ცვლილებები ჩინოვნიკებისთვის

ცვლილებები ჩინოვნიკებისთვის

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ბედი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის. დღემდე ფიქრობდნენ, რომ ეს შენობა სასტუმროსთვის ზედგამოჭრილი იყო. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევდა, რომ ავლაბრის რეზიდენცია საკმაოდ საინტერესო ადგილზე, თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარეობდა, საიდანაც კარგი ხედები იშლებოდა. თუმცა მთავრობის კანცელარიის აპარატის უფროსი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ავლაბარში, შესაძლოა, რომელიმე სამინისტრო განთავსდეს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ხმები, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიდოს ბინა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, სხვადასხვა ვარიანტებზე მიმდინარეობს მსჯელობა და შესასწავლია ავლაბრის რეზიდენციის ფართობიც.

სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია ახალი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი. არჩევნების შემდეგ მომავალი პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში გადავა.

„სანამ ათონელზე მდებარე ამერიკის ყოფილი საელჩოს შენობის რეკონსტრუქცია არ დასრულდება, მანამდე ახალი პრეზიდენტი იმუშავებს კანცელარიაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცვლილებებია ჩინოვნიკებისთვის მანქანების შეძენის თვალსაზრისითაც. აქამდე საზოგადოების ნეგატიურ განწყობას იწვევდა, როცა თანამდებობის პირები ძვირადღირებული ჯიპებით გადადგილდებოდნენ. ამიერიდან მათ მოთხოვნილებას გააკონტროლებენ. კერძოდ, საქართველოს მთავრობაში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ავტომობილების შესყიდვის ტიპსა და კლასს თანამდებობის მიხედვით განსაზღვრავს.

კომისია დააზუსტებს, სამსახურეობრივი მანქანა რომელ თანამდებობის პირს ეკუთვნის და რომელს - არა. ასევე, განისაზღვრება, რა ღირებულების და ტიპის მანქანა იქნას შესყიდული ამა თუ იმ თანამდებობის პირისთვის.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, აშენებული რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის რეზიდენცია, მაშინ კიდევ გამართლებული იქნებოდა და ნაკლებ დანახარჯებს გამოიწვევდა მომავალი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის მოწყობა მთავრობის კანცელარიაში ან ათონელზე, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე არსებობს აშენებული რეზიდენცია, ამიტომ სრულებით გაუგებარია, ამხელა რეზიდენციაში რატომ უნდა განთავსდეს საგარეო საქმეთა ან რომელიმე სხვა სამინისტრო?!

„ძალიან უცნაური მიდგომაა. პრეზიდენტის რეზიდენციას რატომ ვეძებთ სხვაგან? რახან სააკაშვილმა ააშენა? სხვა ქალაქში რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ, თუ თბილისში უნდა შეირჩეს ადგილი, ეს აშენებული და გამზადებულია. უკეთეს შემთხვევაში, ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება, მინისტრთა კაბინეტი განთავსდეს და მთლიანად მთავრობა გადავიდეს და არა მარტო - პრეზიდენტი. ერთი პრეზიდენტისთვის, რომლის უფლებამოსილებებიც შეცვლილია, ძალიან დიდია ეს შენობა. არ ვიცი, რა მოცულობის და ტევადობისაა, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტ ხარჯებს და იწილო-ბიწილოს თამაშს აჯობებს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის, რაც უკვე არსებობს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიაც ადასტურებს, რომ ავლაბრის რეზიდენცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან დიდი შენობა იქნება. ამასთან, იხსენებს, რომ თავის დროზე პირადად მან შეარჩია ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა და მის მიმართ პიროვნული დამოკიდებულება აქვს.

„წინათ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილ პლეხანოვზე მდებარეობდა და სულ რაღაც სამ ოთახში ეტეოდა. კომუნისტების დროსაც გვქონდა ანალოგიური სამინისტრო, მაგრამ მაშინ ის ფორმალური კანტორა იყო და საგარეო ფუნქციებს არ ასრულებდა. მე რომ მივედი ამ სამინისტროში, სულ 29 კაცი მუშაობდა, თავისი ტენიკური პერსონალითა და საპასპორტო განყოფილებით, რაც კურიოზია. ვეძებდით ნორმალურ შენობას და ამასობაში გაიზარდა პერსონალის რიცხვი, შეიქმნა სხვადასხვა სამმართველო და მე რომ დავტოვე სამინისტრო, იქ უკვე 150 კაცამდე იყო. მცირე ფართში ვეღარ ეტეოდნენ და ჩიტაძეზე მდებარე შენობა შევარჩიეთ. თანაც, ფასადურადაც პარადული, საზეიმო შენობა იყო, კომპლექსურად ახლოს მდებარეობდა მთავრობის სახლთან, კანცელარიასთან, პარლამენტთან. ამ მხრივ სავსებით გაამართლა. ახლა კი შესაძლოა, აღარ ჰყოფნით ეს შენობა, მაგრამ ავლაბრის რეზიდენცია ნამეტანი დიდი იქნება“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მისივე თქმით, უმჯობესია, თუ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას კულტურის სახლად გადააქცევენ და მას გადასცემენ მხატვრებს, მწერლებს, მუსიკოსებს თუ სამუზეომო სფეროს წარმომადგენლებს. აქ შეიძლებოდა, ყოფილიყო დიდი კომპლექსი, თავისი საგამოფენო, საკონცერტო დარბაზებით, გალერეებით და არა - ბიუროკრატიული აპარატისთვის - სამინისტროსთვის.

რაც შეეხება მომავალი პრეზიდენტის რეზიდენციას, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ ათონელზე, ამერიკის ყოფილ საელჩოში განთავსდება, გოგი ხოშტარიას აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, შენობა ამერიკელების იყო, თუ მონღოლების. მთავარია, რომ აღნიშნული შენობა დღევანდელმა პრეზიდენტმა უნდა იმყოფინოს, რადგან ამჟამად პრეზიდენტს ის ფუნქციები აღარ აქვს, რაც ჰქონდა.

რაც შეეხება სხვა სახის ცვლილებას, რომელიც სამსახურეობრივი ავტომანქანების ღირებულებასა და ტიპს განსაზღვრავს, მისი შეფასება „დემოკარატიული მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ოგბაიძეს ვთხოვეთ.

შალვა ობგაიძე აცხადებს, რომ საქართველო მენტალობით მაინც რჩება შავი ვოლგების ქვეყნად. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შავი ვოლგა ითვლებოდა არა სატრანსპორტო საშუალებად, არამედ გარკვეული სტატუსის ხაზგასმად. აზროვნების ამ შტრიხს გაგრძელება, სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც გააჩნია. თუმცა შავი ვოლგა ჩაანაცვლა მოსიარულე ციხე-სიმაგრეებმა, ანუ ძვირად ღირებულმა ჯიპებმა.

რატომღაც ქართველი ჩინოვნიკები ერთნაირი მონდომებით, განურჩევლად ყიდულობენ ჯიპებს და არავინ აქცევს ყურადღებას, მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში გადაადგილდება უწევთ თუ რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში.

„უმეტესწილად, თანამდებობის პირების მხრიდან ჯიპები გამოყენებული არ არის პირდაპირი დანიშნულებით, არამედ გამოყენებულია სტატუსის ხაზგასასმელად. ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ და დადგა დრო, შევებრძოლოთ ამ მენტალიტეტს. კარგია, როდესაც მაია ცქიტიშვილი ცდილობს, ერთგვარად დააოკოს ჩინოვნიკების მადა, რომელთაც ბიუჯეტის, ანუ ჩვენს ხარჯზე სურთ, არამიზნობრივი ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა. ამან ერთგვარი შეჯიბრის სახეც მიიღო. საკმარისია ერთმა დეპარტამენტმა შეიძინოს ჯიპი და შემდეგ მას ბაძავს სხვა სამინისტროს სხვა დეპარტამენტიც. ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვის რომელი მარკის მანქანა ეკუთვნის“, - აცხადებს შალვა ობგაიძე.

მისი თქმით, ჩინოვნიკებმა ქამრის შემოჭერის, ეკონომიური ცხოვრების წესის დამკვიდრების და ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილებით გაადგილების მაგალითი უნდა მისცენ თანამოქალაქეებს. მით უფრო, რომ ადამიანი გადაადგილდება ასი ათასიანი თუ 12 ათას დოლარიანი მანქანით, ეს მის უშუალო ფუნქციების შესრულებას ხელს არ უშლის.

ამასთან, შალვა ობგაიძის აზრით, სასურველია ლიმიტის დადგენა, რათა თანამდებობის პირმა, ან შესაბამისმა უწყებამ ახლადშეძენილი მანქანა ისე შეინახოს და მოუაროს, რომ ნაკლები საამორტიზაციო დანახარჯი ჰქონდეს, მათ საწვავის ლიმიტიც უნდა განესაზღვროთ, რათა მანქანა თავიანთი ოჯახის წევრების აღმა-დაღმა სასიარულოდ არ გამოიყენონ.

„პირადად მყავს ნანახი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, როგორ მოვიდა „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილით ერთ-ერთი შეხვედრისას, ყოველგვარი მყვირალა, ზედმეტი გაცილებების გარეშე. სკანდინავიურ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში ძალიან ბევრი პრემიერი და თანამდებობის პირი ველოსიპედით გადაადგილდება, რადგან უზნეობად მიაჩნიათ ძვირადღირებული ავტომობილით მოძრაობა, როცა მათ თანამოქალაქეებს გარკვეული სოციალური პრობლემები აქვთ და ქვეყანაში ერთგვარი კრიზისია. კარგი იქნება, თუ ევროპას ამაშიც მივბაძავთ“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

თუ როგორი ავტომობილები შეეფერებათ ჩვენს ჩინოვნიკებს, მისი თქმით, ადამიანი თვითონ უნდა ალამაზებდეს მანქანას და არა - პირიქით. ამიტომ შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საშუალო ევროპული კლასის მანქანა, „გოლფ-კლასის“ ავტომობილი სავსებით საკმარისია გადაადგილებისთვის, თუკი არ არის გამიზნული მთაგორიან, რთულ რელიეფურ პირობებში ან ზამთარში სასიარულოდ. ამასთან, მათ ღირებულებას თუ შევადარებთ თანამედროვე ჯიპების ღირებულებას, სხვაობა აშკარაა. ნებისმიერი ჯიპის ღირებულება იწყება 60-70 ათასი დოლარის ეკვივალენტიდან, ხოლო „გოლფ-კლასის“ მანქანები დაახლოებით 15-დან 25 ათასამდე დოლარის ფარგლებში მერყეობს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირა ფიქრობს, რომ ჩვენს ჩინოვნიკებს ძვირადღირებული ავტომანქანებით გადაადგილება თითქმის ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი და, ლოგიკურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არც არსებობს, თუ მათ გარკვეული შეზღუდვა არ დაუწესდათ. თუმცა პოლიტოლოგს ეეჭვება, ახლად შექმნილმა კომისიამ საბჭოთა დროიდან მოყოლებული ეს პრობლემა აღმოფხვრას.

„საქართველოში ეს საკითხი სულ იდგა და მოგვარებული არ მინახავს. ალბათ, უფრო სხვა მიდგომებია საჭირო. ჩვენს ჩინოვნიკებს თავად როცა ჰქონდათ არჩევანი, ისინი ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობდნენ. არადა, მთავრობამ, რაც შეიძლება, ნაკლებ მყვირალა მანქანებით უნდა იაროს, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა. უბრალო ადამიანები არ უნდა გააღიზიანონ, რადგან კაცს საჭმლის ფული არ აქვს. გასაგებია, რომ ეს მანქანა მათი კუთვნილება არ არის და სახელმწიფოს საკუთრებაშია, მაგრამ ფული ხომ საერთო ბიუჯეტიდან იხარჯება?“ - კითხულობს ვახტანგ ძაბირაძე.