აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარში ერაყელები ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. შესვლის უფლება მხოლოდ ქართველ ქალებს აქვთ. ასეთი უცნაური აკრძალვის მიზეზს კაფე-ბარის მეპატრონეები არ განმარტავენ.
როგორც გავარკვიეთ, ახლადგახსნილი კაფე-ბარი, რომელსაც ჯერ კიდევ სახელწოდება არ აქვს, მხოლოდ ღამის საათებში მუშაობს. მისი დაცვის წევრები ქართველი ბრგე მამაკაცები არიან, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით ქართველ კაცებს უარით ისტუმრებენ.
ასეთი აკრძალვით შეურაცხყოფილი დარჩა ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია. ჩვენთან საუბარში იგი იხსენებს, რომ პრემიერის შემდეგ ღამის საათებში დავით აღმაშენებლის გამზირზე ორ მსახიობთან ერთად ჩაიარა. ამ დროს შენიშნეს, რომ, სავარაუდოდ, აღმაშენებლის 136 ნომერში, სადაც ადრე ძველი მინიატურების თეატრი, მოგვიანებით კი კაზინო „ასტორია“, ქართველი ბიჭი კარებთან იდგა, შუქი ბრდღვიალებდა და მათ შიგნით შესვლა გადაწყვიტეს.
თუმცა ქართველმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასტიკად აუკრძალა, თქვენი შემოსვლა არ შეიძლებაო. როცა იკითხეს, რა იყო ამის მიზეზი და კლუბური სისტემა ხომ არ ჰქონდათ, უპასუხეს, უბრალოდ, აკრძალული გვაქვს, ქართველი კაცები აქ არ უნდა შემოვუშვათ, თორემ სამსახურს დავკარგავთ, ქართველი ქალების შემოსვლა კი შეიძლებაო.
„ვუთხარი, ბიჭო, ვინ ხარ საერთოდ, სადაური ხარ-მეთქი. მე აქაური ვარ, მაგრამ სამსახურიდან გაგვაგდებენ ქართველი კაცების შეშვების გამოო. პირდაპირ ვკითხე, რა, დაკეტილი პონტია? - არ არის ეს თქვენი საქმე, - იყო პასუხი. ამის შემდეგ გამოვიდა კიდევ 5-6 ქართველი დაცვის ბიჭი და მათაც გაგვიმეორეს, შესვლა არ შეიძლებაო. ვუთხარი, ვერ გავიგე, თქვენ ქრისტიანები ხართ, ვის იცავთ ჩემგან? მაგათ იცავთ ქართველისგან-თქო? ბიჭო, შიგნით რომ შევიდე, რამეს მიზამ-მეთქი? - როგორ არაო, - დამემუქრა. შაჰ-აბასს რომ ჰყავდა ამწიოკებელი ქართველები, ზუსტად ისინი გამახსენდა. ამ კაფეს ღამე აღებენ, ათზე თუ თერთმეტზე და მერე კეტავენ. არ ვიცი, შიგნით რა ხდება. დავით აღმაშენებლის პროსპექტს მალე, ალბათ, ათა-თურქის სახელს დაარქმევენ“, - აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.
მისი თქმით, ჩვენმა სახელმწიფომ - საქართველომ უცხოელები აქ შემოუშვა, ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არიან და ამ დროს დავით აღმაშენებლის გამზირზე კაფეში არ უშვებენ ადამიანს. ზურაბ ვადაჭკორიას საწინააღმდეგო არ აქვს, თუკი უცხოელს საქართველოში ბიზნესი ექნება, მაგრამ ეს ქართველი კაცისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს.
იგი აცხადებს, რომ 48 ქვეყანა მოუვლია, ირანშიც ყოფილა, არაბეთშიც, მაგრამ მათი ტრადიციებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ისიც ეეჭვება, ქართველმა კაცმა არაბეთში, ირანში ან თურქეთში რომ გახსნას კაფე და იქაურებს შესვლა აუკრძალოს, იქ დატოვებენ?
„თანაც, ამას მიკრძალავს ქართველი, რომელიც მათ ყარაულობს, რომ ამ ადამიანებს ფუფუნება არ შეელახოთ. არადა, ეს ქართველები სუფრაზე საქართველოზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე სადღეგრძელოებს ამბობენ. რა მნიშვნელობა აქვს, საუკუნეების წინ ქართველების თანადგომით რომ აწიოკებდნენ საქართველოს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ახლა ამ ე.წ. ქართველებს სხვანაირი სამსახური აქვთ, მაშინ სხვა სამსახური ჰქონდათ. იმ დროსაც იმით იმართლებდნენ თავს, ჩვენ სამსახური გვაქვს და ფულს ვიღებთო. თანაც, მითხრეს, ჩვენი რა ბრალია, მიდი და მთავრობას მოსთხოვე პასუხიო. განა, მთავრობა ეუბნება მაგათ, ქართველი კაცი არ შეუშვათო? ნამუსზე წინ კუჭი არ უნდა დააყენონ. როგორ უნდა დადგე ისეთ სამსახურში სამუშაოდ, ქართველს რომ უთხრა, შენი ფეხი აქ არ დავინახოო. მე ასეთ სამსახურში არ გავჩერდებოდი“, -აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ჩვენ ერთ-ერთი პლეხანოველი მამაკაციც გვესაუბრა, რომელიც აღშფოთებას არ მალავდა. ისტორია აქაც იგივეა: ის და მისი მეგობრები ამ ბარში დაცვის წევრებმა არ შეუშვეს.
„ზუსტად ვერ გეტყვით, ეს კაფე-ბარი ერაყელებისაა თუ ვისია, მაგრამ არაქართველებისაა. შესვლა არ შეიძლება, ქართველ მამაკაცებს არ ვუშვებთ, ქალქები -კი ბატონოო. გამოდის, ქართველი კაცების გარდა ყველას უშვებენ. არ ვიცი, დისკოტეკაა თუ კაფეა. ჩვენ ეგენი შემოვუშვით, ვაცხოვრებთ, გადავყევით, ისინი კი იგნორირებით გვპასუხობენ. არასამთავრობოები სხვა რამეებზე რომ წივიან, ამაზე რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, რომ ეროვნების ნიშნით არ შეუშვან ადამიანი?! ეს რომ იყოს დახურული კლუბის სისტემა, კიდევ გასაგებია, რომ შესაბამისი ბარათი უნდა გქონდეს. მე დაბადებული და გაზრდილი ვარ თბილისში, ტოლერანტობა ევროპელებისა და ამერიკელებისგან არ გვესწავლება. სტუმარ-მასპინძლობა ჩვენს გენში დევს. მარტო ძველი თბილისის მონაკვეთში მეჩეთი, სინაგოგაა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მეგობრულნი, მაგრამ ისინი რომ ასე იქცევიან, ეს შეურაცმხყოფელია“, -აღნიშნა პლეხანოველმა მამაკაცმა.
მისი თქმით, პირადად მან თავი მოთოკა, არადა, ახალგაზრდებს, ან თინეიჯერ ბავშვებს შესაძლოა, ჩხუბი აეტეხათ და მაშინ იმ უდანაშაულო ბავშვებს სამაგალითოდ დაიჭერდნენ, რომ თურმე სხვა ეროვნების ადამიანები შეაწუხეს.
„ჩემთვის ეს იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, ვკითხულობდი, რატომ? ვისზე ნაკლები ვარ? ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანაა და მინდა, ჩემს ქვეყანაში ასე არ მომექცნენ. ირანში რომ ჩავალ, მათ ტრადიციას პატივს ვცემ და ალკოჰოლს არ დავლევ. ყველამ უნდა ვცეთ ერთმანეთის ტრადიციებს პატივი. მთელი პლეხანოვი ხომ თურქებით აივსო, ღამით ბავშვის გაყვანა აღარ მინდა“, -აღნიშნა ჩვენმა რესპოდენტმა.
როგორც გავარკვიეთ, აღნიშნულ ფართს კომპოზიტორთა კავშირი აქირავებს უცხოელებზე. ამიტომ კომპოზიტორ კახა ცაბაძეს დავუკავშირდით. მან დაადასტურა, რომ ზემოთა სართულზე ფართს ფლობენ თურქები, ხოლო -პირველ სართულზე შპს „ბაღდადის“ წარმომადგენლები, რომლის სრული დასახელებაც ზეპირად არ ახსოვდა, დოკუმენტები კი სამსახურში ჰქონდა.
კახა ცაბაძე აცხადებს, რომ უცხოელები მათთან მივიდნენ და მათაც, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, სამწლიანი ხელშეკრულება დაუდეს. ამდენად, მათი პრეროგატივა აღარ არის, თუ ვის შეუშვებენ ახალი მეპატრონეები აღნიშნულ ფართში.
„ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ ეს ფართი კაფე-ბარის მოსაწყობად სჭირდებათ. რაღაც პერიოდი, სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ და ისიც არ ვიცი, თუ დაიწყეს ფუნქციონირება. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა, მაგრამ ქართველ მამაკაცებს ცოტა სხვა რამეზე უნდა გავუბრაზდეთ. მოიცათ, ახლა, ქართველი ქალები რომ შედიან ამ კაფეში, ეს არ არის ამ ქალებისთვის შეურაცხმყოფელი? რატომ შედიან მარტონი? როცა შევლენ ეს ქალები იმ კაფეში, სწორედ მათ უნდა დაუხვდნენ წინ. კაცი არ შეუშვან კაფე-ბარში და მხოლოდ ქალი შეუშვან, ასეთი რამ ხელშეკრულებაში ნამდვილად არ ჩაგვიდია. პირველად არ ხდება, რომ ფართს უცხოელები ქირაობენ“, -გვითხრა კახა ცაბაძემ.
ჩვენ დავინტერესდით, თუ იყო ამ ხელშეკრულებაში ბაღდადელების ტელეფონი მითითებული, თუმცა კახა ცაბაძემ გვკითხა: „მათთან რა საქმე გაქვთ? არ ვიცი, რატომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს. უცნაურ რამეს მეკითხებით“.
როცა ვკითხეთ, რომ ქართველებისთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, შეურაცხმყოფელი იყო სტუმრის ასეთი საქციელი, კომპოზიტორმა გვითხრა, „რა ვიცი, იქნებ, რა შეატყვეს იმ კაცს, იქნებ, ნასვამი იყო?!“ თუმცა, როცა ჩვენგან შეიტყო, რომ ეს ადამიანები ნასვამები არ ყოფილან, გვითხრა: „ორივე მხარის სიმართლე უნდა დავადგინოთ. მეც დავადგენ ამას და გავარკვევ, მაგრამ ზოგი კაცი არც არის შესაშვები. სახლში ყველას ვერ შევუშვებთ. იქნებ, ისეთი ტიპის კაფე-ბარია, სადაც ფრაკის ან კოსტიუმის გარეშე შესვლა არ შეიძლება და მათ სათანადოდ ვერ აუხსნეს?!“
ჩვენ დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს - ნინო ლომჯარიას, თუმცა მან დეტალების გარკვევამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. უბრალოდ, აღნიშნა, რომ, თუ აღნიშნული კაფე-ბარი კერძო მფლობელობაშია, მათ შეუძლიათ, შეუშვან ის ადამიანები, ვინც მათ სურთ. აქ საუბარია კლუბური შეხვედრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებეზე. ხოლო, თუ ობიექტი საჯარო დაწესებულებათა რიცხვს განეკუთვნება, მაშინ გენდერული დისკრიმინაცია დაუშვებელია.