ახალ დრომ მოგვცა, იმედო, / ჩვენ ესე ტკბილი ქონება / მუშურ-გლეხურმა მთავრობამ / ყველას გაუხსნა გონება / და დაგვაშორა ძველი დრო / ძველი ტყვეობა, მონება. / გულს ჩაინერგე ეს სიტყვა, / შვილო, გაზრდილო დედისა, / უკვდავი ლენინი არის, / გამხსნელი ხალხის ბედისა. / მან გაიმარჯვა ხმელეთზე, / დალეწა ძველი ძალები, / და ამოწყვიტა მთლიანად / ნიკოლოზისა ჯარები. / ვიხსოვნოთ, არ დავივიწყოთ / მისი გმირული თვალები, / ვინც დაივიწყებს, დავტანჯოთ, / არ არის შესაბრალები.
(ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. მშობლიური ლიტერატურა - მერვე კლასის სახელმძღვანელო, 1953 წ.)
მიყვარს ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, ალალია და უსაყვედურო, მაგრამ 60 წლის წინანდელი ტექსტებისა რა მოგახსენოთ - არც ალალია და არც უსაყვედურო, პირიქით - საყვედური ეთქმის, მაგრამ დრო იყო ეგეთი და ვენერა ბებოები ყველა დროში, ყველა ეპოქაში იყვნენ, არიან და იქნებიან. მთავარია რაოდენობა. ვენერა ბებოების რაოდენობა განსაზღვრავს ეპოქის არსს, მაშინ ბევრი იყო, ახლაც ბევრია, მაშინაც ეფერებოდნენ და ახლაც ეფერებიან და რომ ეფერებიან, ეგ არის ცუდი და ეგ, მოფერება, უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე სტატისტიკა. ისე ყველა ეპოქა განსხვავდება ერთმანეთისგან, სამაგიეროდ ვენერა ბებოები გვანან ერთმანეთს.
გასულ კვირაში სააკაშვილმა ვენერა ბებოები დააფასა. „ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი და დეპუტატი შოთა მალაშხია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.
რავა, არ იმსახურებდნენ თუ?! არა, რას იმსახურებენ და რას არა, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ თუ კიკაჩეიშვილს და მალაშხიას რამე ეკუთვნით, ეს, პირველ რიგში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენია, ოღონდ არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად ამ პრეზიდენტის ბრწყინვალებისა.
კიკაჩეიშვილი და მალაშხია დიდად არც მანამდე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმცა ამ მსგავსებას ხმამაღლა მხოლოდ ერთეულები აღნიშნავდნენ, ახლა კი მთლად ტყუპებივით არიან და სულ არ გამიკვირდება, თუ ამ დღეებში საახოვ-მიშტოიანი თითო ბრწყინვალების ორდენს გაიმეტებს თემურ ქორიძისთვის და ნუგზარ წიკლაურისთვის, მურმან ომანიძისთვის და გრიგოლ ვაშაძისთვის, მანანა არჩვაძისთვის და სანდრა რულოვსისთვის... რომელი ერთი ჩამოვთვალო, ან რა საჭიროა ჩამოთვლა?
და თუ ჩამოთვლაზე მიდგება საქმე, ეს ჩამონათვალიც საკმარისია და დამაფიქრებელი: „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები არიან გიორგი ოჩიაური (10 ათასი ლარი), გიორგი გოდაბრელიძე (2 ათასი ლარი), ზაზა კედელაშვილი (10 ათასი ლარი), დავით დარჩიაშვილი (10 ათასი ლარი), სერგო რატიანი (7 ათასი ლარი), შოთა მალაშხია (10 ათასი ლარი), გიორგი ბარამიძე (15 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილი (4 ათასი ლარი), გიორგი ღვინიაშვილი (10 ათასი ლარი), ასევე ორჯერ განახორციელა შემოწირულობა ჩიორა თაქთაქიშვილმა (ჯამში 3 ათასი ლარი)“.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, დანარჩენ გმირებს ხალხი არ იცნობს, ამათ კი - იცნობს, და იცნობს ისე, რომ არც ერთი მათგანი „ზამთარში თოვლს არ მოგცემს“.
მით უმეტეს - მალაშხია, და სასამართლო და გამოძიება იქით იყოს, იმედი მაქვს, ეს პატივცემული ინსტიტუტები, როცა იქნება, კიდევ იტყვიან თავის სიტყვას, მაგრამ არსებობს ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ასეთ რამეებზე ყოველთვის პირველს აქვს რეაქცია. ამ ინსტიტუტის სახელწოდებაა „დაგინების ინსტიტუტი“, რომელშიც არის „ხალხური ზეპირსიტყვიერების“ განყოფილება. როგორც ამ ინსტიტუტის ერთმა უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მაცნობა, ნაციონალებისთვის ფულის შემწირველებზე გამოთქმული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესწავლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იმდენად რამდენადაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ პირველი რიგის ამოცანად მიხეილ სააკაშვილის ერთ წინადადებაზე ატეხილი გინება-დაგინებების შესწავლა-დამუშავება მიიჩნია.
აი, ისიც: „მე, არასოდეს, არც ერთი ბიზნესმენისთვის ჩემი პრეზიდენტობის დროს, არანაირი ფული არ გამომირთმევია“.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ვადაგასულმა პრეზიდენტმა (არადა, პირველად რომ აირჩიეს, ვადა უკვე გასული ქონდა) თურქეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ე.წ. „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის“ ფულის შეგროვება სცადა.
მე მართლა მაინტერესებს, როგორი იქნება ეს ბიბლიოთეკა. ალბათ, მხოლოდ წიგნების გაცემა-განათხოვრებით არ შემოიფარგლება და კვლევებსაც დააფინანსებს. მაგალითად ასეთებს - „ერთსქესიანთა ქორწინების ტრადიცია საქართველოში“ და „სიცრუე და ორპირობა, როგორც პროგრესის მამოძრავებელი ძალა“.
ერთ კვირაში მოსალოცად გვექნება საქმე და მეც ყველას მოგილოცავთ, ოღონდ არა ახალ პრეზიდენტს, არამედ ისტორიის სანაგვეზე ძველის გადაგდებას. აბა, ჯერ ხომ არ ვიცით, ვინ იქნება პრეზიდენტი და ისიც ხომ არ ვიცით, იქნება თუ არა მეორე ტური? ჯერ ისიც არ ვიცით, ვინ იქნება ახალი პრემიერი და, როგორც ირკვევა, უშიშროების საბჭოს მომავალი მდივნის კანდიდატურაც საიდუმლოებით არის მოცული. მდივანი იქით იყოს, ხოლო რაც შეეხება პრემიერს...
„მე არ მიმიღია განხილვაში მონაწილეობა. მეც ველოდები თუ ვინ შეიძლება იყოს. რამდენიმე ადამიანზე საუბრობენ ინტენსიურად, თუმცა მე ეს ინფორმაცია არ მომისმენია პირადად არც პრემიერისგან და არც რაიმე განხილვის დროს“, - თქვა განათლების მინისტრმა.
„არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ კონსულტაციაში სადაც მომავალი პრემიერ-მინისტრობის თუნდაც ერთი კანდიდატი განიხილებოდა“, - ხელები გაასავსავა ფინანსთა მინისტრმა.
„ამასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა განხილვა. ალბათ, უახლოეს მომავალში იქნება ამაზე საუბარი თუ ვინ იქნება პრემიერი. ის იქნება ღირსეული ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს მთავრობას“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
ცხონებული ბებიაჩემი სიცოცხლის ბოლო წელს მეხსიერების დაქვეითებას უჩიოდა, ხანდახან მეც ვერ მცნობდა და რომ ვკითხავდი, აბა მე ვინ ვარ-მეთქი, ეს უაღრესად თავმოყვარე ქალი იხტიბარს არ იტეხდა და მეუბნებოდა: „შენ ხარ ოქრო ბიჭი“.
არის კალაძეში რაღაც ბებიაჩემისებური... იხტიბარს არ იტეხს და „ის იქნება ღირსეული ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს მთავრობას“-ო - აცხადებს. და, მართლაც, ვინ იქნება? ვინ არის? მე, და ალბათ თქვენც, გვგონია, რომ სანიკიძემაც, ხადურმაც და კალაძემაც იციან, მაგრამ არ ამბობენ, თუმცა ახლა ჩემი უსაყვარლესი ქართული ფილმი მახსენდება - „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. გერასიმეს ტატა რომ მოყავს ცოლად, ბიჭები რომ ეკითხებიან - ტატას მშობლებმა თუ იციანო და ეს რომ პასუხობს, ჯერ თვითონ ტატამაც არ იცისო.
როგორც მოგახსენეთ, არის კალაძეში რაღაც ბებიაჩემისებური, მაგრამ არის ჩემებურიც - ხუდონის აშენების მოწინააღმდეგე ენჯეოშნიკებზე რომ თქვა, ყიყინებენო, ეგ არის ჩემებური, ხოლო მანამდე რომ თქვა - ეს გარემოსდამცველი ენჯეოები რომ შეკრიბო, ყველას ერთად ერთი ხე არ ექნება დარგულიო - ეს მთლად ჩემებურად გამოუვიდა.
შეფასებებში ვეთანხმები, თუმცა მთავარია მოტივაცია და არც შედეგია მეორეხარისხოვანი. მინდა გითხრათ, რომ ხუდონჰესმა პირველი უარყოფითი შედეგი უკვე მოგვცა და თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნიუსს გაახლებთ და „ჩინ-ჩინ“-ის რეკლამისა არ იყოს (20 წლის წინ... გახსოვთ?), ჯერ გასინჯეთ და შემდეგ განსაჯეთ:
„საინიციატივო ჯგუფი "ხუდონჰესი უნდა აშენდეს" ხუდონჰესის საკითხზე აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას. „არსებობს საზოგადოების ნაწილი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში სტუდენტები, რომელთა გარკვეულ ჯგუფს შესაძლებელია არ ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფს პირველ რიგში დაგეგმილი აქვს, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია ხუდონჰესის თემაზე. ვაპირებთ, აქტიური საგანმანათლებლო კამპანიის გაგრძელებას სტუდენტებში, რათა საზოგადოების ამ ნაწილის მეტი და კვალიფიციური ინფორმირება მოვახდინოთ. არ გამოვრიცხავთ შესაბამისი მოთხოვნით პერმანენტული საინფორმაციო აქციების გამართვას დევიზით „ხუდონი უნდა აშენდეს“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ კირცხალიამ“.
ჯერ თვითონ სანიკიძემაც არ იცის, ჯერ თვითონ ხადურმაც არ იცის, ჯერ თვითონ კალაძემაც არ იცის, ჯერ თვითონ ტატამაც არ იცის... და, თვითონ კირცხალიამ თუ იცის რამე?
რა უბედურებაა? რა გახდა, რით ვერ ამოვძირკვეთ ეს კომკავშირი?! თავის წილ საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენს მიხეილ კირცხალიაც ელოდება, ოღონდ - სხვა პრეზიდენტისგან და მუშნი ზარანდიამ რომ თქვა (ცივად თქვა) - ჩინი თანამდებობას ახლავსო, აქაც ასეა - ორდენი ვაკანსიას ახლავს, ვაკანსიები კი, აუცილებლად გამოჩნდება და, თანაც - ვედრო აბაზად.
გვიან ღამით (როცა დავით გოგიბედაშვილს მეფური ძილით ძინავს), აივანზე სიგარეტს რომ ვეწევი ხოლმე, მესმის ვიღაცის გინება, კამათი, ჩხუბი... სვამენ, თამაშობენ... სულ ლაწირაკები, უკაცრავად და - ტრაწიანები, სიგარეტის მათხოვრები, ვიგოდნიკები... მეც, ლაზათიანად ვიგინები ხოლმე მათი მიმართულებით, თავში გამიელვებს ხოლმე ბებრული აზრი - „ეს რა თაობა მოდის, ჩემი დედამიწა!!!“, მაგრამ შემდეგ მახსენდება ბავშვობაში ნასწავლი აქსიომა - „სავსე თავთავი თავს დაბლა ხრის, ცარიელი თავთავი - ყელყელაობს“.
ჰოდა, ეს ნაც-მომკავშირლები და მათი მეოცნებე კოლეგები, უბრალოდ, ჩანან. კარგი კი - არ ჩანს, და ეს კარგია. ისე, ხანდახან სხვანაირადაც ხდება - ჰოპ, და... მათ სახელებსაც ვიგებთ.
გასული კვირის მთავარი მოვლენა, ჩემი ღრმა რწმენით და მოკლე ჭკუით, ის იყო, ბიჭებმა ნაბიჭვარი რომ ცემეს. ბიჭები - წესიერი, ქალაქელი ხალხი, ნაბიჭვარი - ციხის ყოფილი უ(მ)ფროსი.
„გუშინ გახმაურდა საზარელი ფაქტი, რომელიც ეხებოდა კრიმინალების მიერ რუსთავის ციხის ყოფილი დირექტორის საზარელ ცემას. მისი თქმით, სამმა კრიმინალმა ციხის ყოფილი დირექტორი ერთ-ერთი კრიმინალის მამის სახლში მიიყვანა, ჩაკეტა, თავისუფლება აღუკვეთა და სასტიკად სცემა, „სცემა ისე, რომ ადამიანმა ექვსჯერ გონება დაკარგა, აქვს ძალიან სერიოზული დაზიანებები“ - სლუკუნებდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი სიდედრის მქონე აკაკი-კაკო-კაკი-აკო მინაშვილი. ექვსჯერ დაკარგა გონებაო... დაკარგავდა გონებას, აზრზე მოვიდოდა, ამოიღებდა უბის წიგნაკს და ჩაწერდა: „ეს - ერთი“, შემდეგ, „ეს - ორი“ და ა.შ. სულ ექვსჯერ.
მინაშვილმა იმ ადამიანების სახელები დაასახელა, რომლებმაც ციხის დირექტორს სცემეს - გაგა ჩხაიძე, ლევან კვარაცხელია და გიორგი გუდაძე.
ვენაცვალე თქვენს გამზრდელებს!!! ხომ გახსოვთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა ამ ერთი წლის წინ? მან იმედი გამოთქვა, რომ დამყაჩაღებლები თავად დაუბრუნებდნენ წართმეულ ქონებას დაყაჩაღებულებს. შემდეგ, დამყაჩაღებლებმა დაინახეს, რომ ბიძინა არავის საქმეში არ ერევა და... დაუბრუნეს არა, ტოროლა! ციხის ყოფილი უფროსის ცემა სიგნალი უნდა იყოს ცალკე ნაცებისთვის - რომ შეძვრნენ იქ, საიდანაც გამოძვრნენ, და ხელისუფლებისთვის - რომ რადგან გამოძვრნენ, კეთილი ინებონ და აღადგინონ სამართლიანობა, რომელიც დაირღვა იმათ მიმართ, ვინც მეოცნებეები ხელისუფლებაში მოიყვანა, თორემ...
გასულ კვირაში ივანიშვილმა ერთობ საყურადღებო რამ თქვა: „საქართველოში არ დარჩება განცდა, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა“.
ვნახოთ, ვნახოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: 1) ხელისუფლებაში არ დარჩება ის ძალა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა; 2) საქართველოში არ დარჩებიან ადამიანები, რომლებმაც ხმა სამართლიანობის აღდგენას მისცეს.
რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ჯობს და უკვე ძალიან საყურადღებოა ივანიშვილის ეს სიტყვები: „აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს“.
თქვენი პრეზიდენტის...!!!
არა, რა თქმა უნდა, ეგვიპტე არ გვხიბლავს და აქ არც არის ეგვიპტის განმეორების პერსპექტივა. აი, ჩილეზე კი, უარს ნამდვილად არ ვიტყოდით - წყნარად, გემრიელად, ცოტა სარკაზმით, მეტი ირონიით და კანონის სრული დაცვით. მაშ, ეს ციხეები ვისთვის აშენდა - გაგა ჩხაიძისთვის, ლევან კვარაცხელიასთვის, გიორგი გუდაძისთვის, ჯოტია ცაავასთვის, ერთაოზ ბრეგვაძისთვის, ქრისტეფორე მგალობლიშვილისთვის თუ ედმონ დანტესისთვის?
ივანიშვილის მესამე და საყურადღებო: „მე რომ პოლიტიკაში არ მოვსულიყავი, უსუფაშვილი წასვლას აპირებდა“.
მდააააააა... რა ვქნა, ახლა? ჩამოვთვალო ასობით ადამიანი, ვინც ბოლომდე აპირებდა ბრძოლას? ასობით ასეთს მე ვიცნობ და ისინიც ასობით ასეთს იცნობენ, რაც ჯამში ათასებია და მათგან თითო-ოროლა თუ მოხვდა იმ ლაშქარში, რომლის შესახებაც გასულ კვირაში უსუფაშვილმა ისაუბრა - „შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ბრძოლაში შეიქმნა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ორი წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და ბრძოლა დაიწყო, მან ჩამოიარა საქართველო და ლაშქარი აკრიფა. ლაშქარი, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებად“ ჩამოყალიბდა, მომზადებული იყო პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის“.
გაიგე, ახლა, ბრძოლისთვის იყვნენ მომზადებულები თუ ბარგის ჩასალაგებლად და გასაქცევად? რავი... უსუფაშვილი, თურმე, წასვლას აპირებდა, მაგრამ ვის უტოვებდა იმ 200-მდე ადამიანს, ვინც ახლახანს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა? მართალია, იმ 200-დან სულ 30-40 თუ იყო პოლიტპატიმარი, მაგრამ 30 ცოტაა? მე თუ მკითხავ, ერთიც ბევრია, თუ სამშობლოს, ზნეობას და სამართალს ყველაფერზე მაღლა აყენებ... თუ!.. „თუ“ მეგრულად გოჭია. აქეთ „თუ“, იქით „თუ“... შაირია ამად კარგი.
გოგი ქავთარაძე და ნანა ყეენიშვილი!.. ეუფ, ლაშქარზე იკაიფე!
მე მგონი, არასამთავრობო ენჯეოშნიკებზე უკვე ყველანი კაიფობენ. კალაძის აბსოლუტურად სამართლიანი შენიშვნის თაობაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა ჯერი დანარჩენ მინისტრებზეა.
„უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე, გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობისას, კონსტრუქციულობის პრობლემა არ ყოფილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თემის კომენტირებისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა“.
„იუსტიციის მინისტრს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, თმენის მეტი ვალდებულება აქვს, – ასე გამოეხმაურა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის დატოვებას“.
„არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებს“.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მარგველაშვილისადმი მიცემულ რჩევას მიზანშეუწონლად აფასებს“.
იციან - არ იციან, ესმით - არ ესმით, ეკითხებიან - არ ეკითხებიან... მნიშვნელობა არ აქვს - მოაღებენ პირს და ლაპ... ყიყინებენ.
რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემთხვევაში მასში მარგველაშვილის არმონაწილეობის ამბავში ივანიშვილმა ძალიან გადააჭარბა და გადააჭარბა მარგველაშვილმაც, როცა თქვა, ეს საოცრებაა და მე საოცრებაში მონაწილეობას არ მივიღებო...
ლუის კეროლი - „ალისა საოცრებათა სამყაროში“ ბიძინა ივანიშვილი: „გიორგი საოცრებათა სამყაროს გარეთ“.
ისე, მართლაც საოცრება იყო ნაცების მოშორება უსისხლოდ და ისე ნუ იზამენ, გვარს არ დავასახელებ, ვიღაცეები, რომ ამ საოცრებაში მონაწილეობა გვანანონ. ნაცები არავის ენატრება, უბრალოდ, მალე სანანებელი გაგვიხდება, რომ მოხდა ისე და არა ასე - „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“.
„გიორგი მარგველაშვილის განცხადება მიანიშნებს, რომ მას პრეზიდენტობაზე დაბადებიდან არ უოცნებია - ასეთი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა“...
თუ მხოლოდ ეს მიანიშნებს და მეტი არაფერი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე... ერთი - გარბოდა, მეორე - არ ოცნებობდა... ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, უსუფაშვილი წასვლას აპირებდა - თითქოსდა ეს ცუდია, მაგრამ ფონი, ფონი, ფონი... იმის ფონზე, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში არმოსვლის შემთხვევაში, დღევანდელი „ქართული ოცნების“ კარგა დიდი ნაწილი, ასე - 80-90 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესვლას აპირებდა, უსუფაშვილის გადაწყვეტილება - „მე წავედი და თქვენ ჯანდაბამდის გზა გქონიათ“ - საკმაოდ კეთილშობილურად გამოიყურება.
ჰოდა, ფონი-მეთქი და, ლამისაა ნინო ლომჯარია შემიყვარდეს, ოღონდ - ნიკოლოზ მჟავანაძის ფონზე. „არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის, ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებით, დათა ახალაია საზღვარზე ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა. როგორც „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მას ფარული ვიდეოჩანაწერი მიაწოდეს, სადაც დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდის ურთიერთობებზე დაბეჯითებით და მტკიცებულებით საუბრობს. მჟავანაძის ინფორმაციით, დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი საპარლამენტო არჩენების პერიოდში სამეგრელოში იყო მივლენილი, რომელიც ფარულ ჩანაწერში ყვება ირაკლი ალასანიასა და ძმებ ახალაიებთან ურთიერთობების შესახებ“.
მოკლედ, ეს ენჯეოშნიკები ორ ნაწილად იყოფიან. ერთნი - რომელთა შესახებაც ფარული ჩანაწერები არსებობს და მეორე - რომლებსაც ამ ჩანაწერებს აწვდიან. ორივე შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირი არის კუდ-ი, თუმცა, როგორ შეიძლება, რომ პირი კუდი იყოს, ეს ბოლომდე არც მე მესმის, არც თქვენ და არც იმას, აი...
„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი მეცნიერული აღმოჩენის - მეხუთე თავის ქალის გამოფენა გაიმართა. როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, ეს აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის. მეცნიერ ბესარიონ ვეკუას განცხადებით, ამ აღმოჩენამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. „აფრიკაში მიაჩნდათ, რომ აფრიკაში აღმოჩნდა განვითარებული ჰუმინიდი, ევრაზიაში კი ის მილიონნახევარი წლის შემდეგ გამოჩნდა. ეს აღმოჩენა ნაცარტუტად აქცევს ყველა აღმოჩენას. ფაქტია, რომ საკმოდ ჩქარა ადამიანი გადმობარგდა ევრაზიაში და დასახლდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც არა მარტო კარგად ბინადრობდა, არამედ შთამომავლობაც შექმნა“, - განაცხადა ვეკუამ“.
მეხუთე თავის ქალა... ხუთიანი ისევ აქტუალურია და იმედი მაქვს, უფრო აქტუალური გახდება მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოიყვანენ მას, ვინც ნიცის აეროპორტიდან ტირანაში მიემგზავრებოდა - დავით კეზერაშვილს. ტირანაშიო... აბა, სად წავიდოდა? მაგისი ადგილი ან ტირანაშია, ან - მანაგუაში, ბორდოში და ქეიფთაუნში არავინ ელის. თუმცა, თბილისში მას უკვე ელის კოტე კუბლაშვილი, რომელმაც გასულ კვირაში წაიტრაბახა, გასაჩივრებულ სისხლის სამართლის საქმეების მეტი წილი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ მთავრდებაო. ადრე სხვანაირად ჭიკჭიკებდა - „იმას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა“. ახლა სხვა დროა, კეზერაშვილი მოდის და სააკაშვილი კი მიდის, მაგრამ თუ სამართალია, ბოლოს ერთად უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც ჯერ არს - ვირის აბანოში.
„იმის მაგივრად, რომ ეს ტერიტორია მოწესრიგებულიყო, პარკი გაეკეთებინათ ქუთაისელებისთვის, ტბა, უამრავი რაღაც იყო დაგეგმილი, გადაქცეულია საძოვრად. გუშინ, აქ რომ გადავიფრინე, თივის ზვინებით იყო გარემოცული. დღეს რომ მოვდიოდი, დილიდან წაიღეს აქედან. რა მნიშვნელობა აქვს, გაიხედეთ, ძროხებით არის სავსე აქაურობა. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პარლამენტი თანდათან საძოვრად გადაიქცა“ - სააკაშვილი ბოლო გადაფრენის შთაბეჭდილებებშია.
ბოლო გადაფრენა, ბოლო შთაბეჭდილებები, ბოლო ბანაობა... ბოლო-ბოლო, ბოლო სიტყვა მაინც ჩვენ გვეკუთვნის - მათ, ვიზეც ფარული ჩანაწერები არ არსებობს, ვინც ფარულ ჩანაწერებს არ აფრიალებს, ვინც არასოდეს ყოფილა ფარული მოქალაქე და ფარული პატრიოტი, და ამიტომ არსად წასვლას არც აპირებდა და არც აპირებს.
სააკაშვილი ვერტმფრენიდან ძროხებს ხედავდა და ფიქრობდა: „რატომ აქვთ ძროხებს ნაღვლიანი თვალები?“
ვირული აზრები... ეჰ, ჯეკ!
მ.მ. (მიდი, მოვდივარ) შენს სურათს ხატვა რად უნდა, / საქმით ხარ დახატულია, / ხალხის შვილი და მამა ხარ, / ნატვრის ხედ ამოსულია. / ცისარტყელა ცას არტყია, / შვიდნაირად დახატული, / სტალინ, შენ ხარ მტერზე ტყვია, / ჩვენ შენს ირგვლივ დარაზმული... / მტკიცე ხარ, მტკიცე, ბელადო, / სახანჯლე ფოლადივითა, / რასაცა დაჰკრავ, გადასჭრი, / უდრეკო, ლენინივითა... / დიდხანს იცოცხლე, ბელადო! / დიდხანს გვიხარე გულია! / ცხოვრება კარგი შეგვექნა, / სიცოცხლე - სიხარულია!..
(ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. მშობლიური ლიტერატურა - მერვე კლასის სახელმძღვანელო, 1953 წ.)