28-29 ნოემბერს ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტზე დასასწრებად, საქართველომ ოფიციალური მიწვევა მიიღო. ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ხოლო უკრაინა ხელის მოწერას ელოდება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად მოსაწვევები, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცათ. მოსაწვევები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის ელჩებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიუს კრივასმა გადასცა.
მოსაწვევებს ხელს აწერს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროზო. ანდრიუს კრივასის მიერ გადაცემულ მოსაწვევებში აღნიშნულია, რომ ლიტვა, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის დიალოგის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის შედეგები პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანხვედრის მიღწევაში.
ჯერ უცნობია ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ვილნიუსის სამიტზე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ქართული დელეგაციის შემადგენლობა სამუშაო დონეზე გადაწყვეტილია. არის ასეთი ფორმულა სახელმწიფოს მეთაური პლიუს 2 ადამიანი და შემდეგ 5-კაციანი დელეგაცია. ეს ის რაოდენობაა, რაც ოფიციალურადაა მიწვეული.
„ჩვენ დელეგაციის შემადგენლობა სამუშაო დონეზე გადაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ვინ იქნება მთავარი პირი საქართველოს მხრიდან, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მოწვევა მოსულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელზე და არა კონკრეტულად რომელიმე პირის სახელზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტური საჭირო არ იქნება და პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
წავა თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე, ამაზე ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, ნინო კალანდაძე აცხადებს, როდესაც ვილნიუსის სამიტი ჩატარდება, იმ დროისთვის ვინც იქნება პრეზიდენტი, ის წარადგენს თავის ქვეყანას პარაფირების პროცესისთვის. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამიტს სტუმრის სტატუსით დაესწროს.
„თუ საუბარი იქნება არჩევნების იმგვარ შედეგზე, რომელიც მეორე ტურს მოითხოვს, მაშინ ბუნებრივია, ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ძველი პრეზიდენტი უფლებამოსილი რჩება, მაშინ, შესაბამისად, მას მოუწევს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე, როგორც ქვეყნის პირველი პირი, თავად გაემგზავრება. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის სახით ვილნიუსის სამიტზე, მათემატიკური გაანგარიშება არ სჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ 27 ოქტომბერს მე მოვიგებ არჩევნებს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არსებული პრეზიდენტი 17 ნოემბრამდე შეიცვლება, რადგან ინაუგურაცია მოხდება 17 ნოემბრამდე. შესაბამისად, ვილნიუსის სამიტისთვის მათემატიკური გაანგარიშებები არ არის საჭირო. ბუნებრივია, სამიტზე წავა იმ დროისთვის მოქმედი და ახალი პრეზიდენტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მნიშვნელოვანია იმდენდა, რამდენადაც მრავალწლიანი შრომის შედეგად გაიარა ქვეყანამ ეს ეტაპი. მისი თქმით, ევროპისკენ და ნატოსკენ ლტოლვა იყო რუსეთის მხრიდან 2008 წელს აგვისტოს სადამსჯელო ოპერაციის რეალური მიზანი. ამიტომაც, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ეს შედეგი დადგა.
ხათუნა ლაგაზიძე: ეს ერთი წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგს, რასაც ჰქვია ასოცირებული წევრობა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
როგორ ფიქრობთ, ამ სამიტის შედეგები პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანხვედრის მიღწევაში?
- რეალურად, ეს პროცესი სწორედ აქითკენ არის მიმართული, რომ მოხდეს პოლიტიკური, ეკონომიკური საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან. იმიტომ არის ეს ასეთი ხანგრძლივი პროცესი. ყველაფერი დამოკიდებულია ურთიერთობის ინდივიდუალურ ფორმაზე. მაგალითად, უკრაინას ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ბევრი ის პრივილეგია ენიჭება, რომელიც მას ჯერჯერობით, არ უნდა მიენიჭოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი იქნება მოწერილი. ამითი ევროკავშირი თავის დახამარებას გამოხატავს უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან გაძლიერებული ზეწოლის ფონზე.
ამ ეტაპზე ჩვენ ასეთ პრივილეგიებს არ უნდა ველოდეთ. ამაზე საუბარი არაა, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა ისიც, რომ ევროკავშირისგან მივიღეთ დაპირება, რომ ერთ წელიწადში, ანუ 2014 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. თუმცა, ეს იქნება ძალიან რთული წელი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო მაგალითები როგორ რეაგირებს რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების სწრაფვაზე ევროკავშირთან. ამიტომ ამ გამოცდილებიდან ჩვენ მაქსიმუმი უნდა ვისწავლოთ, ასე დავარქმევდი - ეს უნდა იყოს თავის შეკავების პოლიტიკის წელი რუსეთთან. შევინარჩუნოთ ის მაინც რაც გვაქვს.
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლემა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, შეიძლება ჩვენ დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ შეიძლება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში პრობლემა შეექმნას არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ საბაჟო კავშირ წევრ სახელმწიფოებთან. წინ ბევრი სირთულე გველის.
ველოდები ძალიან ბევრ სირთულეს და არა ერთს, რუსეთი ამას ღიად აცხადებს.
როდესაც სექტემბერში რუსეთის პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მოლდოვაში ჩავიდა, პირდაპირ ჩამოაყალიბა ის პუნქტები, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა როგორც ბერკეტს მოლდოვაზე ზემოქმედებისთვის, რომ მან უარი განაცხადოს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციაზე. როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამს და თან ღიად, მსოფლიოს დასანახად, ფაქტია, რომ ის უკან არ დაიხევს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ამ ნაბიჯების პრევენციას და რამდენად შევძლებთ, რომ მაქსიმალურად უდანაკარგოდ მივიდეთ ერთი წლის შემდგომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ წარმოადგეს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ამ სამიტს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწროს...
- ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ რეალურად მთავარი ფალავანი ამ არჩევნების არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, მთელი პოლიტიკური სპექტრიც რომ გაერთიანდეს მის წინააღმდეგ, არ არსებობს ძალა რომელიც მას დაამარცხებს საქართველოში. ამ საკითხს არ ვაყენებ ეჭვქვეშ. მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა ამ სამიტს დაესწროს ძველი ხელისუფლება და რა სტატუსით დაესწრება, ეს თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია. ის შედეგი, რაც ჩვენ პარაფირების სახით მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლების არაერთი თაობის დამსახურებაა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდით ჩვენ ამ გზას და რატომაც არა, ყველას აქვს უფლება დაესწროს ამ სამიტს და თავისი შრომის ნაყოფი მოიმკოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.