ფინანსთა მინისტრი ინვესტიციების ზრდას 2014 წლიდან ვარაუდობს. როგორც ჩანს, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი „საინვესტიციო გარღვევის“ გარეშე ჩაივლის. სამაგიეროდ, მომავლის მთავრობსაც ეიმედება და ევრობანკსაც.
ნოდარ ხადური სულ ახლახან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა და ბანკისმიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
„ისინი აპირებენ, გააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ნოემბერში ბანკისგან ველოდებით საინტერესო სიურპრიზს, რომლის გახმაურების უფლებაც ჯერ არ მაქვს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ ბანკის უახლოესი გეგმები საქართველოში.
როგორც ცნობილია, ბანკი აქტიურადაა ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბანკი გეგმავს ინვესტირებას კერძო სექტორში. აგრეთვე, აპირებენ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PP პროექტებში ჩართვას. სწორედ აღნიშნული ტიპის შეხვედრები მაძლევს რწმენას და გარანტიას, რომ მომავალ წელს საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
სხვათა შორის, მინისტრის ამ ოპტიმიზმს სრულად იზიარებს ევრობანკის პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ მსხვილი კაპიტალდაბანდებებისთვის ცოტა დრო კიდევ არის საჭირო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელი სუმა ჩაკრაბარტი აღნიშნავს, რომ საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა და ახლა საჭიროა პოლიტიკური ხედვა.
„საქართველოში ძალიან ღია ბიზნეს გარემოა და კარგი ადგილია იმისათვის, რათა მან გლობალური ეკონომიკური განახლებით სარგებელი ნახოს. საქართველოს ნავთობი არ აქვს, მაგრამ სანაცვლოდ წყლის რესურსი აქვს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მისი მნიშვნელოვანი წყაროა ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მისაწოდებლად. ასევე საქართველო ძალიან კარგი რეგიონალური ლოჯისტიკური ცენტრია“, - აღნიშნა ჩაკრაბარტიმ და დასძინა, რომ ამ დარგებში ინვესტიციებია საჭირო, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს დახმარება სურს.
„ახლა მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა დაისახოს პოლიტიკური ხედვა, სადაც შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე აქცენტირების ნაცვლად, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ეროვნული მიდგომა იქნება წარმოდგენილი. ეს კი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსის საგანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველში კარგი ბიზნეს-გარემოა და საჭიროა პოლიტიკური ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო მართლაც შეძლებს გადალახოს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ინვესტიციების მოსაზიდად სამომავლო სტრატეგია დასახოს, ის მართლაც კარგ შედეგს გვაჩვენებს“, -განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
ფინანსთა მინისტრის და ევრობანკის კომენტარების ნაკადი ჯერ შეწყვეტილი არ იყო, რომ ახალი ინვესტორების დაინტერესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველო-არგენტინის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ინდივიდუალური და ორმხრივი მოლაპარაკებები არგენტინულ და ქართულ კომპანიებს შორის. გაირკვა ისიც, რომ საქართველოში არგენტინული ინვესტიცია განხორციელდება.
არგენტინის დელეგაცია ერთობ ხალხმრავალი იყო. შორეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ბენზინ და გაზგასამართი სადგურების აღჭურვილობის, ნუშისა და თხილის წარმოების, გამათბობელი სისტემების, ფარმაცევტული პრეპარატების, ცხვრის ხორცის პროდუქტის, გასტრონომიული დელიკატესების, თერმული იზოლაციის, ღვინის, საფეიქრო და სხვა სფეროებში დასაქმებული კომპანიების ხელმძღვანელები.
თუკი ევრობანკის პრეზიდენტის რჩევა-დარიგება ნაარჩევნებს მაინც შესრულდება, მაშინ არგენტილებიც არ დააყოვნებენ და ვინძლო მათ მსგავსად, ინვესტიციების დაბანდება სხვა ბევრმა ქვეყანამაც მოისურვოს.