პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ მისი ძმის, ზურაბ ჟვანიას საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება. კანონმდებელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, ზურაბ ჟვანიას მკვლელებს სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ. მისი განცხადებით, ის სუბიექტურია, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა აშკარად იკვეთება.
საქართველოს ექს პრემიერის ბურუსით მოცულ საქმეზე, for.ge ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელს, ამჟამად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:
ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთა. მთავარი პროკურორის განცხადებით, „იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია. თუმცა, გამოძიება ახალ ვერსიაზე მუშაობას“. რა ახალ გარემოებებზე შეიძლება იყოს საუბარი?
- გულთმისანი არ ვარ და არ ვიცი, რა ახალ გარემოებებზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ვთქვი, რომ ჩვენი ძალის დამარცხება ცუდია, მაგრამ ამ მარცხს, რაც შეიძლება კარგი ჰქონდეს არის ის, რომ ვეღარავინ იტყვის, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ვიღაცა ჩქმალავს. აგერ არის ბურთი და მოედანი, აგერ არიან ის ადამიანები, რომელთაც არ ვუყვარვართ, რომლებიც, შურისძიების განცდით არიან მოსულები და მათ საქმის გამოძიების ყველანაირი ინსტურმენტი აქვთ. მე როგორც ზურას მეგობარს და როგორც გულწრფელ გულშემატკივარს, არამარტო ჩვენ, არამედ მათ ვინც არ არის პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული, ბოლოს და ბოლოს აინტერესებს, ეს ადამიანი რითი გარდაიცვალა - ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა, რაც იყო ყველა გამოძიების ძირითადი ვერსია, თუ ზურა არის მოკლული. მაშინ უნდა გაირკვეს - ვინ არის დამკვეთი, ეს საქმე ვინ იცოდა და ვინ არ გაახმოვანა, ასევე ვის შეეძლო ეს აღეკვეთა. ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ვითხოვთ, მაგრამ უკვე ექვსი თვეა გვესმის, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება. „უახლოესი მომავალი“ მერამდენეჯერ თქვეს, უკვე აღარც მახსოვს. ყველას აინტერესებს, თუ რა მოხდა იმ ავბედით ღამეს. ვეჭვობ, რომ ეს აჟიოტაჟი არჩევნების გამო არის ატეხილი.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ახალ ვერსიებზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება?
- უკვე რამდენი ხანია გვესმის, რომ ეს საქმე უახლოეს ხანში გაიხსნება, მაგრამ რაიმე ახალი თქვეს? თუ გაიხსნება, გაიხსნას, რადგან ყველას ეს გვსურს. არ მესმის, საქმის გახსნის ვის შეიძლება შეეშინდეს გარდა იმისა, ამ საქმეში თუ ვინმე დამნაშავეა. საქმე გახსნან და რას იმუქრებიან, ვერ გავიგე?!
გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა შეიცვალოს. ასევე გოგლა ჟვანია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს...
- დიდი ხანია, რაც გოგლა და სხვა ადამიანები, ამას ამბობენ. სანამ, გამოძიება არ არის დასრულებული, სხვადასხვა მიმართულებით ხელების შვერა უზნეობაა, საითკენაც არ უნდა იყოს ის. თუ გამოძიება დასრულებულია და მან ეს იცის, ცხადია, ვისკენაც არის ხელი გაშვერილი - თუ ვინმე არის ზურას მკვლელი, ან დამკვეთი, ახლა, ისინი დაპატიმრებულები უნდა იყვნენ.
პრემიერ-მინისტრი ინფორმაცით, საუბარია ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის გვამების ეგსჰუმაციაზე...
- თუ მიაჩნიათ, რომ ეს გასაკეთებელია, ვინ იტყვის, არ გააკეთოთო?! ძალიან მაინტერესებს, რა საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ყოველი ნაბიჯის ახალ სკანდალად წარმოჩენა?! თუ ეგსჰუმაციაა გასაკეთებელი და ვიღაცაა დასაკითხი, დაკითხონ. ვიცი, რომ სხვადასხვა დროს, ვინც ფანტასტიური განცხადებები გააკეთა, ამ დრომდე დაკითხული არ არის.
თქვენ ნათელა მოდებაძეს გულისხმობთ, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულ სახლში ორი გვამი შეიტანეს?
- რატომ არ არის ეს ადამიანი დაკითხული, როცა მისი მხრიდან ამდენი განცხადებაა გაკეთებული, რომელიც იმ ვერსიას ამყარებს, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ? შეიძლება, ამ გამოძიების გულწფელობასა და პროფესიონალიზმში არ შეიტანო ეჭვი, როცა ასეთი სკანდალური განცხადებებია გაკეთებული და ადამიანები არ არიან დაკითხულნი? რას ნიშნავს მათი ქმედებები, გამოძიებას ეს ადამიანები არ აინტერესებს? შეიძლება, ყველა ჩვენება არ იყოს სწორი, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც ხელმოსაჭიდი იყოს და მათ ხომ უნდა მოუსმინო? ეს ყველაფერი იმას მაფიქრებინებს, რომ ჩვენი მეგობარი, საწყალი ზურა ვიღაცეებისთვის საჯილდაო ქვაა, ვიღაცისთვის კი, პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება. ერთი წამითაც რომ დამეჯერებინა ზურა მოკლულია და ამის უკან ვინმე ჩვენი ხელისუფლებიდან იდგა, ამ გუნდში არ ვიქნებოდი! ამის არ მჯერა, რადგან პატიოსან ადამიანებზე ბინძური ცილისწამება ხშირად მომისენია და ვიცი, თუ რამდენად მძიმეა ეს. არ შეიძლება, ასეთი ბრალდება ჰაერზე წამოისროლო. ვისაც ამ ვერსიის სჯერა, მთავრობას ჰკითხონ, რატომ არ ჰყავთ ეს ადამიანები დაკითხულნი? მეჩვენება, რომ ეს თემა, ხან არჩევნებისთვის სჭირდებათ, ხან ოპონენტების მიმართ მორიგი ლაფის გატყორცნისთვის, მაგრამ ეს ხომ დაელევათ?! მართალი ადამიანი თავის სიმართლეს ყოველთვის დაიცავს, ბინძური ადამიანი კი, რაც არ უნდა დაიმალოს, თავის თავს გამოამჟღავნებს და სიმართლე ადრე თუ გვიან გაირკვევა. ამიტომ, როგორც ზურას მეგობარი, ხელისუფლებას მოვუწოდებ სკანდელებსა და ანგაჟირებულ განცხადებებს თავი დაანებოს და საქმე აკეთოს.
პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ზურა ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „მისი გარდაცვალების თაობაზე ფედერალურმა ბიურომ დასკვნა დადო, რომლითაც ჩემთვის ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ამ დასკვნას ოჯახი იცნობს, თუმცა, ეს დასკვნა გასაგები მიზეზების გამო არ გამოვაქვეყნეთ, რადგან საქმე ეხება ღრმა და ისეთ დეტალს“. რა „ისეთ დეტალზე“ საუბრობს პრეზიდენტი?
- იმას მე მემკითხებით, რაც პრეზიდენტმა თქვა? ჟურნალისტებს გსურთ, რომ საჯარო ჭორაობა დაიწყოს, თუმცა, ამ თემაზე საჯარო ჭორაობას არ ვაპირებ და ვთხოვ, რომ საჯარო ჭორაობას ყველა მოერიდოს, ვინც კი ზურას მეგობარია და ვისაც სიმართლის დადგენა სურს.
თქვენ ამბობთ, რომ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყავით. მის ოჯახთან კავშირი გაქვთ?
- მათთან კავშირი მქონდა, მაგრამ ახლა აღარ მაქვს, რადგან ოჯახის წევრთა უდიდეს ნაწილს ვერსია აქვს, რომ ზურას გარდაცვალებაში, შესაძლოა, გარეული იყოს წინა ხელისუფლება, რისიც არ მჯერა და ამის ვერანაირ მოტივაციას ვერ ვხედავ. შესაბამისად, უდანაშაულო ადამიანზე ვერ ვიტყვი, რომ ესეთი რამ ჩაიდინა. ელემენტარულად, თუ ზურა მოკლულია, გამოდის, რომ მის გარშემო, თურმე, ყველა ყოფილა იმ სურვილით აღვსილი, რომ ზურა მომკვდარიყო. წარმოდიგინეთ, ზურა ჟვანია რა სულელი და ცუდი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომ მის გარშემო იმდენი ადამიანი შეკრებილიყო, რომელთაც მისი სიკვდილი სდომოდათ.
პირიქით, შესაძლოა, მისი სიკვდილი იმის გამო ესურვათ, რომ ის ქვეყნის ინტერესებს იცავდა...
- მაშინ, ეს მათ ხომ უნდა სცოდნოდათ, ვინც მის გარშემო იყვნენ? თუ ზურა მოკლულია, ამ საქმეში გარეული მისი დაცვა უნდა იყოს და ამას ვერ დავიჯერებ, რადგან ისინი, უბრალოდ, დაცვის წევრები კი არ იყვნენ, არამედ - ზურას უმცროსი ძმები. მაშინ, ამ ადამიანებზე უნდა ვიფიქრო, რომ ისინი ზურას მკვლელები არიან და ამას ვერ ვიფიქრებ. საქართველოს ხელისუფლების მოტივაციას ვერ ვხედავდი, რომ ზურა ამ ქვეყნიდან წასულიყო. მაშინ, რასაც ვხედავდი, ეს ჰარმონია იყო და პირიქით, ზურას სიტყვები იყო - „როგორი ბედნიერებაა იმ გუნდში მუშაობა, სადაც ამდენი საქმე კეთდება“. მან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო.
თუმცა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ბატონი ზურას თქვენგან განსხვავებულ სიტყვებს ამბობს, „წავიდოდი, მაგრამ ეს ქვეყანა ვის დავუტოვოო“...
- ამ საკითხების განხილვა არ მინდა, რადგან ჭორაობა გამომდის. მსგავსი რამ მე არ გამიგია. ჩემი აზრით, ეს არის სპეკულაცია, რადგან ზურასგან მსგავსი რამ გუნდის არცერთ წევრს არ უგრძვნია და თუ ვინმე იტყვის, რომ საქმის კურსში, პოლიტიკურ თანამებრძოლებზე მეტად ოჯახის წვერებს აყენებდა, ამას არ დავიჯერებ, რადგან ოჯახის წევრები ოჯახის წევრები არიან და გუნდის წევრები გუნდის წევრები. სწორედ ზურას პრინციპი იყო, რომ საკუთარ მოსაზრებებს გუნდის წევრებს აცნობდა. როგორ მოხდა, რომ პოლიტიკაში ზურას არცერთი ადამიანი არ ჰყავდა, რომელსაც გეგმებს გაუმხელდა? ისეთ სურათს ხატავენ, რომ ზურას გარშემო მხოლოდ მტრები ჰყავდა და არცერთი ნამდვილი ძმაკაცი არ ჰყოლია.
თქვენ თვლით, რომ ბატონი ზურას „ნამდვილი ძმაკაცი“ იყავით?
- ვიყავით, ვართ და ვიქნებით! ზურა, როცა ცოცხალი იყო, მის ინტერესებს ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ! ნებით თუ უნებლიედ, ზურას სახელის ლაფში ამოსვრის საშუალებას არავის მივცემთ! სიმართლეს გამოძიება დაადგენს და თუ ვინმე დასასჯელია, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს.