მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაპირისპირება თანდათან მწვავდება. მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვაში ჩართულია ყველა. შესაბამისად,
ირგვლივ შეფასებების კორიანტელია.
თბილისისთვის გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფინანსთა სამინისტრო შერჩევით მიდგომას ხედავს. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისისთვის საბიუჯეტო ტრანსფერის 50 მილიონით შემცირება დაუსაბუთებელია.
„ფინანსთა სამინისტროს განცხადების და 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერის შემცირება დაუსაბუთებელია. უფრო მეტიც, სახეზეა ფინანსთა სამინისტროს შერჩევითი მიდგომა. კერძოდ: როგორც აღვნიშნეთ, თბილისის სტატუსის კოეფიციენტთან ერთად იმავე მოცულობით შემცირდა ბათუმის სტატუსის კოეფიციენტიც. თუმცა თბილისის განგანსხვავებით, ბათუმის 2014 წლის გათანაბრებითი ტრანსფერი 2013 წელთან შედარებით, პირიქით,
დაახლოებით, 8 მილიონი ლარით გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ბათუმის ბიუჯეტიც“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტრი კი ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება. მინისტის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლისთვის ყველა რაიონის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს 2013 წელს იყო.
„ყველგან ზრდა არის დაგეგმილი. ასე რომ, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანად ეფუძნება სამთავრობო პროგრამას - ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული საქართველოსთვის - რაც ორიენტირებულია საქართველოში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, მომავალ წელს დაგეგმილია 5 პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა, რაც ვერანაირად ვერ იქნება კრიზისის პერიოდში“, - ამბობს თაბუაშვილი.
არასამთავრობოებისგან განსხვავებით კიდევ უფრო კრიტიკულია საპარლამენტო უმცირესობა. ისინი თვლიან, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი მოუმზადებელია, რადგან მთავრობა პირდაპირ აღიარებს, რომ კრიზისი 2014 წელს უფრო მეტად გაღრმავდება, ვიდრე წელს. შედეგად, ნავარაუდევია ბიუჯეტის 600-მილიონიანი სეკვესტრი. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულიც კი არ არის. მათი აზრით, არც ერთი სოციალური მიმართულებით ხარჯების ზრდა არ არის და
ბიუჯეტში მხოლოდ 2013 წელს აღებული ვალდებულებებია ჩადებული.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა არაარგუმენტირებულია. მან ბიუჯეტის სხვა დეტალებზე, მათ შორის, შიდა ვალის აღების საკითხებზეც ისაუბრა.
„ეს ბიუჯეტი იმ სიტუაციის გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში დატოვა. 2014 წელს ჩვენ მოგვიწევს წინა ხელისუფლების მიერ წინასწარ აკრეფილი გადასახადების დაბრუნება, რასაც თავისთავად ცხადია, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში შეეძლო ჩაეყენებინა ქვეყანა. თუმცა,
ჩვენ გამოვნახეთ ალტერნატიული რესურსები და მომავალი წლის ბიუჯეტი ყველა იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც აღებული აქვს.
მილიარდნახევარი ლარის გადასახადი წინასწარ აკრიფა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რასაც სესხი კი არ დაარქვა, არამედ ბიზნესიდან გამოწოვა თანხა. ეს თანხა უკნ უნდა დავუბრუნოთ. გარდა ამისა, 200 მლნ ლარამდე მოგვიწევს დავაბრუნოთ მეორე კვარტლიდან. გარდა ამისა, არის ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმიც. იმ ადამიანებს, რომელთა შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, 360 ლარი დაუბრუნდება დაუბეგრავი მნიმუმის სახით. ამ ყველაფერს, ცხადია, საბიუჯეტო რესურსი სჭირდება. ყოველთვის ასეა, თუკი მიმდინარე გადასახადები არ არის საკმარისი, შესაძლებელია, მოკლევადიან პერიოდში ქვეყანამ აიღოს სესხი. ჩვენ სესხს 500 მლნ დოლარს არ ვიღებთ საზღვარგარეთ,
რასაც ნაციონალები აკეთებდენენ, ჩამოიტანეს და მერე დაიწყეს საუბარი იმაზე, სად დაეხარჯათ ეს ფული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა პრობლემებია საქართველოში და ამ პრობლემებს ყველას გადავჭრით“, - განაცხადა ხადურმა.