თავდაცვა, საბოტაჟი და პოლიტიკური მარწუხები

თავდაცვა, საბოტაჟი და პოლიტიკური მარწუხები

თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით საქმე საბოტაჟთან გვქონდეს. როგორც ირაკლი ალასანია ამბობს, არ უნდა მოვლენებს გაასწროს, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, საბოტაჟს უკავშირდებოდეს. მინისტრის განმარტებით, მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის. 

„ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა ბოლო პერიოდის მოვლენებს, არამედ, ეს ყველაფერი მოდის მაისიდან, როცა დაიწყო ქართული ჯარის და ნატოში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

სამხედრო მოსამსახურეების საკვებით მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, გამოძიებული საქმეების ნაწილი გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს, ნაწილს კი სამხედრო პოლიცია იძიებს. იურისტი ლევან  ალაფიშვილი  for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ როცა პროკურატურა იძებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, ეს არის გამოძიების საიდუმლო და შესაბამისად, გამოძიების მასალები საჯარო ვერ გახდება. მოქმედი კანონი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავარ პროკურორს არ აძლევს გამოძიების მასალებში ჩახედვის საშუალებას.

მოლენები, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განავლობაში მიმდინარებს, შესაძლოა, მართლაც საბოტაჟს უკავშირდებოდეს? მინისტრი განმარტავს, რომ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის... 

ლევან  ალაფიშვილი : კომპლექსური საკითხია. რომელიც დიდწილად განპიროვნებულია პოლიტიკით, პოლიტიკაში არსებული მდგომარეობით.

რა გაქვთ მხედველობაში?

- თავდაცვის სფერო ყველგან, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, განსახვავებით სხვა სახელმწიფო უწყებებისგან, მნიშვნელოვნად არის „დახურული“. ეს ბუნებრივია, თავისი თავდაცვას სპეციფიკა აქვს, რაც საკანონმდებლო დონეზე არის დარეგულირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს უკონტროლობას. არის სხვადასხვა მექანიზმები, რომელიც სამოქალაქო მონიტორინგს უზრუნველყოფს. ეს იქნება საპარლამენტო კონტროლი, სამთავრობო შიდა კონტროლი თუ სხვა. ეს ყველაფერი ინსტიტუციურ დონზე ჩამოყალიბებულია. სამწუხაროდ, ჩვენთან, რეალურად, თავდაცვის რეფორმა სისტემურად გააზრებულად ვერ ჩამოყალიბდა.

პირველი სერიოზული ნაბიჯი რეფორმისკენ იყო ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისად ჩამოყალიბება, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე - პოლიტიკური მომენტები მაქვს მხედველობაში. თავისთავად, ამან განაპირობა გადაჭარბებული მოთხოვნა, რადგან სამოქალაქო გახდა თავდაცვის სამინისტო და არა გაერთიანებული შტაბი. ამიტომ, იგი უნდა იყოს ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც სხვა სამინისტროები, თუმცა ამაში კანონით შეზღუდულები არიან. რაც არ მომწონს, ის არის, რომ  კვების საკითხი პერსონალურად მიება თავდაცვის მინისტრს და არ ვიცი თვითონ თავდაცვის სამინისტრო რამდენად ხედავს ამ სისუსტეს.

თუმცა, დღეს კვებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია...

- სისტემა არის ასეთი, თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დელტა“, ის არის 100 პროცენტი მესაკუთრე ქართული კვების კომპანიისა, რომელიც უზრუნველყოფს ჯარის კვებას. მნიშვნელოვანია ის, რომ „დელტა“ პერსონალურად ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს. თავისათავად „დელტას“ ხელმძღვანელი ნიშნავს და ათავისუფლებს ქართული კვების კომპანიის ხელმძღვანელს.

ძალიან პერსონალურია და ეს არაა სწორი სისტემა. მითუმეტეს, რომ შემოდის პოლიტიკური ელემენტი. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტრო უკვე სამოქალაქო ოფისია, ხოლო მისი ხელმძღვანელი პოლიტიკოსია. პოლიტიკოსზე მიბმული სამხედროთა უზრუნველყოფის საკითხი, ბუნებრივია, საფრთხის მატარებელია. ასეთი ინციდენტების, თუ კრიზისების შემთხვევაში, პოლიტიკა შესაძლებელია, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების დომინანტი გახდეს.

რაც შეეხება სამხერდოების მოწამვლის საკითხს, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. მოწამლულ სამხედროებთან დაკავშირებით, ციფრებიც არასწორად ვრცელდება. როდესაც პრემიერი ამბობს, რატომ ადევს ამ საქმეს გრიფი, საინტერესოა გამოძიების მასალები არის თუ არა საიდუმლო?

- მე არ მახსენდება არც-ერთი შემთხვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს მსგავსი ფაქტი საკუთარი ინიციატივით არ გაესაჯაროებინა. სხვა საკითხია გამოძიების მასალები არის თუ არა საიდუმლო. როცა პროკურატურა საქმეს იძიებს, ეს გამოძიების საიდუმლოა. მთავარ პროკურორს, პრემიერს და პრეზიდენტსაც კანონი არ აძლევს გამოძიების მასალებში ჩახედვის საშუალებას. გამოძიების მასალები საჯარო ვერ იქნება, არც ერთ ქვეყანაში არაა გამოძიების მასალები საჯარო. მაგრამ, უნდა გავმიჯნოთ ფაქტი, მისი საჯარო ხელმისაწვდომობა და ფაქტის გამოძიება. პრეტენზიები თუ კი არსებობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ დამალა ფაქტი, რაც მე არ მსმენია, კი ბატონო, ეს გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ, რატომ არ გახდა საჯარო გამოძიების მასალები, ეს თემა ვერც-ერთ შემთხვევაში ვერ იქნება დებატების საგანი - ამას კანონი ზღუდავს.

როდესაც კანონი ზღუდავს გამოძიების მასალების გასაჯაროებას, ამის მიუხედავად, არის კრიტიკა კონკრეტული უწყების მისამართით და მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

- პრემიერმა კომენტარი გააკეთა კითხვაზე, მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ვესაუბრე, მაგრამ არ ვიცი გამოძიების შესახებ. აქ ორმხრივ არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე, როგორც კითხვის ავტორისგან, ასევე პრემიერისგან. სხვათაშორის, ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია... ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი... იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვას სპეციფიური ფუნქციები აქვს და სტრუქტურულადაც ასეა, ამ სტრუქტურის ყოველდღიური პროგრესი საზოგადოებისთვის არაა ხელმისაწვდომი. შესაძლებელია ეს მათი პრობლემაც იყოს - საზოგადოებასთან კომუნიკაცია ერთ-ერთი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ის, რომ, თითქოს, რაიმე ბარიერი წესდება, ასე არაა და ამის ინდიკატორი ჩემთვის არის „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოცემული ანგარიში, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტო აღარ არის ის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც იყო წლების განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. სხვათაშორის, ამ ღონისძიებას პრემიერიც ესწრებოდა.

ამ მიმართულებით ვითარება შეიცვალა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვით რაღაცა პერიოდის განმავლობაში ის და მისი მოადგილეები კომიტეტებს უგზავნიან ინფორმაციას, იგივე საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით. დაწესდა თანხობრივი ლიმიტი, რომლის ზემოთაც შესყიდვის შეახებ ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში მიეწოდება პარლამენტს. არ იქნება სწორი, არ დავინახოთ  რომ ეს ინიციატივა თავდაცვის სამინისტროდან მოდის. კანონში არ უწერია, რომ 2 მილიონზე ზემოთ შესყიდვაზე გინდა თუ არა პარლამენტს შეუთანხმე, ან აცნობეო, მაგრამ თვითონ აკეთებს ამას.

შესყიდვების საკითხს რაც შეეხება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ვერ უზრუნველყო შეექმნა ნდობის ჯგუფი პარლამენტში, რამდენად არის ეს პრობლემა იგივე საიდუმლო ხარჯებთან მიმართებაში?

- არასწორი მიდგომაა. ამ საკითხში პოლიტიკური ნიშნით დაყოფა აბსოლუტურად უადგილო და გაუმართლებელია. სხვათაშორის, არამხოლოდ პარლამენტარების და პოლიტიკოსების, ეს ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რომ თავდაცვა ეს არის უსაფრთხოება, ანუ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი პრობლემა, თქვენი პოლიტიკა კი, ამ საკითხში ვერ იქნება განსხვავებული. ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოება და პარლამენტი უნდა განვითარდნენ და ყველა უნდა მივიდეთ იქამდე, რომ არის რაღაცა საკითხები, რომელიც ვერ იტანს პოლიტიკურ ოპონირებას, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს.

მეტსაც გეტყვით, უსაფრთხოების სფეროში საბიუჯეტო კონტროლს ნდობის ჯგუფის მეშვეობით თვითონ „ქართული ოცნებაც“ ვერ აკონტროლებს, რადგან ნდობის ჯგუფი არაა შექმნილი. ეს ფორმატი რომ იყოს, სრული ინფორმაცია ექნებოდათ. დღეს თავისივე დამსახურებით აქვს ე.წ. „კლიტე“ დადებული და ამ ინსტრუმენტს თავადვე ვერ იყენებენ, თავად გახადეს სიცოცხლისუუნარო. თვითონ უნდა გააცნობიერონ რა არის ნდობის ჯგუფი.

რაც შეეხება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა და, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დამტკიცებული, განსაზღვრავს არა მხოლოდ რეფორმებს, არამედ განსაზღვრულია ისიც, ამ მიზნებს რა დანახარჯები სჭირდება. ამის გათვალისწინებით, თავდაცვის ბიუჯეტი 720 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა წარმოდგენილი პროექტით, თავდაცვის ბიუჯეტი 60 მილიონით ნაკლებია...

- ეს არის ჩვენი საბიუჯეტო მართვის და დაგეგმვის პრობლემა, თუ კი, დოკუმენტს ჩავხედავთ, შიგ სერიოზული ცდომილელებია. ეს არაა მხოლოდ ერთი უწყების პრობლემა, ეს არის მთავრობის, გნებავთ პარლამენტის ერთიანი გამოწვევა - სწორი დაგეგმვა, სწორი მართვა, რომელიც გამორიცხავს ამ მოცულობის ცდომილებებს.

საპარლამენტო უმცირესობაში თავდაცვის სამინისტროსთვის ხარჯების შემცირებას დაუშვებლად მიიჩნევენ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი თვლის, რომ სამინისტროს ეყოფა ის თანხა რომელიც აქვს...

- კომპეტენციის ნაკლებობის პრობლემაა. ნდობის ჯგუფი რომ ყოფილიყო, მაგ ტიპის კამათი პარლამენტში არ გაიმართებოდა. ჩვენ ინსტიტუციურად წარმოდგენა უნდა გვქონდეს საბიუჯეტო სისტემაზე. ბიუჯეტეს გეგმავს და პარლამენტში წარადგენს მთვარობა და ამ კოტექსტში ვიმსჯელოთ - ეყოფა თუ არ ეყოფა... ბოდიში, მაგრამ არავის არ ეკითხება, მითუმეტეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკოსს, რა ეყოფა თავდაცვის სამინისტროს. პოლიტიკურად პასუხისმგებელმა გუნდმა რაც დაგეგმა, ის აისახა ბიუჯეტის პროექტში. აი, რა დაგეგმა - ნდობის ჯგუფი რომ ყოფილიყო, ამაზე, იგივე, კომიტეტის თავმჯდომარე და უმცირესობის წარმომადგენლები იმსჯელებდნენ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან ერთად. დღეს ორივე მსჯელობს ციფრებზე და არა იმაზე, რა არის დაგეგმილი, რამდენხნიანია დაგეგმილი  და ეს არის უბედურება.

სესიაშვილი თვლის, რომ ახალი ხელისუფლება შემცირებული ბუიჯეტითაც შეძლებს საქმის ეფექტურ კეთებას...

- ძალაინ პოპულისტური და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებაა. ეყოფა - არ ეყოფას, პარლამენტში რაოდენ პროფილური თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ვინმეს, ვერავინ იტყვის, რა ეყოფა თავდაცვის სამინისტროს. ეს იცის მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ, მისმა ხელმძღვანელობამ და შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვინც დაგეგმეს ეს ბიუჯეტი და წარადგინეს პარლამენტში.