რამდენიმეკვირიანი დაპირისპირების შემდეგ, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა მოსალოდნელი დეფოლტი თავიდან აიცილეს. ეს მოხდა, რასაკვირველია, აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის ხარჯზე.
პოლიტიკური შეთანხმება ზუსტად დეფოლტის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე შედგა. კონგრესმენებმა ეს ზომა ოთხშაბათს, გვიან საღამოს დაამტკიცეს 285 ხმით 144-ის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი მზადყოფნა გამოთქვა ხელი მოაწეროს მთავრობის მიერ მუშაობის განახლების კანონპროექტს, თუ კონგრესის ორივე პალატა დოკუმენტს მოიწონებს.
კონგრესმენები შეთანხმდნენ, რომ მთავრობის დაფინანსება 13 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო სახელმწიფო ვალის ლიმიტი იმდენად გაიზარდოს, რომ აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში 7 თებერვლამდე აღარ დადგეს. ამ ფონზე, კანონმდებლები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ საბიუჯეტო შემცირებებზე.
რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის ხაზინა აცხადებდა, რომ 17 ოქტომბერს ვალის აღების ყველა რესურსს ვადა გასდის და სახელმწიფოს ვალდებლებების შესასრულებლად მხოლოდ 30 მილიარდი დოლარი რჩება, რაც მარტოოდენ ორ კვირას ეყოფოდა.
რესპუბლიკური პარტია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ოპოზიციას წარმოადგენს, კონგრესში ხმათა უმრავლესობას ფლობს. სწორედ რესპუბლიკელები ბლოკავენ 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს, ვიდრე სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე გარანტია არ მიიღეს. მათ განსაკუთრებულ უკმაყოფილებას საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა იწვევდა, რომელზეც საკმაოდ დიდი ფინანსები იხარჯება. დემოკრატები კი პროგრამის შეკვეცაზე უარს აცხადებდნენ. მათი განცხადებით, რეფორმა 2010 წელს განხორციელდა, უზენაესი სასამართლომ დაამტკიცა და ის ძირითადი დაპირებაა, რისი მეშვეობითც ბარაკ ობამა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩვენები მოიგო. საბოლოოდ, კომპრომისი გამოინახა და თეთრი სახლი აპირებს ჯანდაცვის პაკეტში შესწორებები შეიტანოს.
17 ოქტომბრიდანვე შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა 16-დღიანი ნაწილობრივი დახურვის შემდეგ სრულად აღდგა. კანონმდებლებს შორის მიღწეული ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, ფედერალური მთავრობა მუშაობას 15 იანვრამდე განაახლებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის „სტანდარტ ენდ ფუარ“-ის მონაცემებით, „მთავრობის დახურვა“ შეერთებული შტატების ეკონომიკას, დაახლოებით, 24 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ორპარტიული შეთანხმების მიღწევისთანავე, მსოფლიოს ბაზრებზე გამოცოცხლება დაიწყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა არა მარტო ამერიკის ინტერესებშია, არამედ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობისა და განვითარებისთვისაც სრულ აუცილებლობას წარმოადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, კრისტინ ლაგარდი მიესალმა ამ ფაქტს, მაგრამ ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ „ფისკალური პოლიტიკის ირგვლივ გაურკვევლობა შემცირდეს და ვალის ზედა ზღვრის გაზრდა უფრო ხანგრძლივი ვადით მოხდეს“.
პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა სენატის უმრავლესობის ლიდერს და მის რესპუბლიკელ კოლეგას იმისათვის, რათა მათ ერთობლივად აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს. ვალის ზღვრის გაუზრდელობის შემთხვევაში, აშშ მსოფლიოში ავტორიტეტს და ფინანსური ვალდებულებების დაფარვის შანსს დაკარგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები დეფოლტს გადაურჩა, ქვეყანა მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში რჩება. ექსპერტთა აზრით, შეთანხმება პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს, რადგან სახელმწიფო ვალზე ორ მმართველ პარტიას ძირეულად განსხვავებული ხედვა გააჩნიათ. სწორედ ამიტომ აშშ ყოველ ჯერზე საპარლამენტო კრიზისამდე მიდის.
იმის გამო, რომ 2014 წლის ბიუჯეტზე სენატორები ვერ შეთანხმდნენ, ფედერალური მთავრობაში დასაქმებული 800 ათასი ადამიანი პირველი ოქტომბრიდან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, აშშ-ის ეკონომიკამ კი, სავარაუდოდ, 24 მილიარდი დოლარამდე იზარალა.