I ქვეით ბრიგადას 468 ახალწვეული შეემატა (ვიდეო)

I ქვეით ბრიგადას 468 ახალწვეული შეემატა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 და საარტილერიო ბატალიონებს 468 ახალწვეული შეემატა. მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) საწვრთნელ ბაზა „გაგრაზე“ დღეს დაასრულეს. 9 კვირის განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ ტაქტიკური მომზადება, სამხედრო ნავიგაცია, საერთო საჯარისო წესდებები და სამწყობრო მომზადება შეისწავლეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულება ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. „ყოველთვის, როდესაც მსგავს ცერემონიას ვესწრები, დიდ სიამაყეს ვგრძნობ. აქ ვხედავ იმ სიჯანსაღეს, რაც ქართველი ერისათვისაა დამახასიათებელი და რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სერჟანტებსა და მეთაურებს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს, რათა ასეთი კარგი მებრძოლები ჩამოეყალიბებინათ“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა.

კურსის დასრულების ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავითმა 24 ახალწვეული მონათლა. დღესვე, სამხედრო მოძღვარმა საწვრთნელ ბაზა „გაგრაზე“ აშენებული სალოცავიც აკურთხა, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ახალწვეულებმა ააგეს.