საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 2014 წლიდან ნახევარი მილიონით მცირდება. კანონმდებლებს მომავალ წელს გასახარჯად ორმოცდაათი მილიონ ცხრაასი ათასი ლარი ექნებათ. ნახევარი მილიონი ბიუჯეტს დამატებითი ხარჯებისათვის განკუთვნილი თანხიდან გამოაკლდება. წლევანდელი წლის მსგავსად პრემიის გარეშე დარჩებიან პარლამენტარები. ისევე როგორ წელს, პრემიას მომავალ წელსაც მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მიიღებენ. კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება პარლამენტში - 2014 წლიდან პარლამენტარებს საკანონმდებლო საქმიანობისას თანაშემწეები დაეხმარებიან. პარლამენტში დაახლოებით 80 ახალი თანამშრომლის მიღება იგეგმება. მოკლედ, ნანა ყეენიშვილს, გოგი ქავთარაძეს, სოს ჯაჭვლიანს, ზურაბ ზვიადაურს და გოგა ხაჩიძეს თანაშემწეები ეყოლებათ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ახალი თანამშრომლების დამატების მიზეზებს განმარტავს და იმ ხარვეზებზეც საუბრობს, რომლებიც წინა წლების ბიუჯეტში არსებობდა.
„ამ ეტაპზე თანაშემწეები ჰყავთ მხოლოდ მაჟორიტარებს, რომლებსაც საკუთარ რაიონებში ოფისები აქვთ, კომიტეტის თავმჯდომარეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს. თუმცა, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ დანარჩენ პარლამენტარებსაც ჰყავდეთ თანაშემწეები. იგეგმება, რომ მათ ჰყავდეთ ერთი დამხმარე ადამიანი, რათა უფრო პროდუქტიულად შეასრულონ თავიანთი უფლებამოსილება. დაახლოებით ოთხმოცდაშვიდი თანამშრომელი იქნება, რომლებიც სავარაუდოდ, მრჩევლების სტატუსით გაფორმდებიან. ეს ადამიანები პარლამენტარებს დაეხმარებიან საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ზოგადად, საპარლამენტო საქმიანობაში. მსოფლიოს ყველა პარლამენტში არსებობს ეს პრაქტიკა, უფრო მეტი თანამშრომელიც ჰყავთ ამისთვის, მაგრამ ჩვენს პირობებში მეტი ვერ მოხერხდება“, - განმარტავს დავით ონოფრიშვილი
თანაშემწეების დანიშვნის საკითხს პოზიტიურად აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე. თუმცა, აღნიშნავს, რომ ახლანდელი მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში გადამწყვეტ როლს პარლამენტარების მუშაობის სურვილი ითამაშებს და არა თანაშემწეების დანიშვნა.
აკაკი ბობოხიძე: „ნებისმიერ მოქმედებას მივესალმები, რომელიც პარლამენტის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც პარლამენტისა და მთავრობის ძალაუფლება იზრდება. თუკი ახალი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული, მივესალმები. თუ პარლამენტი დარჩება ისევ ბუსუსებიანი პრეზერვატივის განხილვის დონეზე, მაშინ ეს უბრალოდ „ქართული ოცნების“ დასაქმების ახალი მეთოდი იქნება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აპირებს მომავალში პარლამენტი. მაგალითად, ახლანდელ შენობას უმრავლესობის წევრებმა დაუწუნეს ის, რომ ევროპული ტიპის შენობაა და ფაქტობრივად, ყველაფერი ჩანს თუ რას აკეთებს ადამიანი ოთახში საქმიანობს თუ ტყუილადაა დივანზე წამოწოლილი, თამაშობს კომპიუტერთან თუ კანონებს კითხულობს. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ ამ პარლამენტისგან მე სერიოზულს არაფერს არ ველოდები“.
პარლამენტში ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდა ან თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. ამის მიუხედავად, თანამშრომელთა რაოდენობა რიცხვობრივად მაინც შემცირდება. ონოფრიშვილის განცხადებით, წინა წლებში თანამშრომლების რაოდენობა გაზრდილი იყო, თუმცა ეს ადამიანები არც თანამშრომლებად ირიცხებოდნენ და არც ხელფასს იღებდნენ.
დავით ონოფრიშვილი: „წინა წლების ბიუჯეტებში ჩანდა მომუშავეთა რაოდენობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ოდენობის ადამიანი პარლამენტში არასდროს არ ყოფილა დასაქმებული. დაახლოებით ასზე მეტ თანამშრომელზეა საუბარი. რატომ ჩაწერეს ეს ადამიანები, ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. როდესაც ჩვენ ეს რიცხვი ვნახეთ, გვითხრეს, რომ ბოლო ორი სამი წელია ამდენ ადამიანს პარლამენტში არ უმუშავია. ისინი ფიქტიურად იყვნენ მიწერილნი, მათზე არც ხელფასის გამოწერა ხდებოდა და არც სხვა რამე დოკუმენტისა. შესაძლოა ერთ დროს იყო ამდენი თანამშრომელი, მაგრამ მერე როდესაც მათი რაოდენობა შემცირდა, ის ციფრი აღარ გადაუსწორებიათ. ახლა ჩვენ გავასწორეთ ეს ციფრი და დავწერეთ თანამშრომელთა ზუსტად ის რაოდენობა, რამდენიც რეალურადაა პარლამენტში. სამსახურიდან არავინ არ წასულა და შემცირებები არ დაწყებულა. ფიქტიურ თანამშრომლებსაც ვერ დავარქმევთ მათ, უბრალოდ რიცხვები იყო ჩარჩენილი“.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2014 წელს პრემიები მხოლოდ აპარატის თანამშრომლებისთვის გაიცემა, ხელფასის მომატებაზე კი პარლამენტარებმა მხოლოდ 2015 წლისთვის უნდა იოცნებონ.