უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, საარჩევნო დაპირებების მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, პრობლემის გადასაჭრელად არათუ წინ გადადგმულა რაიმე ნაბიჯი, არამედ უფრო დავშორდით დაკარგული ტერიტორიებს.
განსაკუთრებით დიდი იყო მოლოდინები „ვარდების რევოლუციის“ ფუძემდებლების დაპირებების მიმართ. მაშინ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების დაპირება იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ კომპაქტურად მცხოვრებმა დევნილებმა, განშორების სამზადისში, ერთად სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღეს. შემდეგ იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დევნილებს აფხაზეთში გამოზამთრების გარანტია მისცა.
„მე გაძლევთ სიტყვას, შემდეგი ზამთარი ჩვენ ყველანი ვიქნებით უფრო თბილი კლიმატის პირობებში, ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას გაძლევთ და არაფერი არასოდეს არ მითქვამს ასე კონკრეტულად. ღმერთმა კი არ ქნას, ჩვენ ვიზამთ ამას“, - განაცხადა დევნილებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა 5 წლის წინ.
სააკაშვილის საარჩევნო შტაბს მაშინ პრეზიდენტობის დღევანდელი კანდიდატი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობას, უკვე მეორეჯერ ასრულებდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი ახლანდელი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.
პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და შესაბამისად, ეს მტკივნეული თემა, პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში უმნიშვნელოვანეს პუნქტს ისევ წარმოადგენს. მათ საკუთარი ხედვის დაფიქსირება 20 აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში NIMD-მა შესთავაზა. ამომრჩეველს საშუალება აქვს გაიგოს რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატები ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე გამოსავალს რუსეთისა და საქართველოს საერთო ინტერესების მიგნებაში ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრებათ რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის საფრთხეები. „ქრისტიან-დემოკრატები“ აცხადებენ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ჩრიდოატლანტიკური თანამშრომლობა უნდა განიხილოს არა საფრთხედ, არამედ შემაკავებელ ფაქტორად, ისევე როგორც ეს ავღანეთში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება დეზინტეგრაციული პროცესები თავად რუსეთის ფედერაციაში, რაც თავისთავადი საფრთხე იქნება საქართველოსთვისაც.
„ერთიანი საქართველო - ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია - დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან, არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში“. - აცხადებს გიორგი თარგამაძე და ამ კონცეფციას მიიჩნევს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლო საფუძვლად.
პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში იოლი გამოსავლის იმედი არ უნდა გვქონდეს. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი კონფლიქტის ჰუმანიტარულ მხარეზე უნდა გაკეთდეს, ანუ მიღწეული უნდა იქნას იმის აღიარება, რომ ლტოლვილებს აქვთ საკუთარ მიწაზე უპირობოდ დაბრუნების უფლება. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე დღევანდელ ხელისუფლებას სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებისადმი უნიათო რეაგირებაში ადანაშაულებს.
„მათთან დაკავშირებით უნდა ვაწარმოოთ არაღიარების აქტიური პოლიტიკა, ჩამოვაყალიბოთ ნდობის გარემო საერთო ინტერესების ქსელის შექმნით და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების საფუძველზე შევქმნათ საქართველოს შიდა სივრცეში მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ვექტორები. ამასთან, კონფლიქტური რეგიონები უნდა გამოცხადდეს დემილიტარიზებულ ზონად, განისაზღვროს უსაფრთხოების გარანტიების (მ.შ. საერთაშორისო) მექანიზმები, ხოლო დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებლებს და მიიღონ კომპენსაციები“, - აღნიშნავს ზურაბ ხარატიშვილი.
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საკუთარ ხედვას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უჩვეულოდ ლაკონურად გამოხატავს. მისი თქმით, საკითხის გადასაჭრელად უნდა მოხდეს გამყოფ ხაზებზე ვაჭრობის განვითარება, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აქცენტს აკეთებს საერთაშორისო ნორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, ტერმინის „ოკუპაციის“ შენარჩუნებაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარებაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით, წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ, დევნილთა ღირსეული დაბრუნების უფლებით.
ბაქრაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიმუშავა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ენერგიული მოქმედება და პირველ ეტაპზე პრიორიტეტული უნდა იყოს სახალხო დიპლომატიის, ყველა სახის კონტაქტების (ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, მედია და ა.შ.) წახალისება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. მისი თქმით, კონფლიქტების გადაწყვეტის უმთავრესი პრინციპია ორიენტაცია არა იმაზე, რაც ერთმანეთს გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაკავშირებს და მომავალში დაგვაკავშირებს.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სერიოზულ განახლებას და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ბურჯანაძე აუცილებლად მიიჩნევს.
„უნდა გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება, საქართველო დიდი სახელმწიფოების ინტერესთა შეჯახების პოლიგონის ნაცვლად, ინტერესთა შეჯერების სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, უნდა მიმდინარეობდეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტულია ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა და პერსპექტივაში სრულუფლებიანი წევრობა“, - განმარტავს ბურჯანაძე.
წარმატებული ქვეყნის ერთად აშენებას სთავაზობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის გზაზე, მისი ხედვით აუცილებელია ისეთი დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენება, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი პრობლემის გადაჭრაში განსაკუთრებულ როლს ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას და სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებას ანიჭებს. იგი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის უდაო როლს აღნიშნულ საკითხში.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები ვართ - ამ გზაზე არ იქნება არავითარი დათმობა, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ღირსებას. ამ კომპლექსურმა ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, გვქონდეს მათი უფლებების დაცვისა და თავისუფლებების განხორციელების მტკიცე გარანტიები“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტობის ერთადერთი დევნილი კანდიდატი ,,ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია აუცილებლად მიჩნევს თანამშრომლობას რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო, რათა მათგან მოპოვებული იქნას მეტ-ნაკლები მხარდაჭერა.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად აკონტროლებენ ვითარებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც მისასალმებელია, მაგრამ არ აქტიურობენ რუსეთის ფედერაციის მიერ, მისი სახელმწიფოსთვის უხეშად აყრილი უფლების დასაცავად.
„იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა სრულუფლებიანი წევრიც საქართველოა, საკუთარ წესდებებში აღიარებული აქვთ წევრი სახელმწიფოების უფლებათა დაცვა, ოკუპანტი რუსეთის აგრესია აზარალებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ უხეშად უპირისპირდება ამ სოლიდური ორგანიზაციების ავტორიტეტს და მათ საერთაშორისო ღირსებას“, - აღნიშნავს თემურ მჟავია.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ამიტომ უპირველეს ღონისძიებათა რიგში აპირებს დააყენოს თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციებთნ, სახალხო დიპლომატიის რესურსის გამოყენებასა და ამ დიალოგში რუსეთის ფედერაციის ჩართვა მისთვის მიუღებელია.
საქართველოსთვის დასავლური ფასეულობები და დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება რომ აუცილებელია, ამას ყველა პოლიტიკური ძალა უსვამს ხაზს. თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ წლების მანძილზე რაც მეტია რიტორიკა დასავლეთთან დაახლოებასა და მასთან პარტნიორობის შესახებ, მით მეტი დაკარგული ტერიტორია და მეტი დევნილი მივიღეთ. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ესკალაციის შედეგან მიყენებულ ზიანს, ქვეყანა დიდხანს ვერ აინაზღაურებს. საქართველო რომ ზესახელმწიფოებს შორის საჯილდაო ქვად კიდევ გაურკვევლი დროით დარჩება, ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვებსაც ლაიტმოტივად გასდევს. თაობების ცვლაც დიდ გავლენას ახდენს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე. ერთია სურვილი და მეორე რიტორიკა, პრაგმატული ანალიზი, რის საფუძველზეც უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ახლა ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რომელი პრეზიდენტობის კანდიდატს მიანდობს ამჯერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედს და გაამართლებს თუ არა ქართული ანდაზა: „ერთი ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო“.