გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც რიყის ტერიტორიისა და „ტელეიმედის“ გასხვისებას ეხება, სასამართლო პროცესი, მოწმეების დაკითხვის ეტაპით, 12 ნოემბერს გაგრძელდება. სასამართლომ ოთხი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნიკა გილაური, ასევე მერიის რიყის გასხვისების კომისიის წევრები სულხან სისაური, ნიკოლოზ ჩხეიძე და დედაქალაქის მერის მოქმედი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.
გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, არსებით განხილვაზე პროკურატურამ ოთხი მოწმე წარმოადგინა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
„ოთხივემ დაადასტურა, რომ კანონიერად მოხდა რიყის ტერიტორიის გასხვისება, არ ყოფილა არანაირი უკანონობა. შესაბამისად, მოწმეები, რომლებიც პროკურატურას მოჰყავს, არაფერს არ აძლევს მათ საიმისოს, რომ რაიმე დანაშაულზე იყოს საუბარი. ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ნიკა გილაურს შეკითხვები პროკურორებმა დაუსვეს, გასხვისებული რიყის ტერიტორიის გამოხსნის ეპიზოდზე. კერძოდ, პროკურატურა დაინტერესდა იმ თანხის მიზნობრიობით, რომელიც ნიკა გილაურის ფინანსთა მინისტრობის დროს დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 25 მილიონის სახით გამოიყო.
როგორც გილაურმა სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, უსაფუძვლო იყო პროკურატურის შეკითხვები იმ მოტივით, რომ ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობას იმ პერიოდში არ განსაზღვრავდა.
„მაგ დროს მე ფინანსთა მინისტრი ვიყავი. თანხები, რომელიც გამოიყო პარლამენტში გვაქვს წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების სახით. გამოდის, რომ რაზეც პროკურატურა დავობს, ის თანხა მთავრობამ დაამტკიცა. ეს ცვლილებები შევიდა პარლამენტში, მან განიხილა, დაამტკიცა, მერე შევიდა პრეზიდენტთან, მანაც ხელი მოაწერა, მერე თბილისის მთავრობამ დაამტკიცა და მერე საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა.
ამის შემდეგ კი თანხები დაიხარჯა. დავობენ რატომ დახარჯა თბილისის მერიამ ეს თანხა, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა თანხაზე, რომელიც დღეს იხარჯება, ასეთივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვის ნიშანი, იგივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვა რატომ იყო ეს თანხა ხელფასებისთვის და პენსიისთვის განსაზღვრული ბიუჯეტიდან, ასევე გზებისთვის. ყველაფერი, რაც ბიუჯეტშია გაწერილი პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
დედაქალაქის მერი კითხულობს რატომ არ ინტერესდება პროკურატურა იმით, რომ რიყის ტერიტორიაზე გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში ფონდი „ქართუც“ მონაწილეობდა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ეს ის დეტალია, რომელიც პროკურატურას რატომღაც გამორჩა.
„გამორჩა იმიტომ, რომ რიყის ტერიტორიის კონსკურსის დამთავრების შემდეგ, როდესაც არქიტექტურული კონკურსი მიდიოდა, მასში „ქართუ“ ფონდი იყო ჩართული. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ისინი დაგვეხმარნენ ორგანიზებაში და რამდენიმე ცნობილ აქრიტექტორთან კონტაქტზე გასვლაში, მაგრამ როდესაც პროკურატურას 150 მოწმე ჰყავს დაკითხული, ეს დეტალი რატომღაც გამორჩა. რატომ გამორჩა, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. იმიტომ, რომ მაშინ უნდა დაკითხონ დღევანდელი მთავრობის თავმჯდომარე, რადგან ფონდი „ქართუ“ მას ეკუთვნის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, არანაირი კრიმინალი „ქართუ“ ფონდის კონკურსში მონაწილეობაში არ არის.
2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ. ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. პირველ ეპიზოდს რაც შეეხება, გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა, დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო სწორედ გიორგი უგულავა.
კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით შპს. „ტელეიმედის“ საკონტროლო წილის მფლობელი იყო ჯოზეფ კეი, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის შეხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და პირდაპირი მუქარით დაიყოლია ტელეიმედის დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.
გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „ბორდეხ ლიმიტედ“-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია, ვითომდა, 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად.
გამოძიების მტკიცებით, ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს, ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყეს“ ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას
„lakebrow limited”-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია „იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.
რაც შეეხება სისიხლის სამართლის მეორე ეპიზოდს, საქმე ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“ სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 4 130 728 ლარი დაერიცხათ.