ნოდარ ხადური ნოემბრისთვის „სიუპრიზს“ ამზადებს

ნოდარ ხადური ნოემბრისთვის „სიუპრიზს“ ამზადებს

ქართული საზოგადოება ნოემბრისთვის სიუპრიზს უნდა ელოდოს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობას სიუპრიზს ფინანსთა მინისტრი უმზადებს, რომელიც არ აკონკრეტებს რას გულისხმობს „კარგი სიუპრიზი“. ნოდარ ხადური For.ge-სთან საუბარში მხოლოდ იმას ამხელს, რომ ეს სიუპრიზი ევრობანკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას უკავშირდება და მას პირობა აქვს დადებული, რომ ამ სიუპრიზს ნოემბრამდე არ გაასაჯაროვებს.

ვინაიდან, მთავრობის წევრი ფიცს მტკიცედ იცავს, საზოგადოებას ნოემბრამდე მოცდა მოუწევს, მაგრამ მინისტრი დღეს, თამამად დაგროვებითი პენსიის პროგრამაზე საუბრობს, რომლის თაობაზეც ამბობს, რომ ეს პროექტი გრძელვადიანია, თუმცა, ადამიანები პენსიას სტაჟის, დამსახურებისა და ხელფასის მიხედვით აიღებენ, რომელიც გაცილებით მაღალი იქნება.

ხადურის განმარტებით, დაგროვებითი პენსია იმ პირებს არ შეეხებათ, რომლებიც პენსიონერები უკვე არიან.

„ის ვინც პენსიას დღეს იღებს, დაგროვებითი პენსია მას არ შეეხება. ისინი პენსიას ჩვეულერივ რეჟიმში მიიღებენ და მომავალში, როცა პენსია გაიზრდება, მათი პენსიაც გაიზრდება. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ეს ერთ და ორ თვეში არ მოხდება. საპენსიო ფონდში თანხები დაგროვდება ჩვენი შემოსავლიდან, ან საშემოდგომო გადასახადის ნაწილიდან, რომელსაც დღეს ვიხდით. როცა პენსიაზე გავალთ, დაგროვილ პენსიას სტაჟის, დამსახურებისა და ხელფასის მიხედვით ავიღებთ, რომელიც გაცილებით მაღალი იქნება. ეს პროგრამა სრულად იმ ახალგაზრდას შეეხება, რომელიც მაგალითად, მუშაობას ხვალ დაიწყებს და წლების შემდეგ, პენსიაზე გავა. ეს პროექტი არცერთ გადასახადს არ გაზრდის“, - განმარტავს მინისტრი, რომლის მსგავსადაც, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ დაგროვებითო პენსია საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ისტორიული პროექტია.

დეპუტატის განმარტებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საპენსიო რეფორმა არ გატარებულა და ყველა პენსია ბიუჯეტიდან მიდის.

მისი თქმით, დაგროვებით პენსიაზე საუბარი ათი წლის წინ იყო, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საკითხი არ აღელვებდა.

„სხვა ქვეყნებში თანადაფინანსების საშუალებებია, როცა ფონდში სახელფასო ანარიციხიდან თანხა შეაქვთ. დაგროვებითი პენსია პენსიების ზრდის დიდი რეზერვია და მსოფლიოც ასე ცხოვრობს. ამ რეფორმისთვის სამუშაოები დაიწყება. პროექტის თაობაზე ყველა დეტალს ვერ გეტყვით, მაგრამ სქემები არსებობს და ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. დაგროვებით პენსიას საბიჯეტო თანხები დაემატება. მრავალი წლის შემდეგ კი, საბიუჯეტო თანხები მინიმუმამდე დავა და წინ ეს დაგროვებითი თანხები წავა. წინა ხელისუფლებას ამ პროექტზე 2005 წელს რომ ეფიქრა, ახლა წინ ვიქნებოდით“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

აღნიშნული საკითხების გარდა, მინისტრმა საჯარო სამსახურებში საშტატო ერთეულების გაზრდის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წელს, შტატები 453 ერთეულით იზრდება, საიდანაც 352 შტატი სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქმნება.

„რადგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი ფუნქცია მიეცა, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო კოორპერატივების მშენებლობა, უწყებაში 352 შტატი იქმნება. ამას გარდა, უწყებაში შემავალი საჯარო სამართლის პირები უნდა გააქტიურდნენ, რომლებიც ხარისხის, კონტროლისა და სასუსართო უსაფრთხოებაზე მუშაობენ და მათ კადრები სჭირდებათ“, - განუმარტა for.ge-ს მინისტრმა, რომელიც ხათუნა გოგორიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრებს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე მაღალი ხელფასები აქვთ.

ხადურის მტკიცებით, მის წინამორბედს, მასზე ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდა, რომელსაც მისგან განსხვავებით, რვა მოადგილე ჰყავდა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრი მტკიცების ხათუნა გოგორიშვილს არ სჯერა და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციურად პირველი პირი პრეზიდენტია, ხოლო მეორე - პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრების ხელფასები გაცილებით მაღალია.

„ქვეყანაში ერთიანი სახელფასო პოლიტიკა არ ხორციელდება და 2013 წლის განმავლობაში ხელფასები მინისტრებსა და მასზე მიბმულ თანამდებობის პირებს - მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების ზოგიერთ უფროსს გაეზარდათ. საქართველოში ყოველთვის ყველაზე მაღალი ხელფასი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდათ, რაც იყო უფრო მეტი, ვიდრე პრეზიდენტის ხელფასი. დღესდღეობით მათი ხელფასები თითქმის იგივეა, რაც სამინისტროებში დეპარტამენტების უფროსების ხელფასებია. ზოგადად, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სამსახურში, ხელფასების ნაწილში 74 მილიონ 795 ათას ლარიანი მატებაა. მთავრობის კანცელარიაში საშუალო ხელფასები საქართველოს საჯარო სამსახურში ყველაზე მაღალია, სადაც საშუალო ხელფასი 2 780 ლარია, რაც არსად სხვაგან არ არის“, - განმარტავს კანონმდებელი.

თუ რომელ საჯარო მოსამსახურეს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი, ამაზე განმარტებების გაკეთება ნოდარ ხადურს პარლამენტის ტრიბუნიდანაც მოუწევს, რადგან 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს უწყება დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს. მთავრობაში გადამუშავებული საფინანსო დოკუმენტი კი პარლამენტს, 5 ნოემბერს დაუბრუნდება.