საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლისთვის ემზადება

საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლისთვის ემზადება

ჩინოვნიკები და პოლიტიკური ანალიტიკოსები თბილისში ვარაუდობენ, რომ კრემლი მზადაა თავისი მდიდარი არსენალიდან ათასგვარი ხრიკი გამოიყენოს იმისათვის, რომ საქართველოს უარი ათქმევინოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ გეგმებზე და აიძულოს მას რუსეთის პრეზიდენტის ევრაზიულ პროექტთან დაახლოება.

ტრადიციულად საქართველო ამიერკავკასიის ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო იყო. თუმცა თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართტულმა ოცნებამ“ მოიპოვა და საქართველოს პოზიცია რუსეთის მიმართ ოდნავ შერბილდა.

როგორც მოსალოდნელია, 28 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება, რაც ევროკავშირში პოტენციური წევრობისაკენ მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს შეთანხმება, რომელიც მზადდება ასევე უკრინისთვის და მოლდოვასთვის, მიმართულია იმისკენ, რომ ბრიუსელთან ეკონომიკური კავშირების გამნმტკიცების გზაზე დაბროკოლებები თანდათან შემცირდეს.

საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს პერსპექტივა მოსკოვს ანერვიულებს და არამხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში, რომელიც რუსეთს საკუთარ „უკანა ეზოდ“ მიაჩნია, ევროკავშირი საკუთარ გავლენას გაზრდის, არამედ იმიტომაც, რომ ეს დაბრკოლებებს შეუქმნის რუსეთს საქართველოს სამხრეთელ მეზობელ სომხეთთან კომუნიკაციაში. სომხეთი ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელმაც ევრაზიული კავშირის მაცნე საბაჟო კავშირთან მიერთება გადაწყვიტა, კავშირთან, რომლის წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსი.

9 ოქტომბერს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მიერ ჟურნალისტებთან გამოთქმული პროგნოზის თანახმად, რუსეთი გეგმავს „მის ხელთ არსებული ზემოქმედების ყველა ბერკეტის ამოქმედებას, რათა ზეწოლა მოახდინოს [საქართველოზე] მანამდე, ვიდრე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება“.

თბილისის განზრახვებზე ვერსიების და ვარაუდების გამოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ შეიძლება იფიქროს რუსეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, თუკი ეს ქვეყნისთვის „საინტერესო“ აღმოჩნდება.

როგორც საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომელიც დღეს თბილისს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მოსკოვთან მოლაპარაკებებში წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას არ დაუწყია კრემლთან არც ევრაზიული კავშირის განხილვა, და არც არანაირ სხვა ისეთ კომპრომისზე ლაპარაკი, რომელიც თბილისის ევროინტეგრაციის კურსს უკავშირდება.

მართალია, საქართველოს მცხოვრებლები აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ გეგმებს (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული 3 838 რესპონდენტიდან – 76%), იმის შანსი, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრების გაღატაკებულ რაიონებში, შეიძლება სხვა მხარეს გადავიდეს, თუკი მოსკოვი შესაბამის შეთავაზებას გააკეთებს, არსებობს, აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი კორნელი კაკაჩია.

„თუკი ადამიანებს კითხავთ „რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ტერიტორიული მთლიანობა თუ დასავლეთთან ინტეგრაცია“, არ ვარ დარწმუნებული, რომ უპირატესობას დასავლეთთან ინტეგრაციას მიანიჭებენ“, – ამბობს იგი.

ამგვარი შედეგის რისკი კიდევ უფრო მაღალია იმის გამო, რომ საქართველოში ბევრი ევროინტეგრაციის პროცესს უფრო ხვალინდელი დღის თეორიული უპირატესობის ჭრილში აღიქვამს, და არა ამწამიერ პლიუსად, დასძენს კაკაჩია. „მოსკოვში ეს იციან, და ცდილობენ ამის გამოყენებას“.

კორნელი კაკაჩიას და სხვა ანალიტიკოსების აზრით, ღობეები, რომელსაც რუსეთის არმია თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან „სახელმწიფო საზღვრის“ დაფიქსირების მიზნით (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების მიზედვით), ერთ-ერთი გზაა, რომლითაც მოსკოვი ზეწოლას ცდილობს.

დაახლოებით 2009 წლიდან დაწყებული, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა დაიწყეს მავთულხლართების გავლება და ღობეების შენება სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად იმ რაიონებში, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. ბოლო თვეებში კი მათ დაიწყეს „საზღვრის“ გადმოწევა საქართველოს კონტროლირებად მიწებზე, რითაც ფაქტიურად უერთებენ სამხრეთ ოსეთს ქართულ ბაღებს, სასაფლაოებს და სახლებს.

როგორც EurasiaNet.org-ს 11 ოქტომბერს, საქართველოს შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ შეატყობინა, ამ ღობეების მშენებლობა, რაც დაგმეს თბილისის დასავლელმა მოკავშირეებმა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა გაეროს სესიაზე გამოსვლისას, ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, შეჩერებულია.

მაგრამ ამ მავთულხლართებმა მოსკოვს და თბილისს შორის ურთიერთობის დარეგულირების შანსი „გაანადგურა“, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკური ალიანსის წევრობაზე, აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი და თბილისში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი დირექტორი თორნიკე შარაშიძე.

საქართველოს რიგით მოქალაქეებს „ბოლომდე რომ არც ესმოდეთ ევროკავშირის უპირატესობები, … არ შეიძლება არ ხედავდნენ რუსეთისაგან მომავალ აგრესიას“, ამბობს იგი.

ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. „[ამ ღობეებით] მათ დაანახეს ყველას, და პირველ რიგში ქართველებს, რომ ყველაფერი, ყველა მოლაპარაკება, რუსეთის მიერ დადგენილი წესების მიხედვით იმართება. ეს ძველი, კლასიკური სტრატეგიაა: ძლიერი აკეთებს იმას, რაც მოეპრიანება, ხოლო სუსტი იმას, რისი ძალაც აქვს“.

თავად ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ გეგმავს იმ სოფლებში ჩასვლას, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, რადგან მისი იქ ყოფნა „არაფერს გადაწყვეტს“. ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ეს ღობეები სააკაშვილის დროინდელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ნეგატიური შედეგია, მაგრამ მას შეიძლება იყენებდნენ საქართველოზე ზეწოლისათვის, რათა ის ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე დაითანხმონ.

თუმცა, ზეწოლის პოტენციური ადგილები ამ ღობეებს სცდება.

4 ოქტომბერს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა ბიურომ განაცხდა, რომ აღკვეთა იარაღის კონტრაბანდისტთა საერთაშორისო ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც „ეფესბეს“ ვერსიით, იარაღი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთის გავლით ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰქონდა.

თბილისს ამ განცხადებებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მსგავს ბრალდებებს ხშირად მოსდევს ხოლმე სიტუაციის გამწვავება სამხრეთ ოსეთის ირგვლივ.

კიდევ ერთი დარტყმა მიმართულია საქართველოს კიდევ ერთი სუსტი ადგილისაკენ – ქვეყნის ეკონომიკა. სამ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გახსნა საკუთარი ბაზარი ქართული ალკოჰოლური სასმელისა და მინერალური წყლისთვის, „როსპოტრებნადზორმა“ ხელახლა დაიწყო საქართველოდან შეტანილი ღვინის ხარისხზე ეჭვების გამოთქმა.

ღვინის მწარმოებლები წარსულში აღნიშნავდნენ, რომ მიწოდებების დივერსიფიცირება მოახდინეს, რათა არ ყოფილიყვნენ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულნი.

ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც საქართველოს დესპანმა აბაშიძემ განაცხადა, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, თბილისს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ გადაუხვიოს საკუთარი გზიდან და განაგრძოს სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიენებისაკენ. „დასაწყისშივე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო რუსეთის „წითელი ხაზი“…, მაგრამ „წითელი ხაზი“ გვაქვს ჩვენც და ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და საგარეოპოლიტიკურ საქმეებში არჩევანის თავისუფლება… ეს არის მთავარი მომენტები, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება“, თქვა მან.

foreignpress.ge