ექიმები ყოველ კვირა ქუჩაში არიან

ექიმები ყოველ კვირა ქუჩაში არიან

კვირა ისე არ გავა, საქართველოს რომელიმე რაიონში ექიმების გაფიცვა არ მოხდეს. ორიოდე დღის წინ აქცია ხაშურის საავადმყოფოს ექიმებმა გამართეს. მედიკოსები სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფისგან“ ხელფასების 4-თვიანი დავალიანების გადახდას ითხოვენ. საავადმყოფოს 50%-იან წილს „მედიქალ-პარკ-საქართველო“ ფლობს.

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მივიდნენ. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და ექიმების პრობლემა უნდა მოაგვაროს.

ხაშურის საავადმყოფოს ექიმებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს. რამდენიმე თვის წინათ ანალოგიური მოთხოვნით სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გამოვიდნენ.

ანალოგიური მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრისშიც. თანამშრომლები დაპირებულ ხელფასს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვას აპირებენ. ამჯერად საუბარი აგვისტოს თვის კუთვნილ ხელფასზეა. ეროვნული სამედიცინო ცენტრი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაა. „ჩემი ოჯახის კლინიკაში“ აცხადებენ, რომ აგვისტოს თვის სახელფასო თანხა უკვე გადმორიცხულია. აღსანიშნავია, რომ ხელფასების მოთხოვნით სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აქცია რამდენიმე კვირის წინაც გამართეს.

რთული მდგომარეობაა ფოთშიც, სადაც მედიკოსებს არა მარტო ანაზღაურების, არამედ სამედიცინო ინფრასტრუქტურის პრობლემაც აწუხებთ. საპორტო ქალაქში ჩასულ ჯანდაცვის მინისტრს და ფოთის მაჟრიტარს ექიმები შემდეგი კითხვით დახვდნენ: „ჩვენ დაგვადგება საშველი?“ მათი განმარტებით, ყველა არსებული პრობლემა საავადმყოფოს სადაზღვევო კომპანია „ალდაგისთვის“ გადაცემის შემდეგ დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთის საავადმყოფოებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. დავით სერგეენკოს განცხადებით, როცა მსგავსი სახის ინფრასტრუქტურის საავადმყოფოში 15 პაციენტი წევს, თანამშრომელთა ხელფასი ვერ იქნება მაღალი. მისი თქმით, 40 ათასიან ქალაქში, დაახლოებით, 120-საწოლიანი საავადმყოფო უნდა იყოს, დღეისათვის კი 40 საწოლია.

მისი თქმით, შესასწავლია რა არის ასეთი დაბალი მიმართვიანობის მიზეზი. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს კონკრეტული აპარატურის არასებობით. ექიმების თქმით კი, აპარატურის არარსებობისა და სპეციალისტების უკმარისობის გამო, მუდმივად ხდება პაციენტების გადინება, მათ ურჩევინათ ისეთ საავადმყოფოში მკურნალობა, სადაც ყველა სახის მომსახურებაა.

საავდმყოფოებში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიების ხელში გადავიდა. მათი უმრავლესობა ისედაც მიზერული ხელფასის დროულად აღებასაც ვერ ახერხებს.
ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობის გართულებას სადაზღვევო კომპანიებს უკავშირებს.

„გურიაში ექიმებს ხელფასი თებერვლის შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული. ანალოგიური მდგომარეობაა ხაშურის საავადმყოფოში, რომელსაც ფლობს „აისი ჯგუფი“. ფაქტია, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. საბოლოოდ კი, ექიმი ზარალდება.

ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ამბროლაურში, სადაც ექიმების ხელფასი 30 ლარს არ აღემატება. თანაც ყოველ სიტყვაზე ედავებიან ექიმს, ყოველთვის შეიძლება გამოუნახონ ისეთი, რაც დაფინანსებას შეუმცირებს.

სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს სამკურნალო დაწესებულებები. შეიძლება, ვერ დაიბრუნოს ყველა, მაგრამ უნდა ფლობდეს გარკვეულ ობიექტებს, სადაც თავის პოლიტიკას გაატარებს და კავშირი ექნება პირდაპირ კლინიკებთან და არა შუალედურ რგოლთან. ახლა კეთილი ინებონ და შევიდნენ ექიმების მდგომარეობაში, რომლებიც უპატრონოდ და უყურადღებოდ არიან“, - აცხადებს ჯონი ჯანაშია.