განხეთქილება ქართველებს შორის

განხეთქილება ქართველებს შორის

პატარა ქართულ სოფელ დვანს, რომელსაც დამრეცი მთები აკრავს და რომლის ბაღებიც მზითაა განათებული, ნამდვილად უწოდებდი ულამაზესს, რომ არა მავთულხლართები, რომელიც სოფელს კვეთს.

დვანში დაახლოებით 1000 მოსახლეა და ის ზუსტად იმ სადემარკაციო ხაზზე მდებარეობს, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს, სამხრეთ ოსეთს, დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.

ამ უიღბლო მდებარეობის გამო სოფელი იმ ტერიტორიული დავის ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა, რომლის გამოც თბილისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრორუს ოს სეპარატისტებთან დაპირისპირებაშია.

2008 წელს, ამ სადავო რეგიონის გამო მომხდარ ხანმოკლე ომში (თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, რაც საქართველოს სამთავრობო ძალებსა და ოს მეამბოხეებს შირის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო), დვანი დაბომბეს და გაძარცვეს.

და მას მერე, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა, დვანმა აღმოაჩინა, რომ, მოსკოვის აზრით, ის ნამდვილ სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს, საზღვარზე, რომელიც, ქართველთა თქმით, სულ უფრო ღრმად მოცოცავს მათი ტერიტორიებისკენ.

გასულ თვეს რუსულმა ჯარმა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების შემოვლება დაიწყო და რეალურად მოწყვიტა დვანელები მათ მიწის ნაკვეთებს, მამა-პაპურ სახლებსა და სასაფლაოებს.

„რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები ჩვენ უნდა დაგვიტოვოს. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ჩვენს პრობლემებს ყველასთან, იქნებიან ეს ოსები, სომხები, თუ აზერბაიჯანელები. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიცხოვრებთ, როგორც გვიცხოვრია მუდამ“, ამბობს ლეილა ჯანუაშვილი, დვანის მკვიდრი. „რუსეთი აღარ უნდა ჩაერიოს, აღარ უნდა წააქეზოს ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ“.

რუსული სასაზღვრო პატრული

2008 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთმა საკუთარი საზღვრების დაცვის უფლება რუსებს გადასცა იმ მიზეზით, რომ თვითონ სასაზღვრო პატრული არ ჰყავს.

სასაზღვრო ზოლის 400 კილომეტრზე ორი წლის შემდეგ მეტალის ბარიერების შენება დაიწყეს, თუმცა პროექტზე მალე თქვეს უარი და მაშინ დვანი გადარჩა.

მაგრამ დაძაბულობა არ ცხრებოდა.

როდესაც ხმა გავარდა, რომ ზოგიერთ მეზობელ სოფელში ღობეების შენება დაიწყეს, ჯანუაშვილს და მის ქმარს, თეიმურაზ კოპაძეს დრო უქმად არ დაუკარგავთ, მათ სასწრაფოდ მოკრიფეს ვაშლი საზღვრის მეორე მხარეს მდებარე ბაღებში.

სხვა ადგილობრივებივით, მათი ოჯახისთვისაც ვაშლი შემოსავლის მთავარი წყაროა.

გასულ კვირას ისინი მძიმე გულით გაემართნენ სასაზღვრო ზოლისკენ, რადგან აღარ აქვთ იმის იმედი, რომ ოდესმე საკუთარ ბაღებში შესვლას შეძლებენ.

მათდა გასაოცრად მესაზღვრეები არსად ჩანდნენ.

არსად ჩანდა ღობეებისთვის ჩაყრილი ბოძები, ხოლო მავთული ბალახში იყო მიმოფანტული.

„ყველაფერი მოშალეს, ბოძებიც კი, რამაც ძალიან გაგვახარა“, გვითხრა კოპაძემ. დაახლოებით კილომეტრ-ნახევარზე სვეტები ამოიღეს. და ბოძებიც კი, რომელიც ჩაყრილი იყო, თუმცა არ იყო სამუდამოდ დამაგრებული, ამოიღეს და წაიღეს.

და თუმცა ღობის მშენებლობა ბოლომდე არ მიუყვანიათ, ის, რაც უკვე ააგეს, ადგილზეა დატოვებული. ასევე მოხდა მეზობელ სოფელ დიცში, ღობეების მშენებლობა უცბად შეაჩერეს.

რუსეთის ხელისუფლება ამ მოვლენებზე ხმას არ იღებს, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთი აღნუსხავს თავის ტერიტორიულ საზღვრებს და ამას აკეთებს საბჭოთა რუკების მიხედვით, მაშინ კი ის საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიური რეგიონის სტატუსით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო თბილისის განცხადებები იმის შესახებ, რომ სასაზღვრო ზოლმა გადმოიწია საქართველოს ტერიტორიებისკენ და განაცხადა, რომ თუ თბილისი გააგრძელებს „პოლიტიკურ სპეკულაციებს“, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

დასავლეთის კრიტიკა

შემოღობვა აშკარად იმიტომ შეაჩერეს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის მძლავრი ტალღა წამოვიდა.

შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირმა და ნატომ გასულ კვირას ხმამაღლა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის დახმარებით, დანარჩენი საქართველოსგან სამხრეთ ოსეთის იზოლირება ხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა „არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და ადგილობრივ მცხოვრებლებს „სირთულეებს უქმნის“.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ასეთი აქტივობები „სერიოზულ პრობლემებს“ უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ყველამ ისევ მოსთხოვა რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ანულირება.

რაც არ უნდა გამხდარიყო რუსული ჯარების აქედან თუნდაც დროებით წასვლის მიზეზი, დვანელებს ამ ფაქტმა შვება მოგვარა.

აქაურებიდან ზოგიერთს იმის იმედი აქვს, რომ ინციდენტი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ახალ სულს ჩაბერავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევას.

„ვერაფერი ვერ აღგვიდგენს ჩვენს დანაკარგს, მაგრამ ისევ მოგვეცა იმის იმედი, რომ ახალი მოლაპარაკებები დაიწყება“, ამბობს დვანელი ანო მახაჩაშვილი. „მე მგონია, ეს იმის ნიშანია, რომ რუსები უკან იხევენ. იმედი ბოლოს კვდება. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ წასვლას არსად ვაპირებთ“.

ხელისუფალნი თბილისში უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

საქართველოს და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს სასაზღვრო პრობლემებთან დაკავშირებით შემრიგებლურს ვერ უწოდებ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე თავისი შეშფოთება გამოხატა. მან დაგმო ის, რასაც „რუსი ჯარების მიერ ქართული მიწების ანექსია უწოდა“ და რუსული ჯარი იმაში დაადანაშაულა, რომ „მავთულხლართებით ხლეჩს საზოგადოებას“.

განხეთქილება ქართველებს შორის

მავთულხლართებმა გააღრმავა განხეთქილება საქართველოს მთავრობის შიგნით – სააკაშვილმა თავის მეტოქეს, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ბრალი დასდო იმაში, რომ არ მოინახულა დაზარალებული ქართული სოფლები და მოსკოვთან დაშოშმინების პოლიტიკას ატარებს.

მაგრამ ომი კარგად ახსოვთ ივანიშვილის ბანაკშიც.

რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის მოვალეობაცაა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში დაბრუნების კურირება, აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, არ აპირებს საზღვრის შემოღობვაზე უარის თქმას.

ქართველებმა ძალა უნდა მოიკრიბონ დაძაბულობის შესაძლო ესკალაციისთვის, ამბობს ის.

„იმის ილუზია, რომ სიტუაცია გამოსწორდა, არ უნდა გვქონდეს. ჩვენ რუსეთისგან ამ მიმართულებით არავითარ პოზიტიურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდეთ“, განაცხადა ზაქარეიშვილმა. „თუ ასე მოხდა, მით უკეთესი. მაგრამ ჩვენ ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ჩვენი მოქალაქენი დაცულნი იყვნენ“.

მას შემდეგ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღობეს ავლებენ სასაზღვრო ზოლის მახლობელ სოფელში აძვში.

foreignpress.ge