შემეტენეები და რუსეთი

შემეტენეები და რუსეთი

ამ დღეებში ლაშა ბუღაძემ, როგორც იქნა, იუმორში „გაარტყა“ და რუსეთს „შეუტენელი“ უწოდა - ანუ ესენი (საქართველოს ხელისუფლება) „ეტენებიან“ და ისინი (რუსეთის ხელისუფლება) არ აძლევენ ამის საშუალებასო.

პოლიტიკოსად ქცეულმა კახი კალაძემ კი გენიალური ფრაზა წარმოთქვა: ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ რუსები ვერ გვიგებენო. როგორც იტყვიან, მუნჯის ენა დედამ იცის, ჩვენი ხელისუფლების ენა კი ვერც რუსეთმა გაიგო, ვერც დასავლეთმა და ვერც საქართველოს მოსახლეობამ. ისე ჩანს, რომ საქართველოს დედა აღარ ჰყავს.

კალაძის ესტაფეტა განაგრძო გაურკვეველი დანიშნულების სამინისტროს ხელმძღვანელმა პაატა ზაქარეიშვილმა: მიუხედავად იმისა, რომ რუსები პროვოკაციას გვიწყობენ და ოლიმპიადის მეჩირაღდნედ საქართველოს დამბობავი აირჩიეს, მაინც უნდა წავიდეთ სოჭში. შევეტენოთო, აღარ დაუკონკრეტებია, მაგრამ იგულისხმებოდა.

რუსეთის მთავარი „ანტი-შემეტენე“ გენადი ონიშჩენკო კი მორიგი განცხადებით გამოვიდა და ქართული ღვინის კვლავ გაძევებით დაიმუქრა რუსეთის ბაზრიდან. ჩვენი პოლიტიკოსები არ დაიბნენ და ამჯერად უკვე ხილის და ციტრუსების რუსეთში შეტენვაზე... უკაცრავად, შეტანაზე ალაპარაკდნენ. არჩევნების შემდეგ უფრო გამოჩნდება, შესძლებს თუ არა ონიშჩენკო „შემეტენეების“ შემოტევების მოგერიებას.

თუმცა, მთავარ სანიტარულ ექიმს, ალბათ, ფორმირების პროცესში მყოფი საბაჟო კავშირის ახალი ტარიფები დაეხმარება, ასევე ქართული მხარის მიერ უახლოეს მომავალში ხელმოწერილი დოკუმენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. ამის შემდეგ პროდუქციის გაყიდვა რუსეთში საკმაოდ გართულდება (ისევე როგორც სამუშაო ძალაზე კვოტების მიღება).

გაურკვეველია, ამ ყველაფრის შესახებ რას ფიქრობს სახელისუფლო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და როგორ აპირებს მომავალი პრობლემების მოგვარებას. მარტო „შემეტენეობის“ იმედზე ხომ არ დარჩება?

სამწუხარო ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსეთთან სერიოზული დიალოგის დაწყება და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოფარგლა. ხან „თავზე ქონს უსვამენ“ რუსეთის ხელისუფლებას, ხან ისტერიკებს აწყობენ. ეს კი რუსეთის ხელისუფლებას არანაკლებ უარყოფით და უნდობლობით განაწყობს საქართველოს მიმართ, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო, რისი დემონსტრაციაც არის მავთულხლართების აგება და სხვა ნაბიჯები.

მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაში ეს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, სააკაშვილი-პუტინის ურთიერთობების სიტუაციას დაუბრუნდეს.