები არჩევანს მომავალში სწორედ ამ სასწავლებელზე გააკეთებენ. ის დრო, როცა მხატვარს ეუბნებოდნენ, როგორ უნდა დაეხატა, მწერალს, როგორ დაეწერა, ხოლო სპორტსმენებს, როგორ უნდა ევარჯიშათ, დამთავრდა. პოლიტიკოსებმა უკანა პლანზე უნდა გადავიწიოთ და ასპარეზი საკუთარი საქმის პროფესიონალებს დავუთმოთ. მე არ ვიცი, როგორ უნდა გავწვრთნა ბავშვი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში და ამას არც არასდროს დავიბრალებ. დასრულდება ეს მახინჯი კოაბიტაციაც და კანონებს, რომლებსაც ვიღებთ და რომლითაც ვცდილობთ მოსახლეობას ყოფა შევუმსუბუქოთ, პრეზიდენტი ვეტოს აღარ დაადებს. აქ არამარტო მონოლოგის წასაკითხად ვარ მოსული, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს მოვუსმინო და არსებული პრობლენების შესახებ გავიგო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
რეალურად, სათქმელი და სატკივარი, ალბათ, ყველას ჰქონდა, მაგრამ სპორტსმენთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კითხვებითა და წუწუნით პრეზიდენტობის კანდიდატი არ გადაღალეს, ერთი ეგ ჰკითხეს, არცერთ მთავრობას სპორტი პრიორიტეტულ მიმართულებად არ ჰქონია და თქვენ რას აპირებთო, რაზეც მარგველაშვილმა მიუგო: „მე მახსოვს 13 მაისი და გაერთიანებული ხალხი, მახსოვს ის თითოეული წამი, რომელიც ქართველი სპორტსმენების წარმატებას მოჰქონდა და მადლობა ამისთვის. შესაბამისად, მინდა, სპორტი იმ დონეზე განვითარდეს, რომ ეს წამები და წუთები ძალიან ბევრი იყოს. დავიანგარიშე კიდეც და მოსახლეობის რაოდენობისა და ტერიტორიის მიხედვით, არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰყავს იმდენი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, რამდენიც საქართველოს. ნიჭიერი ერი ვართ ამ მხრივ და ამ ნიჭს განვითარების საშუალება უნდა მივცეთ“...
შეხვედრის შემდეგ ოლიმპიადის ყველა სინჯის მედლის მფლობელს, 7 ოლიმპიადის მონაწილეს, ქალბატონ ნინო სალუქვაძესა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, მოჭიდავე გურამ საღარაძეს გავესაუბრეთ.
გურამ საღარაძე: მიხარია, რომ აქ ვარ, მიხარია, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ანუ იმ დროის შემდეგ, რაც სპორტს ვემსახურები, პირველად რეალურად მესმის ის, რაც აქამდე მინდოდა გამეგო. საქმე ისაა, რომ დაპირებებს სხვებიც იძლეოდნენ, მაგრამ მარგველაშვილს გვერდში ისეთი კაცი უდგას, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ბატონმა ბიძინამ კი საკუთარი პრიორიტეტები არაერთხელ დაგვანახა და თან წლების წინ. ვის ახსოვდა სპორტსმენები, როცა ივანიშვილი გვეფერებოდა და ხელის გულზე ტარებას ცდილობდა? მჯერა, ქართველი ხალხის სიბრძნის და იმის, რომ 1 ოქტომბერს დაწყებულ საქმეს ოქტომბერშივე ლამაზი გამარჯვებით დააგვირგვინებს...
ნინო სალუქვაძე: გოეთეს აქვს ნათქვამი, როცა მიზნისკენ მიდიხარ, თუ ყველა ძაღლს, რომელიც დაგიყეფს ქვა ესროლე, მიზნამდე ვერ მიხვალო. ეს გავახსენე კიდეც გიორგის და ვუთხარი, რომ მეორე ტურში მონაწილეობა თუ გახდა საჭირო, აუცილებლად მიიღოს. იცით რა მიპასუხა? ამის თქმით მე უკან კი არ ვიხევ, პირიქით, თავდასხმაზე გადავდივარ, რადგან მჯერა, რომ ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და გავიმარჯვებო. რაც შეეხება სპორტის ჩემს სახეობას, ტყვიის სროლას, გიორგის შვეიცარიის მაგალითი მოვუყვანე. ეს ნეიტრალური ქვეყანაა და რა დონეზეა განვითარებული, თავადაც იცით. ჰოდა, ამ ქვეყანას ყველა დაბასა თუ სოფელში (ქალაქებზე რომ არაფერი ვთქვათ), ტყვიის სროლის შემსწავლელი ცენტრები აქვს გახსნილი და ვისაც სურს, მიდის და სწავლობს. ჰოდა, ნახევარზე მეტი შვეიცარიაში კარგად ისვრის. ეს სტრატეგიულადაც გამართლებულია და იგივეს გაკეთება აზერბაიჯანმა და სომხეთმაც დაიწყეს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ანალოგიური პროექტი შევთავაზე და ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ განხორციელდება...
ამის შემდეგ სპორტსმენები უკვე განვლილ წლებზე საუბრობდნენ და ბოლოს ერთი სახალისო ფაქტიც მოხდა - ნიკოლოზ დერიუგინს ტელეფონზე მეგობარმა დაურეკა, სად ხარ, მე ამ შეხვედრაზე ვარ და ვერ გხედავო. გაგიჟდა ორმეტრიანი გიგანტი, მე თუ ვერ მხედავ, მაშინ შეხვედრაზე არ ყოფილხარო... სპორტსმენებიც სიცილით დაიშალნენ.