სავალუტო ფონდი საქართველოს დაკავშირებულ პროგნოზს შეცვლის?!

სავალუტო ფონდი საქართველოს დაკავშირებულ პროგნოზს შეცვლის?!

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სავალუტო ფონდი მზადაა ბოლო დღეებში გამოქვეყნებული მონაცემები დააზუსტოს. აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გამართულ შეხვედრებზე მიიღო პირობა, რომ ფონდი საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პროგნოზებს გადახედავს.

სავალუტო ფონდმა წინა კვირას საქართველოს ეკონომიკის ზრდის წლევანდელი პროგნოზი 4-დან 2.5%-მდე შეამცირა, ხოლო უმუშევრობის ზრდის პროგნოზი შარშან არსებული 15%-დან 2013 წელს 16.7%-მდე, ხოლო 2014 წელს 17.3%-მდე გაზარდა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდომარეობაზე, იმ პროგნოზებზე, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც გაირკვა, იგი თავადაც გაკვირვებულია ამგვარი პროგნოზით და მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნული შეფასება გადაიხედება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა, რომელიც ამერიკაში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. „ისინი აპირებენ გააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ნოემბერში ბანკისგან ველოდებით საინტერესო სიურპრიზს, რომლის გაჟღერების უფლებაც ჯერ არ მაქვს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

არადა სსფ-ს ანალიტიკოსებმა მართლაც რომ არასაიმედო პროგნოზი გამოაქვეყნეს და მისი მიზეზებიც განმარტეს. მათი განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შენელება განპირობებულია შემცირებული კერძო ინვესტიციებით და კრედიტებით, ასევე საბიუჯეტო თანხების ეკონომიური ხარჯვით. ფონდის მთავარი რეკომენდაცია პოლიტიკური არასტაბილურობის მოგვარებაა, რათა საქართველომ ინვესტორების ნდობა დაიბრუნოს.

მართალია მთავრობამ უკვე აღიარა, რომ წლის ბოლოსთვის 6%–იანი ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება და ეკონომიკის მინისტრი 2013 წლის შედეგებით 3%–იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ფონდის პროგნოზი მთავრობის წევრთათვის მაინც მეტისმეტად მოულოდნელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისთვის, რომელიც შრომის ბაზრის შესწავლას და ელექტრონული დასაქმების ბირჟის შექმნას კურირებს, გაუგებარია რაზე დაყრდნობით აკეთებს სავალუტო ფონდი ასეთ დასკვნებს. კახა საკანდელიძის აზრით, ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია, რადგან მთავრობამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, მათ შორის, არის აგროსესხების პროგრამა. საკანდელიძის ინფორმაციით, ნოემბრიდან ბაზრის შესწავლა დაიწყება და პარალელურ რეჟიმში მოხდება ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება.

თუმცა, სპეციალისტთა ნაწილი სსფ-ს პროგნოზს ეთანხმება კიდეც. მაგალითად, დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველოში უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს სარწმუნოდ მიიჩნევს.  როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, კონკრეტული ციფრები უმუშევრობის შესახებ არ აქვს, თუმცა სავალუტო ფონდი გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც სავარაუდოდ ციფრებზე დაყრდნობით გააკეთებდა დასკვნებს.

მიხეილ კორძახიას თქმითვე, უმუშევრობის ზრდის მიზეზი ზოგადად ეკონომიკაში არსებული ვითარება შეიძლება გახდეს, რასაც მთავრობის არაქმედითი ნაბიჯები და არააქტიური პოლიტიკა ემატება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს, სომხეთთან ერთად, ყველაზე უარესი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. თუკი მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში ეს მონაცემი 5-6%-ის ფარგლებშია, ხოლო უკრაინაში 8%-მდე, საქართველოში 15-16%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სომხეთში 18,5%-ის დონეზეა. სხვათა შორის, რეგიონში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა თურქეთი, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 10% უმუშევრად ითვლება.