ზურაბ ჟვანიას საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი-პრემიერის საქმეზე FBI-ის დასკვნა არ გამოაქვეყნეს იმ მოტივით, რადგან მისთვის ჟვანიას სახელი წმინდათაწმინდა იყო. ის ამბობს, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ რა მოხდა. ცნობილი ხდება საქმის ახალი დეტალი და როგორც ირკვევა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების მსჯელობის საგანი არ ყოფილა, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავის არეში რაიმე ტიპის დაზიანება მიყენებული. მთავარმა პოკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმეში ახალი გარემოებებია. ამასთან, ჯერ გარკვეული არ არის თარიღი როდის გაუკეთდება ზურაბ ჟვანიას ცხედრას ეგზჰუმაცია.
„ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის ბევრ ძაან ღრმა და ისეთ დეტალს და ნამდვილად, ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის, ვინმე მისი ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და მისი ხსოვნა ჩემთვის არის წმინდათაწმინდა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცებია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და „ასავალ- დასავალის“ ჟურნალისტებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრემიერს ძმა, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალების მიხედვით, შეიცვლება გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
პრემიერის გარდაცვალების შემდეგ ვრცელდებოდა ეს ვერსია, თუმცა ამ ვერსიაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველად გააკეთა განხადება. ის ამბობს, რომ ყოფილი პერმიერის რეპუტაცია, სახელი და ხსოვნა არის წმინდათაწმინდა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცებია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. რაზე მიანიშნა სააკაშვილმა?
გოგლა ჟვანია: სააკაშვილი განცხადებები ყოველთვის დამყარებულია სიცრუეზე, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და ეს ახალი არაა. ძალიან შორს რომ არ წავიდე, მაგალითისთვის - აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა გამარჯვება გვაზეიმა ყველას. რაც შეხება უშუალოდ ამ საქმეს, სააკაშვილი თავს იკავებდა დეტალებზე საუბრისგან იმ ვერსიაზე, რომელსაც მაშინ ავრცელებდნენ, მაგრამ ამ საქმეს რასაც დღეს უკვე თვითონ სააკაშვილი აკეთებს, სხვადასხვა მეთოდებით აკეთებდა მისი გარემოცვა. ამას აკეთებდნენ სპეცსამსახურები და უჩუმრად ვრცელდებოდა ეს ვერსია. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ არავის არ ჰქონოდა სურვილი ამ საქმეში ქექვის.
სააკაშვილი ამბობს, რომ FBI-ის დასკვნა არ გამოაქვეყნეს იმ მოტივით, რადგან მისთვის ჟვანიას სახელი წმინდათაწმინდა იყო. ბატონო გიორგი, რა ეწერა დასკვნაში, რომლის გახმაურება, როგორც სააკაშვილი ამბობს, პრემიერის სახელს შელახავდა?
- რაც შეეხება იმას, რომ მათ არ გამოამზეურეს ფედერალური ბიუროს დასკვა, ეს არის ტყუილი. ფედერალური ბიუროს დასკვნა პირადად მე გამოვამზეურე. ეს დასკვნა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რატომაც მათ ვერ მოახერხეს საქმის დახურვა. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ ამ ვერსიის გავრცელებას, ასევე უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, თანმდევი მომენტებით. მათ ვერ დახურეს ეს საქმე, რადგან საქმე აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, ამ წინააღმდეგობების ნაწილი იყო ფედერალური ბიუროს დასკვნა.
ამ დასკვნაში შავი თეთრზე წერია ვინ არის დამნაშვე ამ ე.წ. უბერდური შემთხვევის. გამათბობელი „ნიკალა“ აბსოლუტურად გამართული იყო. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა „ნიკალა“ საერთოდ უხმარი იყო. უხმარი გამათბობელი კი ვერაფრით ვერ გახდებოდა ადამიანების გაგუდვის მიზეზი. ანუ გამათბობელს ფედერალური ბიუროს ექსპერიმენტამდე საერთოდ არ უმუშავია. ჩემთვის გასაგებია სააკაშვილის მდგომარეობა, ის არის ფსიქიურად არაჯანსაღი ადამიანი, ის არის პანიკაში.
რითია მისი ეს პანიკა გამოწვეული?
- იმით, რომ მან ყველაზე კარგად იცის რაზე მოუწევს პასუხისგება. სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით, სულ ცოტა, რამდენიმე საკითხზე მოუწევს პასუხისგება. პირველი - მან ხელი დააფარა მკველელებს, პირადად აფარებდა ზურას და რაულის მკვლელებს ხელს, მისი დავალებით ხდებოდა საქმის მასალების გამოძიების გაყალბება. მეორე - ზუსტადაც, რომ პასუხისმგება მოუწევს იმაზე, რასაც ახლა ბედავს და ლაპარაკობს. ერთია, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად მოკლეს და მეორეა, რომ სცადეს მისი მორალური განადგურება. მაგაზეც მოუწევს სააკაშვილს პასუხსიგება. ეს ვერსიაც პირადად მისი მითითებით შეიქმნა და გავრცელდა საზოგადოებაში... უკვე აგონიაშია სააკაშვილი. გპირდებით, რომ ძალიან მალე დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მას ეს იცის და ახლა ფართხალი დაიწყო.
ვერსია, რაზეც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება გავრცელებული იყო საზოგადეობაში...
- ამ ვერსიას ავრცელებდნენ სხვადასხვა სპეცსამსახურები, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ. ამაზე მუშაობდა სახელმწიფო მანქანა, რომ ეს ვერსია ყოფილიყო საზოგადოებაში გავრცელებული. ახლა, ეს კაცი მარტო დარჩა, მისი გარემოცვა ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს, ყველა ამბობს, რომ დაველოდოთ გამოძიებასო. ამ ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის რაზე მოუწევს პასუხისმგება და იმიტომაც არის ასეთ მდგომარეობაში.
როცა ის ამბობს, რომ დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის ბევრ ძაან ღრმა და ისეთ დეტალს, რომელიც შელახავდა პრემიერს სახელს, რაზე მიანიშნებს სააკაშვილი?
- თქვენ ხომ იცით რაზე საუბრობს სააკაშვილი და ეს იცის ყველამ. ეს არის არაჯანაღი ადამიანი. თქვენ გინდათ ფსიქიურად არანორმალური ადამიანის ქმედებაში იპოვოთ ლოგიკა, მაგრამ მის ქმედებაში ლოგიკას ვერ იპოვით. ეს ადამიანი არის შეშინებული და სასოწარკვეთილი. მან არ იცის რა ქნას და ფართხალებს. სააკაშვილი პასუხს აგებს ყველაფერზე, ძალიან კარგად იცის, რაზე აგებს პასუხს. სულ ცოტა, მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მკვლელებს ხელი დააფარა.
ის ვერსია, რაც სააკაშვილმა თქვა და რასაც მისი დავალებით ავრცელებდნენ, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამაზეც მოუწევს პასუხისმგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიაზე სახელმწიფო მანქანამ იმიუშვა, არავინ ეს არ დაიჯერა, იმიტომ რომ ალოგიკური იყო. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს გამოძიებასთან და ვიცი რა პროცესები მიდის. როდესაც ვსაუბრობ, რომ დადგება გარკვეული ადამაინების პასუხისმგებლობის საკითხი, ვლაპარაკობ იქიდან გამომდინარე, ვიცი რაც ხდება. უახლოეს თვეებში ეს საქმე დასრულდება, საზოგადოება ამომწურავად მიიღებს ყველა შეკითხვაზე პასუხს. გპირდებით, რომ პასუხს აგებს სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი.