ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებელი კომპანია „ტრანსელექტრიკას“ შესახებ ქართულ მედიაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება. რამდენადაც for.ge-სთვის არის ცნობილი კომპანია „ტრანსელექტრიკა“ - სპეციალურად დაფუძნებული კომპანიაა ხუდონჰესის პროექტის განსახორციელებლად და მისი დამფუძნებლები არიან, ბუპენდრა კანსაგრა, უმდიდრესი ინდური ოჯახის კანსანდრების შთამომავალია, იგი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. მათ შორის AGM- ქიმიური წარმოება, სამეფო ჰოლდინგი (სპაის ჯეტ), „ბიშოპვუუდ“ - უძრავი ქონება, ასევე ნავთობ საბადოების მეპატრონეა კენიაში.
მისი სახელი უკავშირდება საერთაშორისო სასოფლო სამეურნეო ჰოლდინგებს, მებაღეობას, მინერალური წიაღისეულის გადამუშავებას, სასტუმრო ბიზნესს და უძრავ ქონებას. მისი ბიზნესები განლაგებულია დიდ ბრიტანეთში, კენიაში, ტანზანიში, მოზამბიკში, სუდანში, ნიგერიაში და ინდოეთში. ნიგერიაში ზღვის შელფში არსებული ნავთობის ბლოკებზე სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ შევრონი და ტეკსაკო.
მოჰინდერ ვერმა, კონტინენტალ კონსტრაქციონ კორპორაციონის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, პროფესიონალი ინჟინერ მშენებელი, რომელსაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული, კომპანია ძირითადად საქმიანობს ჰიდროენერგეტიკის ირიგაციის და საზღვაო მშენებლობის ბიზნესში, აშენებული აქვს დიდი ჰიდროელექტროსადგურები, წყლის ირიგაციული სისტემები მრავალ ქვეყანაში. სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, მათ შორის - ბეტონის ჩასხმის უახლესი მეთოდოლოგია, საზღვაო მშენებლობების კონტროლი და მათი ხარისხობრივი შემოწმება.
მდინარე ენგურზე ხუდონჰესის მშენებლობა დაპირისპირების მიზეზად იქცა. ამ საკითხზე საჯარო განხილვები თბილისსა და სვანეთში უკვე გაიმართა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. უახლოეს მომავალში ხუდონჰესის მშენებელი კომპანია „ტრანსელექტრიკა“ სვანეთში ოფისს გახსნის.
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ.
„პროექტის განვითარების ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება იყო, თუმცა აქტიურად დაიწყება მუშაობა მოსახლეობის
ინფორმირებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნას. ადგილზე ინვესტორი კომპანია უნდა ჩავიდეს და ოფისი გახსნას“, - განაცხადა კახი კალაძემ.
ხუდონჰესის მნიშვნელობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ივანიშვილის თქმით საქართველოში დიდი ჰესები აუცილებლად აშენდება. მისივე განმარტებით „ხუდონჰესის“ აშენება არავითარ ხიფათს არ უქმნის ბუნებას.
„შვეიცარიაში, რომელიც გამოჩეული ქვეყანაა ბუნების გაფრთხილების კუთხით, 10-ჯერ მეტი ტერიტორია არის დაფარული წყლით ჰესებისთვის, არაფერი საოცარი ზიანი არ ადგება ბუნებას. ბუნების გარდა, იქ კონკრეტული ოჯახები არიან, რომელთაც მე გულწრფელად ვუთანაგრძნობ, მძიმეა როდესაც წლების განმავლობაში ცხოვრობ, მოდიან და სხვაგან გადასვლას გთხოვენ. ჩვენ სვანების ვაჟკაცობას დიდ პატივს ვცემთ და თითოეული მათგანთან გავაკეთებთ ახსნა-განმარტებებს. სვანებს ბევრი რამ გაუკეთებიათ საკუთარი ქვეყნისთვის და დღესაც გააკეთებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხაიშის მაცხოვრებლებზე „გრანტებზე დამჯდარი“ ხალხი ახდენს უარყოფით ზეგავლენას.
„ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, წუთიერ გამორჩენაზე ნუ დავჯდებით. ჩვენ რესურსები უნდა გამოვიყენოთ, ხუდონი გასაკეთებელია. იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაბამისი ანაზღაურებაც გაკეთდება. მოსახლეობას უფრო ფაქიზად უნდა მოვექცეთ. „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით ჯერ საკითხი ისე არ დგას, რომ მე ამ მოსახლეობას შევხვდე, თუმცა ვაპირებ მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ჭორვილასაც გაწირავდა იმისთვის, რომ ქვეყანას კარგად ეცხოვრა.
ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა. მისი განმარტებით, ხუდონჰესის გამომუშავება 1 მილიარდ 500 მლნ. კვტ.სთ იქნება, ეს იქნება ენგურჰესის შემდგომ ყველაზე მძლავრი სადგური საქართველოს ენერგოსისტემაში და ეს ჩვენი ჰიდროგენერაციის, დაახლოებით, 16 %-მდეა. როგორც მირცხულავა ამბობს, მემორანდუმით ხუდონჰესს აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს ენერგოსისტემას მისცეს 133 მლნ. კვტ.სთ ზამთრის 4 თვის განმავლობაში 5,84 ცენტად.
„დღეს, 2013 წელს, ზამთრის ენერგია 9,6 თეთრი ღირს. თუ ამას იმპორტირებული ენერგიის ფასს შევადარებთ 2019-20 წლისათვის ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია იქნება ერთ-ერთი ყველაზე იაფი ენერგიის წყარო ამ პერიოდისათვის. ამის გარდა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს N214 დადგენილებით, ყველა მშენებარე ელექტროსადგურის ვალდებულებად განისაზღვრა, რომ თავისი გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% მიყიდოს სახელმწიფოს, რაც ხუდონის შემთხვევაში უკვე 133 მლნ. კვტ/სთ კი არ არის -არამედ 300 მლნ. კვტ/სთ-ა, რაც ძალიან საგულისხმოა“, - აცხადებს მირცხულავა.
მისივე განმარტებით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ის, რომ ხუდონჰესის აშენება ენგურჰესს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს დამატებითი ენერგია ყველანაირი ინვესტიციის გარეშე.
„ინვესტორი კომპანია თავის ანგარიშებში მიუთითებს, რომ ეს იქნება 300 მლნ.კვტ/სთ. ჩემი გათვლებით, კი ეს იქნება მნიშვნელოვნად მეტი, მაგალითად, თუ 2011 წლის ჰიდროლოგიურ (არასაუკეთესო წელი წყლის თვალსაზრისით) მონაცემებს დავეყრდნობით, ენგურჰესი დამატებით გამოიმუშავებს 476 მლნ. კვტ/სთ ენერგიას. ბატონებო, ეს 476 მლნ კვტ/სთ უდრის ჟინვალჰესის წლიურ გამომუშავებას (საშუალო მრავალწლიურზე მეტიც არის), ანუ აუშენებლად, კიდევ ერთ ჟინვალჰესს მივიღებთ და რაც ყველაზე ფასეულია, ეს არის უიაფესი ენგურჰესის ენერგია, რომლის ფასი 1,18 თეთრია და რომლის სიიაფე, ძირითადად, განსაზღვრავს ელექტროენერგიის ტარიფის სიიაფეს მთელ საქართველოში. ოპონენტები აპელირებენ იმაზე, რომ, თითქოს, ხუდონი მოგების გადასახადს გადაიხდის მხოლოდ 2037 წლის შემდეგ, რაც რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და არ შეესაბამება სინამდვილეს.
ხუდონჰესი ქვეყნის ბიუჯეტში მისი ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-2 წელსვე გადაიხდის მოგების გადასახადს და მისი სიდიდე შეიცვლება, პირველი 20 წლის განმავლობაში 7 მლნ. აშშ დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე, ყოველწლიურად და ჯამში, იქნება 410 მილიონი აშშ დოლარი. ასევე ნაგებობის მშენებლობისას, 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, საშემოსავლო გადასახადის სახით, ბიუჯეტში შევა 38,4 მილიონი ლარი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ყოველწლიურად 4,8 მილიონი ლარი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქონების გადასახადის სახით, ყოველწლიურად, ადგილობრივ (მესტიის) ბიუჯეტში შევა საშუალოდ 12,3 მილიონი ლარი“, - აღნიშნა მირცხულავამ.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკული კომპანიები, დამატებით, ყოველწლიურად, 19 მილიონ დოლარამდე შემოსავალს მიიღებენ.
„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, საშინელი სიღარიბის დაძლევისათვის, მომავალში თითოეული ადამიანის კეთილდღეობისათვის საჭიროა უამრავი საწარმოს, მათ შორის ენერგოტევადის შექმნა, რაც ბუნებრივად ითხოვს დამატებითი ენერგიის წყაროების- გენერაციის ობიექტების აშენებას. ასეთი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია შედარებით იაფიანი ელექტროენერგია, რაც პირდაპირ ჩვენი საკუთარი ჰიდრორესურსების ათვისებაზეა დამოკიდებული.
მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არის სულ 60-მდე ჰიდროელექტროსადგური, აქედან წყალსაცავიანს, ხელის თითებზე ჩამოვთლით. ჩვენზე პატარა ტერიტორიის, შვეიცარიაში, ალპების ქვეყანაში 550-ზე მეტი ჰესია, აქედან 250 წყალსაცავიანი. ჰესები შენდება დღეს 21 საუკუნეში ავსტრიაში, ხორვატიაში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. სეისმური, მცირემიწიანი იაპონია 2023 წლამდე კიდევ 100-ზე მეტ წყალსაცავიან ჰესს ააშენებს. ყველა ქვეყანას, ვისაც გააჩნია ჰიდრორესურსი, ითვისებს ამ რესურს. და კიდევ ერთი, მცირე და საშუალო ჰესები ვერასდროს ვერ შეასრულებს წყალსაცავიანი მარეგულირებელი ჰესების ენერგეტიკულ ფუნქციას“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
For.ge-სთან საუბრისას ის ასვე საუბრობს იმ ურთულეს პრობლემაზეც, რაც წყალსაცავების მშენებლობის დროს განსახლების პრობლემას ეხება. როგორც მირცხულავა ამბობს, არასდროს და არსად არ ყოფილა ეს მარტივი პრობლემა.
„ეს არ იყო მარტივი ენგურჰესის მშენებლობის დროს, ასევე ურთულესი იყო ჟინვალჰესის მშენებლობის დროს, არ იყო მარტივი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მშენებლობის დროს, არც ავტობანების მშენებლობის დროს ყოფილა ეს პროცესი მარტივი. ათასობით ადამიანმა, რომელთა განსახლება განხორციელდა ამ პროექტების დროს, უდიდესი, განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის საქმეში. ეს ადამიანები მართლაც უდიდეს პატივისცემას, მადლიერებას და დაფასებას იმსახურებენ საქართველოს ყველა მოქალაქისგან, სვანეთიდან დაწყებული კახეთით დამთავრებული და სტეფანწმინდიდან დაწყებული სარფით დამთავრებული.
ხშირად, საზღვარგარეთულ მაგალითებზე მეკითხებიან და ასეთ შემთხვევაში მომყავს ძალიან მცირემიწიანი (მოსახლეობის რიცხვის გათალისწინებით) იაპონიის მაგალითი.
კერძოდ, 2000 წელს იაპონიაში ტოკიოდან 60 კმ-ში და იაკოჰამიდან 40 კმ-ში აშენდა „მიაგასე კაშხალი“ და აქედან გამომდინარე, მჭიდროდ დასახლებული მიწების დატბორვა შეეხო სოფლებს: კიოკავას, ქალაქ ტსუკუის ნაწილს, ქალაქ აიკავას ნაწილს - ჯამში, 490 ჰა, 281 ოჯახი, 1136 ადამიანი. ამ პროექტის დროს ურთულესი მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან დასრულდა ღირსეული კომპენსაციებით, მათ შეექმნათ ახალი მნიშვნელოვნად გაუმჯებესებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო და იაპონიისათვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა“, - აცხადებს დავით მირცხულავა.