ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი „რუსთავის ფოლადის“ საქმეზე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. „რუსთავის ფოლადის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ პატარკაციშვილის ოჯახთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯოზეფ ქეი ცდილობს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მესამედ მოპაროს ქარხანა და მისი აქტივები. დღესვე იურისტებმა ჟურნალისტებს ყველა ის დოკუმენტი და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები წარუდგინეს, რომელიც მათი თქმით, ჯოზეფ ქეის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონდ მითვისებას და ანდერძის გაყალბებას ადასტურებს.
ამასთან, გარდაცვილი ბიზნესმენის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჯოზეფ ქეის და სს „ქართული ფოლადის“ სასარგებლოდ მიღებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბათილად იყო ცნობილი „ქართული ფოლადსა“ და „რუსთავის ფოლადს“ შორის ქარხნის აქტივების ყიდვა-გაყიდვის გარიგება. ამ გარიგების შედეგად, პატარკაციშვილების ოჯახმა და „რუსთავის ფოლადმა“ ქარხანა 2011 წელს დაიბრუნა.
გარდა ამისა, ირაკლი რუხაძემ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიბრუნა პატარკაციშვილის ოჯახმა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. რუხაძე აღნიშნავს, რომ როდესაც პატარკაციშვილების ოჯახი დათანხმდა საქართველოს ყოფილ მთავრობას მორიგებაზე და შეწყვიტა დავა საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით, ეს მორიგება ითვალისწინებდა მთაწმინდის პარკისა და რუსთავის ქარხნის დაბრუნებას ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იყო წართმევამდე.
„თუმცა იმჟამინდელმა მთავრობამ ვერ მოახერხა ქარხნის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება და ოჯახს მოუწია ქარხნის თავიდან ყიდვა და დამატებით 80 მლნ ლარზე მეტი სესხის აღება. იმ პერიოდში, როდესაც ქარხანას ჯოზეფ ქეი ფლობდა, ის მოქმედებდა როგორც მარადიორი და სწრაფი გამდიდრების მიზნით, რუსთავის ქარხანა დატვირთა ვალებით, ძვირადღირებული დანადგარები კი დაჭრა და ჯართის ფასად გაყიდა. „რუსთავის ფოლადმა“ შეძლო და ორწლიანი მმართველობის პერიოდში მოიზიდა ინვესტიციები, განახორციელა ქარხნის გადაიარაღება, განაახლა მილების გამოშვება და შექმნა 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნავს რუხაძე.
მისივე თქმით, თუ ქარხანა ისევ ჯოზეფ ქეის და „ქართული ფოლადის“ მართვაში გადავა, ის გაკოტრების რეჟიმში გადავა და მისი გაჩერება გარდაუვალი იქნება. ამასთან, როგორც ირაკლი რუხაძე და მზია პატარკაციშვილი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავის ფოლადი“ პროცესს უზენაეს სასამართლოშიც წააგებს, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავენ.
„უზენაესი სასამართლოში წაგების შემთხვევაში, პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის, ინგლისური კანონმდებლობით დადებული გარიგება ძალას კარგავს და ოჯახი იძულებული გახდება გააგრძელოს შეჩერებული საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც დიდი ალბათობით, დამთავრდება საქათველოსთვის მრავალი ასეული მილიონი დოლარის კომპენსაციის დაკისრებით. რა თქმა უნდა, პატარკაციშვილების ოჯახს ახალ მთავრობასთან დავის არანაირი სურვილი არ გააჩნია, თუმცა ამ აბსურდული სიტუაციიდან გამოსვლის გზა ჯერ არ ჩანს“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
ოჯახი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მთავრობასთან მორიგების შედეგად, ოჯახმა 400 მილიონი მიიღო. მზია პატარკაციშვილმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ის აცხადებს, რომ ოჯახი მზად არის 2011 წელს საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებული კონფიდენციალური მორიგების ამსახველი დოკუმენტაცია საჯარო გახდეს.
„პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებას 2011 წელს ლონდონში მოეწერა ხელი. მაშინ შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება იქნებოდა კონფიდენციალური, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში, ოჯახი საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავდა საქართველოს წინააღმდეგ და 400 მილიონ დოლარს მოითხოვდა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ფული გადაეხადა საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან და ამიტომ წავედით ამ შეთანხმებაზე. მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა საქართველოს მთავრობისაგან 400 მილიონი დოლარი აიღო, სიცრუეა. როცა ხელშეკრულება გასაჯაროვდება, ყველა ნახავს რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა მზია პატარკაციილმა.
ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ხელშეკრულების ნაწილი დაირღვა.
„მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რადგან ეს ხელშეკრულება კონფიდენციალურია, მაგრამ თუ უზენაეს სასამართლოში ოჯახი „რუსთავის ფოლადის“ საქმეს წააგებს, ავტომატურად მიმართავს არბიტრაჟს. გააგრძელებს იმ დავას, რომელიც მიდიოდა 400 მილიონზე. ეს საკითხი საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის 2011 წელს ლონდონში დადებულ ხელშეკრულებაში თავდაცვის მექანიზმის სახით ჩაიდო. ოჯახი არ ენდობოდა მთავრობას და თუ ხელშეკრულება დაირღვეოდა პატარკაციშვილები წავიდოდნენ არბიტრაჟში. თბილსის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციოს გადაწყვეტილება არის, გარკვეულწილად, ხელშეკრულების ნაწილის დარღვევა.
სარჩელს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში და დაველოდებით ვერდიქტს. იმედი გვაქვს ჯოზეფ ქეი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მესამედ არ მოიპარავს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს ხელშეკრულება უნდა გაიხსნას რაც შეიძლება სწრაფად. ამ ხელშეკრულებას მაშინდელი მთავრობის ყველა წევრი აწერს ხელს. როგორც ვიცი ხელმომწერი პირებიდან თითქმის ყველა თანაახმაა, რომ ეს ხელშეკრულება გასაჯაროვდეს“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.
გარდა ამისა, პატარკაციშვილები უარყოფენ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას, რომ პატარკაციშვილებს მისი ვალი აქვთ და რომ არ გადაიხადონ, მას სასამარლოებითა და საინფორმაციო ომების აგორებით ებრძვიან. კონკრეტულად საუბარია „ტელენეტზე“, რომელიც ჩხარტიშვილის განცხადებით მისი და ბადრი პატარკაციშვილის ერთობლივი საკუთრება იყო და გაყიდვის შემდეგ, მისი წილი თანხები არ მისცეს. მზია პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ვანო ჩხარტიშვილს ისინი უჩივიან.
გარდა ამისა, ისინი არ ადასტურებენ ჩხარტიშვილის ადვოკატების განაცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ორივე სარჩელი, ერთი ვირჯიინიდან და მეორე ქართული ინსტანციიდან გამოიტანეს. ოჯახი ასევე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკვშირებით, რომ მათ ბიზნეს ინტერესებს საქართველოში გია ხუხაშვილი ლობირებს და, რომ მისი მეშვეობით ხდება ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორება.
„ჩვენ როდესაც დავიწყეთ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ დავა, სარჩელი შევიტანეთ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საქართველოში. პროკურატურაში შეტანილი გვაქვს სარჩელი, რომ მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყველა სარჩელი გავაერთიანოთ და ამიტომ ვხურავთ სხვადასხვა ინსტანციებში საქმეს. ჩვენ გვინდა, რომ ინგლისის სასამართლომ გადაწყვიტოს სიმართლე დოკუმენტების საფუძველზე.
არსებობს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ვის ეკუთვნოდა ეს კომპანიები, ჩხარტიშვილს თუ პატარკაციშვილს. მე ვიყავი რამდენიმე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც ბადრის სიკვდილის შემდეგ წაიღო ვანო ჩხარტიშვილმა. ე.ი. მე ვანოზე ვმუშაობდი სამეთვალყურეო საბჭოში რომ ვიჯექი? ჩვენ გვინდა, რომ პროკურატურამ ეს საქმე გამოიძიოს და არ სჭირდება ამას არც ხუხაშვილი და არც არავინ“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.