საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭირობებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა სიტყვიერად მეტად ნაყოფიერი გამოდგა და ახლა იგივე საქმეშიც უნდა დადასტურდეს. თუკი მთავრობის წევრებს ვერწმუნებით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მალე ყოფითი პრობლემები სრულად უნდა მოუგვარდეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ 81 ახალი ამბულატორიიდან, რომლის აშენებაც ჯანდაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ინიციატივით გადაწყდა, 19 ამბულატორია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში აშენდება. ამავე დროს, სოფლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც მოხდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობასაც სწავლობენ. კომისიის სხდომაზე სოფლების გაზიფიცირებაზე და შეშით მომარაგებაზეც იმსჯელეს. ამ მხრივ მოსახლეობას სრულ დახმარებას ჰპირდებიან.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლების ყველა აბონენტი 1-ლი ნოემბრიდან მოყოლებული 6 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება. სამინისტრომ 43 სოფლის სია მიიღო, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
„არ არის გამორიცხული, რომ ამ სიაში ხაშურის რამდენიმე სოფელიც დაემატოს. საერთო ჯამში, საუბარია 10 000 ოჯახამდე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ. ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ეს არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება“, - განაცხადა ელოშვილმა.
ყველა სოფელში, რომელებიც აღნიშნულ სიაში იქნებიან, ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2014 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე დასრულდება.
„რაც შეეხება გაზიფიცირებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას, რომ პირველი ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში ყველა სოფელი, რომელიც ამ არეში იქნება, ყველა აბონენტი იქნება გაზიფიცირებული. ხაზს ვუსვამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ოჯახში შევა გაზი“, - განაცხადა ელოშვილმა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში პრობლემების მოგვარება სულ 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განმარტებით, ყველა პრობლემა, რაც ამჟადმა არსებობს, კომისიის სხდომაზე დაისვა და გაანალიზდა.
„ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ კონკრეტული გრაფიკები და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. ჯამში რა ღონისძიებებზეც დღეს ვსაუბრობთ, ყველაფერი ერთად 20 მილიონ ლარამდე დაჯდება, რომლის ნაწილიც წელს უნდა დაფინანსდეს მომდევნო ორი თვის განმავლობაში რა ღონისძიებებიც მოესწრება, დანარჩენი, განსაკუთრებით გაზიფიცირების საკითხი, რაც 6 თვეზეა გაწერილი, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“, - განაცხადა მინისტრმა დავით ნარმანიამ.
ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ის არის, რომ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი, ანუ, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება, კრძალავს დამატებითი დაფინანსებების გამოყოფას. „ამ მუხლით, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება გვიკრძალავს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას და ახალი პროგრამის ინიცირებას. ამიტომაც, ინდივიდუალურ რეჟიმში - რომელ უწყებას რა ბიუჯეტი და პრობლემები გაგვაჩნია - ამის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას.
მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, შეგვეძლება მთავრობის სხდომაზე წარვადგინოთ ახალი პროექტები, დავამტკიცოთ ისინი და ამ პროგრამების ფარგლებში შევძლოთ დამატებითი სამუშაოების გატარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სოფელ დვანში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმყოფებოდა. თამარ სანიკიძის განცხადებით, აუცილებელია სოფლების სკოლების ინტერნეტით აღჭურვა, რაზეც სახელმწიფო იზრუნებს. იგეგმება სოფლების მოსახლეობისთვის ტრანსპორტის გამოყოფა, რათა მოსწავლეებმა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა საბავშო ბაღსა და სკოლაში გადაადგილება უფრო მარტივად შეძლონ.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრაზე დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე იმსჯელეს.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 1-ელ ოქტომბერს შეიქმნა. 16 ოქტომბრის შეკრება კომისიის საქმიანობაში რიგით მეორე შეკრება იყო.