ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ კობა ყურუას ბრალდებას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხობს. მიხეილ ღურწკაიას განცხადებით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ყურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას ასახავს. როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ყურუა პროკურატურას მიმართავს, ისინი პროკურატურას ამ მასალებს გადასცემენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ფოტომასალა წარუდგინა, რომელშიც ჩანს, რომ პატიმარი ირაკლი ცანავა წინააღმდეგობას უწევს სად-ის თანამშრომლებს.
მიხეილ ღურწკაიას თქმით, ამაზე არსებობს ვიდეომასალა და დეპარტამენტს გამოძიებაც აქვს დაწყებული პატიმრის მიერ წინააღამდეგობის გაწევასთან დაკავშირებით. ამასთან, ღურწკაიამ უარყო ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციამ ძალადობა განახორციელა და აღნიშნა, რომ ყურუა საერთოდ არ ჰყოლიათ ადმინისტრაციის შენობაში, რაზეც პატიმარი საუბრობს.
მიხეილ ღურწკაიას თქმით, ორივე პატიმრის ბრალდებები ბათილდება იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც დაწესებულებებშია გადაღებული.
„ორივე პატიმრის საკანში სათვალთვალო კამერით გადაღებული სრული ვიდეომასალა გაგვაჩნია. მზად ვარ ეს ვიდეომასალა გამოძიებას გადავცე“, - განაცხადა ღურწკაიამ.
ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული კობა ყურუა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების ადმინისტრაციას ძალადობაში ადანაშაულებს. ყურუას ადვოკატი ირმა შალამბერიძე გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს, სადაც პატიმარი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით, მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმარი წერს, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადაყვანამდე იმყოფებოდა მე-7 დაწესებულებაში, სადაც მას ციხის ადმინისტრაციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით დაემუქრა. ყურუას განცხადებით, მასზე ზეწოლა გლდანის მე-8 დაწესებულებაშიც განხორციელდა.
„7 დაწესებულებაში, 3 ოქტომბერს საღამოს რომელიღაც კაბინეტში შემიყვანა დაწესებულების დირექტორის მოადგილემ სახელად გიამ (გვარი არ ვიცი). მიჩვენა დაწერილი ფურცელი და მითხრა, რომ ხელი მოაწერე ადუაშვილის მკვლელობის ფაქტსო. ზუსტად ისევე, როგორც მთავაზობდა მე-8 დაწესებულების უფროსი გია ფიფია, რომელზეც საჩივარი უკვე დაწერილი მაქვს. თუ ხელს არ მოაწერ, საკუთარ თავს დააბრალე, რაც მოგივაო.
ამ დროს ოთახში იმყოფებოდა კიდევ ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი თავში მირტყამდა წიგნს და მეუბნებოდა, დაუჯერე რასაც გეუბნებაო. როცა უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, იმ ორმა გამიკავა ხელები, გიამ კი დამიწყო ცემა პოლიეთილენის წყლით სავსე ბოთლით თავში და გვერდებში. შემდეგ იმ ორმა დამაყენეს ოთხზე და გია მიყვიროდა ამ ჯოხს გაგიკეთებ უკანო. მხედველობაში ჰქონდა ჩემი ხელჯოხი, რომლის გარეშე გადაადგილება მიჭირს“, - აღნიშნულია გამოკითხვის ოქმში, რომელიც ადვოკატმა ციხიდან გამოიტანა.
ამასთან, ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სათვალიდან მინა გამოიღო და თავის დაცვა თვითდაზიანებით სცადა. კერძოდ, მან მინით დაისერა სხეული. მეორე დღეს კი, გადაიყვანეს მე-6 დაწესებულებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გაეწია სამედიცინო დახმარება.
ამასთან, ადვოკატი ირმა შალამბერიძე ძალადობის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ცანავას მიმართ ძალადობას ეხება.
ცანავა გამოკითხვის ოქმში ყვება, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ მას პატიმრის ოთახში შეხვდა რამდენიმე მამაკაცი და ერთ-ერთმა უთხრა, რომ „უჭირს ტარიელის საქმეს“ და უნდა დახმარებოდა.
„მითხრეს, თქვი, რომ 1000 დოლარი გადმოარიცხინა გიორგი ავალიანმა შენთვის „ობშიაკის“ ფული, რომელიც მიუტანე ტარიელ ფოცხვერიას, რის სანაცვლოდაც შეგპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში გაგათავისუფლებდნენო“, - წერს პატიმარი.
ამ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პატიმრის თქმით, სწორედ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა.
„მე-6 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის იოსავას ოთახში ვიმყოფებოდით მხოლოდ ჩვენ ორნი, იოსავამ მითხრა - ციხიდან გასვლის შანსი გეძლევა, თუ იტყვი, რომ 1000 დოლარი მიუტანე ტარიელ ფოცხვერიას. ეს ამბავი შეთანხმებულია დეპარტამენტთან და სამინისტროსთანო, რაზეც შევლაპარაკდით და დამარტყა ხელი სახეში, ხოლო მუცელში, სადაც ჭრილობა მქონდა, ჩამარტყა მუხლი. იგივე განმეორდა მეორე დღესაც.
დაწესებულების უფროსის მოადგილემ, დემურ ცომაიამ წამომიყენა იგივე წინადადება, კერძოდ, წყნარად ამიხსნა, რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ აქვთ, მაგრამ თავის დაზიანებები ვერ გიშველის, ამიტომ რახან ტარიელ ფოცხვერიას საქმესაც უჭირს, არა აქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება, დაგვეხმარე, მიეცი ჩვენება, რომ 1000 დოლარი გადაეცი მას. ეს ამბავი შეთანხმებულია, ვისთანაც საჭირო, რა დროსაც ჩვენებას მისცემ, მეორე დღესვე გაგათავისუფლებთო. თანამშრომლობაზე უარის გამო, რამდენჯერმე მცემეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე მე-7 დაწესებულებაში გადამიყვანეს“, - წერს პატიმარი.
ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მონაყოლ ორივე ფაქტზე საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართა.
ირმა შალამბერიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კობა ყურუასა და ირაკლი ცანავაზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მიხეილ ღურწკაიას განცხადებით, ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია თვითონვე შეიცავს უზუსტობებს, რადგან ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის გამო ბრალდებული კობა ყურუა უკვე გასამართლებულია და მისი აღიარებითი ჩვენება აღარავის სჭირდება.
„ელემენტარულად, ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც საპროცესო მოქმედებები დასრულდება, აღიარებითი ჩვენება აღარავის სჭირდება. რომც სჭირდებოდეს, ყველამ იცის, რომ დაკითხვას აწარმოებს გამომძიებელი, ადვოკატის და პროკურორის თანდასწრებით. ციხის დირექტორის მოპოვებულ ჩვენებას არანაირი აზრი არ აქვს ამის გარეშე. ძალიან კარგი იქნება, თუ ადვოკატი შეიტანს განცხადებას პროკურატურაში და დაასახელებს კონკრეტულ პირებს. მის მიერ დასახელებულ და აღწერილ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ვიდეომასალა.
გამოძიება ამოიღებს მასალებს და პირობას გაძლევთ, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ცრუ დასმენისთვის კონკრეტული ადამიანები. ადვოკატი რომ ამბობს, სამი ადამიანი იყო იმ ოთახში, სადაც ყურუას უთხრეს ხელჯოხს უკან გაგიკეთებთო, მერე დაუსხლტაო. ჩვენ უკვე შესწავლილი გვაქვს აი, ამ მომენტის ამსახველი ვიდეომასალა და ადვოკატს მოუწევს მაჩვენოს ის სამი ადამიანი, სათვალე და ჯოხი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე ტყუილია“, - განაცხადა ღურწკაიამ.
რაც შეეხება ადვოკატის კიდევ ერთ ინფორმაციას, პატიმარ ირაკლი ცანავაზე ძალადობასთან დაკავშირებით, მიხეილ ღურწკაიას განცხადებით, არსებობს ვიდეომასალა და დეპარტამენტს გამოძიებაც აქვს დაწყებული პატიმრის მიერ წინააღამდეგობის გაწევასთან დაკავშირებით.
„ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ორი პატიმრის სახელის და გვარის გარდა, სიმართლე არაფერი წერია. ეს პატიმრები არიან პროვოკატორები, თავისი ადვოკატის ჩათვლით. ბინძური საქმიანობით არის დაკავებული ხალხი და ასეთ ტყუილს აბრალებს ადამიანებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეცდომაში შეჰყავთ ადვოკატი და ის არ არის ჩათრეული ბინძური დაცვის მეთოდებში. ეს ორივე შემთხვევა არის აბსოლუტური სიცრუე“, - აცხადებს ღურწკაია.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში სასჯელაღსრულების სისტემას არ აქვს საშუალება, რომ ვიდეო მასალებით დაამტკიცოს მისი სიმართლე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქს პატიმრის მიერ გამოგონილ სიცრუესთან. ალბათ, გამოძიება დაადგეს, ვინ დგას ამის უკან და ვინ ცდილობს ციხე შიგნიდან გატეხოს.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ბინზური მეთოდებით ცდილობენ თავის დაცვას და ასეთი ამაზრზენი ფაქტები მოჰყავთ. ამის გასაქარწყლებად ჩვენ ყველა მასალა გაგვაჩნია. როდესაც ეს ადამიანი ამბობს, რომ იყო დაწესებულებაში და კონკრეტულ თარიღებს ასახელებს, ამ თარიღების ამსახველი ვიდეომასალა გაგვაჩნია და ასეთი ფაქტი რომ არ მომხდარა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა პირობებში მიიყენა თვითდაზიანება ამ ადამიანმა, რაც ძალიან კარგად არის ასახული.
არ ვიცი მკითხველისთვის რამდენად დამაჯერებელია ის, რომ სამი ჯალათი იჭერს ადამიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და დაუსხლტა სამ ადამიანს, დაშალა სათვალე, თვითდაზიანება მიიყენა და მერე შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ასეთი უსუსური ამორალური დაცვის მეთოდები ძალიან მიუღებელია და ძალიან ცუდია, როდესაც ასეთ რაღაცეებს კადრულობენ“, - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.