„თქვენ, ჩემი მიჯირყვნა გადაწყვიტეთ?“ - for.ge-ს ამ რეპლიკით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც დავინტერესდით, ქუთაისში პარლამენტის გადატანით რა შეიცვალა რეგიონისთვის, მოხდა თუ არა დეცენტრალიზაცია, ინტერესდება თუ არა ქვეყნის პირველი პირი აპარატის თანამშრომელთა ქუთაისური ცხოვრებით და თუ ასეთი მნიშნელოვანია ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს არსებობა, „ნაციონალური მოძრაობა“ უწყებაში რატომ დადის პრიორიტეტული საკითხების განხილვის მიხედვით.
პრეზიდენტი ჩვენს კითხვებს დაელოდა, საკუთარი რეპლიკის შემდეგ გულიანად გადაიხარხარა და დაგვარწმუნა, რომ ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 80-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში, „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტი საძოვრად გადაიქცა“.
მიხეილ სააკაშვილმა 360 მლნ ლარიანი პარლამენტის შენობის პერიმეტრზე არსებულ ვითარებაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თურმე, გუშინ, ქუთაისს გადმოუფრინა და ნახა, რომ უწყების ტერიტორიაზე თივის ზვინები იყო.
„საძოვრებსა“ და „თივის ზვინებზე“ საუბრის მიზნით, ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისს დღეს კი, ისევ გადმოუფრინა და პარლამენტის შენობის ჩრდილოეთის მხარეს, ტიალ მინდორზე მყოფი ძროხების ნახვის მიზნით, ადგილზე მედიის წარმომადგენლებიც მიიპატიჟა. პრეზიდენტმა თავდაპირველად მოგვიწოდა კითხვები დაგვესვა, თუმცა, მას მივმართეთ, რომ საკუთარი სათქმელი თავად ეთქვა.
პრეზიდენტმაც არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, „ამხელა შენობა“ პრაქტიკულად ერთ წელში აშენდა, გარშემო პერიმეტრის მოწესრიგებას კი, ერთი თვე სჭირდებოდა, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ტერიტორია მოწესრიგებულიყო და ქუთაისელებისთვის ხელოვნური ტბა გადაკეთებულიყო, პერიმეტრი საძოვრად გადაქცეულა.
„გუშინ, აქ რომ გადავიფრინე, ვნახე, რომ ტერიტორია თივის ზვინებით იყო გარემოცული. ეტყობა გაიგეს, რომ აქ მოვდიოდი და მთელი ღამე იმუშავეს და ეს ზვინები წაიღეს. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პარლამენტი თანდათან საძოვრად გადაიქცა. ქუთაისელებს მინდა ვუთხრა, რომ მთავრობას გეგმა აქვს - საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ტურში დაამთავროს და პარლამენტის აქედან წაღების საკითხი კენჭსყრაზე დააყენოს. ქუთაისელებო, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მერე, არავინ მითხრას, რომ მიშა, რა დღეში ჩაგვყარეო! ახლა ხმას თქვენ აძლევთ და თქვენი გადასაწყვეტია, უნდა იყოს თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი. მე ეს საკითხი გადავწყვიტე და საქმე გავაკეთე კიდეც. მართალი გითხრათ, კბილებით მიჭირავს, რომ პარლამენტი აქედან არ წაიღონ.
ქვეყანაში დემოკრატიაა, პინოჩეტი არ ვარ და არც დიქტატურა დამიმყარებია. გინდათ, განვითარდება გაგრძელდეს თუ, გსურთ, დასავლეთ საქართველოს განვითარების ეს კონკრეტული იმედი, მითიურ ფულებზე გავცვალოთ, რომელსაც არავინ მოგვცემს და რომელსაც ვერც ნახავთ?!“, - მიმართა ქუთაისელებს პრეზიდენტმა, რომლის შემდეგაც მას პასუხების გაცემა for.ge-ს კითხვებზე მოუწია.
პრეზიდენტსა და ჩვენს შორის წარმოებულ დებატებს, ბლიც ინტერვიუს სახით შემოგთავაზებთ:
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობდით დეცენტრალიზაციაზე და ქალაქის განვითარებაზე. თუმცა, ამჟამად, ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ტრანსპორტი 21:00 საათის შემდეგ არ დადის. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით, რა შეიცვალა რეგიონისთვის? ასევე ინტერესდებით, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ აპარატის თანამშრომლები?
- აპარატის თანამშრომლები ქუთაისელებად ჩამოყალიბდნენ. შეგიძლიათ, ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდეთ და იკითხოთ, თუ რა ღირს საცხოვრებელი სახლები. ასევე შეგიძლიათ, ქალაქის ცენტრში გაიაროთ და გალამაზებული ქალაქი ნახოთ. ამასთან, ნახავთ, თუ რამდენი კაფე გაიხსნა.
იმ კაფეებზე საუბრობთ, რომლებიც 23:00 საათზე უკვე არ მუშაობს?
- ადრე, არცერთი კაფე არ იყო და ის, რომ კაფეები 23:00 საათის მერე არ მუშაობს, ალბათ, ხალხს ადრე ეძინება. თუ შეამჩნიეთ, 21:00 საათის შემდეგ, ჩვენი მთავრობა არ მუშაობს და სტაფილოს წვენებიც მოდაშია. ქუთაისის აეროპორტი გაიხსნა და რეისების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა. აი, რა მოიტანა პარლამენტმა ქუთაისში. ამ წელს, ქუთაისში იმდენი ტურისტი ვნახე, რომ ამდენი ტურისტი საქართველოში, მთელი წლის მანძლზე ერთად აღებული არ მინახავს.
ქუთაისს ტურისტები არც ადრე აკლდა. ქალაქი ტურისტებითვის ყოველთვის საინტერესო იყო თავისი - ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის მონასტრებით. . .
- ვაიმე, ვაიმე, თუ დებატებს ვმართავთ, არ ვიცი, მაგრამ ბოდიშს ვიხდი და მოწამეთა და ბაგრატი დანგრეული იყო. მგონი, არც ისე პატარა ხართ, რომ ეს არ გახსოვდეთ. აქ ხალხი ნანგრევების სანახავად ჩამოდიოდა, ახლა კი, გალამაზებულია და ადგილებზე გზები მივიყვანეთ. ამას გარდა, წყალტუბოში უამრავი რამ გაკეთდა და აღორძინება დაიწყო. დღეს, ქუთაისს 80-ჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს და ქუთაისი გამოცოცხლდა, მაგრამ ამ გამოცოცხლებას პარლამენტის უკან დაბრუნების იდეა აზარალებს. იმდენი ხალხი ვერ იყიდეს და ვერ გადაიბირეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ. ის დიდი ოცნება, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს ქედის იქეთ და ქედის აქეთ, ოცნებად დარჩება.
ბატონო პრეზიდენტო, პოსტიდან ისე მიდიხართ, რომ პარლამენტში წლიური მოხსენებით არ გამოსულხართ. უწყებაში მისვლა, რატომ გადაიფიქრეთ?
- ამ პარლამენტში ორჯერ გამოვედი და დიდი სიამოვნება მივიღე. აქ გამოსვლის საშუალება, შესაძლოა, ოდესმე, მესამეჯერაც მომეცეს. მთავარია, რომ პარლამენტი აქ იყოს. ეს უნდა მათ, ვინც აქ ცხოვრობს. პარლამენტის აქ დატოვება, ამ ძროხების პატრონებს არ სურთ, რადგან აქ უფრო მეტი საძოვრები გაჩნდება.
ჩვენი კითხვების შემდეგ, პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს მოსმენისთვის მადლობა გადაუხადა და ტერიტორია დატოვა. მართალია, პრეზიდენტი „ჭიქაში ქარიშხლის“ მოწყობას შეეცადა, მაგრამ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრი ადრეც საძოვრად გამოიყენებოდა და პრინციპში, ახლაც, რადგან მთელი ზაფხულის მანძილზე ბალახი არავის მოუთიბავს და ბალახი მთავრობის სახლის კიბეებზეც კი ამობიბინდა. ერთი კვირის წინ, ტერიტორიაზე ბალახის გათიბვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სოციალურ ქსელებში ფოტოები გავავრცელეთ.