ქართულ ინტერნეტ-სივრცეში აფეთქებული ბომბის ეფექტი მოახდინა ამერიკული კომპანია „გრინბერგ, ქვინლან, როსნერის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჯერემი როსნერის წერილის სკრინის გამოქვეყნებამ, რომელიც გიგა ბოკერიასადმი იყო მიწერილი.
როგორც ცნობილია, ამ კომპანიამ ბოლო წლებში „თავი დაამახსოვრა“ ქართულ საზოგადოებას სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი „კვლევების“ გაპიარებით, რომლებშიც ყოველთვის დიდი უპირატესობით ლიდერობდნენ ნაციონალები. თუმცა, როსნერი საქართველოში არანაკლებ სკანდალურად ცნობილი „NDI”-ს კვლევის შესახებ ესაუბრება ბოკერიას.
აქამდეც ბევრი ხვდებოდა, რომ სოციოლოგიური კვლევების საჯაროდ გახმაურებული შედეგები სრულიად განსხვავდებოდა იმ შედეგებისგან, რომლებიც პოლიტიკოსების მაგიდაზე იდებოდა. ახლა კი ამ ვარაუდმა მკაფიო დადასტურება ჰპოვა. როგორც ჯერემი როსნერი აღიარებს, „NDI”-ს სექტემბრის გამოკითხვაში (რეალურ გამოკითხვაში!) მყარი მეორე ადგილი უკავია ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც, სექტემბრის მონაცემებით, მარგველაშვილთან ჩამორჩენა თითქმის 10%-მდე შეამცირა.
ამ „შემაშფოთებელი“ ფაქტით შეწუხებული ამერიკელი კონსულტანტი, თავის კოლეგებს “NDI“-ს ქართული ფილიალიდან, ურჩევს სამი ძირითადი თეზისი გაახმოვანონ:
მეორე ტურის გარდაუვალობა;
მასში ბაქრაძის გარანტირებული მოხვედრა;
და, ბურჯანაძის სრული უპერსპექტივობა.
საინტერესოა, რომ ამერიკელი მრჩევლები გიგა ბოკერიასთან ათანხმებენ, თუ რა ციფრები უნდა დასახელდეს სოციოლოგიური „კვლევის“ შედეგად და მასვე ურჩევენ, რა ილაპარაკოს დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სწორედ ბოკერიაა აწ უკვე კვაზიპოლიტიკურ სექტად ქცეული ნაცმოძრაობის ნარჩენების რეალური ლიდერი, ხოლო ბაქრაძე - მისი ფავორიტი და მარიონეტი.
განსაკუთრებით შოკისმომგვრელია ჯერემი როსნერის რჩევები ბაქრაძის (ანუ ბოკერიას) მიმართ, რომ ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატმა... მეგრელების ლანძღვა შეწყვიტოს. თურმე ამერიკელ მეგობრებთან საუბრის დროს, ბაქრაძე, მეგრელებს, არც მეტი, არც ნაკლები, “ჩამორჩენილ და კანიბალიზმის ზღვარზე მყოფ ხალხს” უწოდებდა. და ეს იმ დროს, როცა სამეგრელო იყო ერთადერთი რეგიონი (ქართული მოსახლეობის სიჭარბით), სადაც შარშან ნაცმოძრაობამ გამარჯვება მოახერხა! თუმცა, ბაქრაძემ კარგად იცის, რომ სამეგრელოს „ერთგულება“ ნაცების მიმართ დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ალბათ, ამიტომაც არის განრისხებული ნაცკანდიდატი ამ რეგიონის მოსახლეობაზე და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს...
არანაკლებ მრავლისმეტყველია როსნერის რეკომენდაციები ბოკერიას და ბაქრაძის მიმართ, თუ რა თემების გამო უნდა აკრიტიკონ ხელისუფლება. ეს არის რელიგიური, ეთნიკური და ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა. ნაციონალები ბეჯითად ასრულებენ ამ რეკომენდაციებს, განსაკუთრებით, ყბადაღებული „გეი-აღლუმის“ და თურქულ-სუნიტური მეჩეთების აშენების კუთხით. ასე რომ წერილის რეალობა ამ მხრივაც დასტურდება.
ფაქტიურად, ჯერემი როსნერის ბოკერიასადმი მიწერილი წერილის გამომზეურებამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ნაცმოძრაობის ნარჩენის პრეტენზიას, რაიმე საკვანძო ადგილი დაიკავოს ქართულ პოლიტიკაში. ეს იყო უკანასკნელი ლურსმანი ნაცმოძრაობის კუბოში, რაც უნდა დასრულდეს 27 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის საბოლოო კრახით.
უკვე ნათელია, რომ ნაცმოძრაობის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიერ არჩევნების მასობრივი გაყალბების მცდელობის გზით, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მაგრამ ამისთვის საჭიროა აქტიურობა არჩევნების დღეს, რათა გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდეს. სხვათა შორის, როსნერი მკაფიოდ მიუთითებს ბოკერიას, რომ დაბალი აქტივობის პირობებში ბაქრაძის შანსები (მათ შორის, ფალსიფიკაციის ხარჯზე) იზრდება. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ნინო ბურჯანაძის ელექტორატის დემობილიზაცია შესაძლებელი გახდება, რის მიღწევასაც ცდილობდნენ კიდეც სოციოლოგიური კვლევების გაყალბებული შედეგების გამოქვეყნებით.