განცხადებაში არ ფიგურირებს კონკრეტული პიროვნებები; სათაურის შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება ტექსტის შინაარსს, რომელიც ძლიერ შეურაცხყოფს ოჯახს, დედა–შვილობას და ყოველივე წმინდას, რასაც მართლმადიდებლობა ესოდენ დიდი სასოებით უფრთხილდება.
ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, ქალბატონ ქეთევან ბექაურის და ბატონ გელა ნიკოლაიშვილის მიერ გადმოცემული განცხადება, მათი ხელმოწერით, უცვლელად გამოქვეყნდეს.
მანანა არჩვაძე–გამსახურდია
2010 წლის 15 ივლისი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატების განცხადება
1. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი ფიზიკური ზეწოლა და იძულება, არავითარი მოწამვლა. იგი მოუწოდებს მის მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ დაუჯეროს მსგავს ინფორმაციებს, თუ ისინი არ დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით, თუნდაც ამ ინფორმაციების გავრცელების წყარო იყოს მისი ოჯახის რომელიმე წევრი.
2. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა 8 ივლისს, ხუთშაბათს და მას შემდეგ დღეში ერთხელ იღებს მცირე საკვებს.
3. ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ყველაფერი, რასაც მას აბრალებენ, თუ მისცემენ 15 წუთით პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალშიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს დათო ბესტაევისა და ყველა იმ ავადმყოფი პატიმრების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად, რომელთა მიმართაც ხორციელდება წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა.
4. ცოტნე გამსახურდია ასევე უკმაყოფილებას და საყვედურს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი არაჯეროვნად რეაგირებენ პატიმართათვის შექმნილ გაუსაძლის პირობებზე.
5. ცოტნე გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა შეწყდა საავადმყოფოში განთავსებულ პატიმართა წამება (ყოველ შემთხვევაში, მის ყურამდე აღარ აღწევს მათი წამების ხმები).
6. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ არათუ არ მოითხოვს ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა დასჯას, რომლებიც გარემოებებმა აქციეს ჯალათებად, არამედ ამის წინააღმდეგია, თუმცა, ეს არ ეხება ციხეში მომუშავე კონკრეტულ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც უნდა აეკრძალოთ პროფესიული საქმიანობა.
ჩვენს პროფესიულ მოვალეობად მიგვაჩნია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნის შესრულება და მისი პოზიციის საჯაროდ განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ არ ვიზიარებთ ყველა მათგანს.
ქეთი ბექაური, გელა ნიკოლაიშვილი