გასული წლის 1-ელ ოქტომბრამდე რეპრესირებული და ქონებაჩამორთმეული პირების საქმეების გადასახედად თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელიც პროკურატურას და პარლამენტს გადაეგზავნება.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ რატომღაც სხვადასხვა ოფიციალური პირებისგან ვისმენთ, რომ ამ საქმეების გადასინჯვას ხელს უშლის გარკვეული სამართლებრივი და ფინანსური მიზეზები, რასაც მათი კომისია არ ეთანხმება და ისინი გამოიკვლევენ, რეალურად რა უშლის ხელს ამ საქმეების გადასინჯვას - სასამართლო, პროკურატურა თუ რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი.
2003-დან 2012 წლამდე საქართველოში არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება. ამის შესახებ არაერთგზის დაწერილა თუ გაშუქებულა. ქონების ჩამორთმევის რამდენიმე ფაქტის შესახებ დღესაც შეგახსენებთ, რომლებიც ნაციონალური რეპრესიების განუყოფელი ნაწილი იყო. For.ge ნაციონალებისგან „განკულაკებულ“ ადამიანებს ესაუბრა.
ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძეს ოპერის უკან, თაბუკაშვილის №27-ში მდებარე 1600 კვ. მეტრი საოფისე ფართი დაუნგრიეს და იქ პოლიციის შენობა ააშენეს. ეს მოხდა 2010 წელს სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის დავალებით. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მისი შენობა ადგილის გამო მოიწონეს და ყურადღება არ მიაქციეს, რომ ისტორიული ძეგლის დანგრევა არ შეიძლებოდა. მით უფრო, რომ ეს ძეგლი ავარიული არ ყოფილა და გამძლე შენობად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ამ ძეგლის სტატუსს არავინ შეხედა, იგი დააპატიმრეს და შენობა მისი დაკავებიდან მესამე დღეს დაანგრიეს, მასში არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან თუ სხვა ოფისებიდან ხალხი გაყარეს და უმუშევარი დატოვეს. აღნიშნული ფართის მეორე ნაწილი კი ერთ-ერთი უწყების ბალანსზე წაიღეს და ახლა მისი დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
ბაკურ კიღურაძე იმასაც იხსენებს, რომ მათ ბიზნესპარტნიორი მოსტაცეს და მას ააშენებინეს „თბილისი-მოლი“, შემდეგ ისიც გააგდეს საქართველოდან.
„დელისის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის ერთ-ერთ თურქულ მნიშვნელოვან კომპანიასთან ვთანამშრომლობდით, რომელიც უამრავ სავაჭრო ცენტრს მართავს მსოფლიოში და იგი ჩვენთან ერთად ფიქრობდა 10 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში. თუმცა სააკაშვილმა დამაპატიმრა, თავისთან წაიყვანა „თურქმოლის“ წარმომადგენელი და ჩემთან მუშაობა აუკრძალა, დელისზე აღარ იმუშავოო და შეიყვანა „თბილისი მოლი“-ს მშენებლობაზე დიღმის ტრასაზე. შემდეგ ამ „თურქმოლმა“ შემოიყვანა ბრენდები - „კარფური“ და დანარჩენი. ბოლოს კი, მასაც დაატოვებინეს საქართველო“, - აღნიშნა ბაკურ კიღურაძემ.
მისივე თქმით, მართალია, მასზე ციხეში ძალადობა არ განხორციელებულა, მაგრამ იგი ძალადობად აღიქვამს მის უკანონოდ დაპატიმრებას. იმედოვნებს, რომ ახლა მაინც სამართლიანობა აღდგება, რადგან ოდესმე უნდა განხორციელდეს სამართალი.
ბაკურ კიღურაძის თქმით, დაზარალებული ბიზნესმენები სახელმწიფოს არ უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას, ისიც ესმით, რომ მათი ქონების დაბრუნება რთული პროცესია, მაგრამ ბიზნესმენი ფიქრობს, რომ რაიმე ფორმის მოძებნა შეიძლება. ელემენტარულად, ბიზნესმენებს საკუთარი აქტივობიდან, მომავალი მოგების გადასახადიდან შეუძლიათ, დაფარონ ზარალი.
„არა მგონია, პოლიციის შენობის ტერიტორია დავიბრუნო, იმ შენობაში ნამდვილად არ ვაპირებ შესვლას, მაგრამ რაღაც ფორმით სახელმწიფომ ხომ უნდა იფიქროს ამაზე, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ? არ ვიცი, ეს თანხით იქნება, თუ მოკლევადიანი, ან გრძელვადიანი ფორმით, მაგრამ ზარალი ზარალად უნდა აღიარონ“.
ნორა კვიციანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მის ძმას - ემზარ კვიციანს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება. მეტიც, საერთოდ, თუ რამე გააჩნდა ემზარ კვიციანს, ყველაფერი წართმეულია. მართალია, ახლანდელმა შსს-მ კვიციანების ოჯახი შეუშვა ოდესღაც წართმეულ ბინაში, ვაკეში, რისთვისაც ისინი ირაკლი ღარიბაშვილს ემადლიერებიან, მაგრამ წინა ხელისუფლებას შიგნით არაფერი დაუტოვებია, გარდა ცარიელი ოთახებისა. ამიტომ ემზარ კვიციანის ოჯახს დასახმარებლად ზოგმა რა მიუტანა და ზოგმა რა. ამის მიუხედავად, ბავშვები მაინც იატაკზე წვანან.
თორნიკე მოლაშვილი მისი ძმის -სულხან მოლაშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტს იხსენებს. სინამდვილეში, მათ ზედმეტი ქონება არ ჰქონიათ, უბრალოდ, ნაციონალებმა სპეციალურად აყიდინეს აგარაკი და შემდეგ ჩამოართვეს.
„სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და ოპოზიციაში იყო, მანამდე მიხეილ სააკაშვილმა, მსოფლიოში ამ უდიდესმა პიარშჩიკმა, განაცხადა - სულხან მოლაშვილს „დაჩა“ აქვსო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა „დაჩა“, ამიტომ წავკისში გვაყიდინეს და 2004 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაგვაცემინეს. თუ არ ვცდები, აგარაკი 75 თუ 78 ათასი დოლარი დაჯდა. საამისო საბუთებიც არსებობს, რომ ვყიდულობთ ამ უძრავ ქონებას და ნახევარ საათში ვუფორმებთ მთავრობას“, - გვითხრა თორნიკე მოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, საკრებულოში ამ საკითხზეც მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ კონკრეტული შედეგი რა იქნება, მისთვის უცნობია. ამასთან, პოლიტპატიმარი მიიჩნევს, რომ ახლა არჩევნების გამო მათთვის არ სცალიათ, თუმცა არჩევნების შემდეგ, შეიძლება, აღნიშნული აგარაკი დაიბრუნოს სულხანმა. ამასთან, თორნიკე მოლაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არავის არაფერი დაუბრუნონ, რადგან, თუ ქონების სამართლიანად დაბრუნების ერთი პრეცედენტი განხორციელდება, ამის შემდეგ ყველა დაზარალებული თავის კუთვნილს მოითხოვს და ხალხი აყვირდება, რომ მათაც უნდათ საკუთარი ქონების დაბრუნება.
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ არ დაუბრუნებიათ არც მისი მოქალაქეობის მოწმობა, არც ე.წ. ბუმაჟნიკი, მასში ჩადებული მცირე რაოდენობის თანხით, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა „შეიტყაპუნა“. თუმცა, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, დააბრუნეს მისი საბარათო ანგარიში, ანუ ის თანხა, რომელიც მისმა მეგობარმა სლოვაკეთიდან მის პირად ანგარიშზე გადარიცხა და ასესხა.
„თქვენ წარმოიდგინეთ, მედავებოდნენ სლოვაკეთს ჯაშუშობას, ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ეს თანხა ჩემს ანგარიშზე დაჯდა და ამ დროს ამ თანხას არ შემედავნენ. თურმე ეს თანხა ჯაშუშობაში არ იყო აღებული. არადა, მათი ლოგიკით, ეს თანხა გამომიგზავნა ნატოს სპეცსამსახურების მთავარმა ჯაშუშმა“, -გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ ქონებრივი კომპენსაციების გაცემა ბრკოლდება ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის განკარგულების გამო, რადგან ის არის დღეს თანამედროვე ქართული კორუფციის მფარველი და, როგორც წინა ხელისუფლებას ჰყავდა კეზერაშვილი და ის განაგებდა ბიზნესს ყოველგვარი კანონების გარეშე, დღეს ამ ფუნქციას ასრულებს ივანიშვილის მრჩეველი - გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება 7 მილიარდით აპელირებას, თითქოს, ამხელა თანხას სახელმწიფო ვერ იშოვის, კახა კუკავას მიაჩნია, რომ ეს სულელური ციფრია, რადგან კომისიის სხდომაზე მათ დაბარებული ჰყავდათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მათთვის ასეთი ოფიციალური ციფრის შესახებ ცნობილი არ იყო.
„არანაირი 7 მილიარდი, ასეთი დათვლილი ზარალი საქართველოს მთავრობას არ აქვს. ამიტომ ბიზნესმენების მომავალი მოგების გადასახადიდან არანაირი სამომავლო აქტივების ჩართვა საჭირო არ არის და ახალმა მთავრობამ ქონება პირდაპირ უნდა დააბრუნოს. უფრო მეტიც, ეს თავსმოხვეული ტყუილია, თითქოს, ეს ქონება უკვე გაიყიდა სააკაშვილის დროს და ახლა ბიუჯეტმა უნდა აანაზღაუროს ზარალი. მაგალითად, ბოლო დროს ავტომანქანებზე იყო მსჯელობა, თუმცა, სინამდვილეში, ეს მანქანები ავტოსადგომებზე დგას და პირდაპირ უნდა დაუბრუნონ მესაკუთრეებს“, - აღნიშნა კახა კუკავამ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ნაციონალების დროს სხვა ადამიანებზე ქონების უკანონოდ გადაფორმებას, პოლიტიკოსის თქმით, ასეთი ფაქტები ძალიან მცირეა და ქონების ჩამორთმევის 99%-დან მხოლოდ 1% თუ იქნება ასეთი. დანარჩენი კი, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. ამდენად, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჯერ ეს 99% უნდა მოაგვაროს და შემდეგ იმ 1%-საც რაღაც ეშველება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხი მეტად რთულია და ნაჩქარევი გადაწყვეტილება საქმეს გაართულებს. ექსპერტი არ ფიქრობს, რომ ეს თემა ახალი ხელისუფლებისთვის დახურულია და გარკვეული ფორმით კომპენსაციის გაცემას არ აპირებენ. უბრალოდ, წართმეული ქონება თუ მესამე ან მეოთხე პირზე არ არის გადაცემული, მაშინ ძალიან მარტივია მისი უკან წამოღება. თუმცა ასეთი საქმეები ყველაზე ცოტაა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ბიზნესმენისგან „ნაჩუქარ“ ქონებას, თუ ის ქონება დღესაც სახელმწიფო ბალანსზეა, ირაკლი ლექვინაძის აზრით, მათი დაბრუნება ძალიან მარტივია.
„მესმის, რომ ყველას ეჩქარება, დაიბრუნოს თავისი ღირსება და კაპიტალი, მაგრამ სახელმწიფოსგან ამ თანხების კომპენსაცია შეუძლებელია, რადგან მათი ღირებულება რამდენიმე მილიარდია. ეს თანხა 10 მილიარდამდეც ადის და მისი გასტუმრება სახელწიფო ბიუჯეტს ათწლიან გრაფიკშიც კი გაუჭირდება. ამიტომ სახელმწიფოსთან ერთად დაზარალებულმა ბიზნესმენებმაც რაღაც სქემა უნდა მოიფიქრონ“, -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ რეპრესირებული ადამიანებისთვის ქონების დაბრუნების პროცესი რამდენიმე დღეში ვერ დასრულდება. ეს რთული პროცესია, რადგან საუბარია წლების მანძილზე სხვადასხვა პერიოდში დაჩაგრულ და ქონებაწართმეულ ადამიანებზე, რომლებზეც სახელმწიფო ძალადობდა, როგორც რეკეტიორი. ამდენად, ცხრაწლიანი მმართველობისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის გარკვეული გზა მოსაფიქრებელია.