მე-4 ქვეით ბრიგადაში ერთი ერთეული AKM-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისის ფაქტი გამოვლინდა. თუმცა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანარჩენი ყველა ატრიბუტი (მჭიდი, ვაზნები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ) ადგილზეა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება 399-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამხედრო ქონებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო დაზიანებას ან დაკარგვას. გარდა ამისა, სამხედრო პოლიციაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
„მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, მათ შორის ხელახალი ინვენტარიზაცია და ჩხრეკა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისის ფაქტი თავდაცვის სამინისტროს შიდა სტრუქტურების მიერ იქნა გამოვლენილი, მას შემდეგ რაც მე-4 ქვეით ბრიგადაში, მეთაურის ინიციატივით არაგეგმიური ინვენტარიზაცია ჩატარდა.
აღნიშნულ ქვედანაყოფში ბოლო გეგმიური ინვენტარის აღწერა 2013 წლის მაისში განხორციელდა. 27 სექტემბერს შეტყობინება, იარაღის დაკარგვასთან დაკავშირებით, დაეგზავნა ძალოვან სტრუქტურებს (შსს, პროკურატურა). თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისის ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
როგორც წესი, იარაღი საიარაღო ოთახში ინახება. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ საგანგებო სიტუაცია არის გამოცხადებული, ამ შემთხვევაში შეიძლება სამხედროებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თან დაჰქონდეთ იარაღი. საშტატო იარაღზე პასუხისმგებელია ის პირი, ვიზეც მეწერილია ეს იარაღი. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამხედრო ნაწილში იარაღის დაკარგვის ეს პირველი შემთხვევაა, რაც თავისთავად სერიოზული დანაშაულია.
ჯერჯერობით უცნობია საიდან დაიკარგა მე-4 ქვეით ბრიგადაში ერთი ერთეული AKM-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საიარაღო ოთახიდან, თუ ის პიროვნებას. წესით, ამ იარაღის პოვნა რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან მას თავისი ნომერი აქვს და ნომრით იარაღის პოვნა რთული არაა. გარდა ამისა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ და რა მიზნით აიღო ეს იარაღი, პირადი მოხმარებისთვის, თუ რამე დანაშაულებრივი მიზნისთვის. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, მთავრია, რომ დროზე მოხდეს დაკარგული იარაღის ამოღება, რომ მისი საშუალებით ვინმემ დანაშაული არ ჩაიდინოს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, თუ დადგინდება, რომ ეს იარაღი კი არ დაიკარგა, არამედ მიწერილია სხვაგან, რისი ალბათობაც მისივე თქმით არსებობს, ეს ინფორმაცია დადგინდება და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.
„საუბარია ერთეულ იარაღზე. მიმდინარეობს მთლიანად აღრიცვა და იმისდა მიხედვით, რა შედეგებიც დადგება, თავდაცვის სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. დაკარგულ იარაღზე არავინ არ გაჩუმდება. სამწუხარო ფაქტია ის, რომ წლების მანძილზე ადეკვატური აღრიცხვიანობა არსებული რესურსის არ მიმდინარეობდა.
ეს პროცესი დაიწყო, მერწმუნეთ, რომ მარტივი პროცესი არაა. სტრუქტურებია ჩართული, რომ მოხდეს საფუძვლიანი აღრიცხვა, რომ საერთო ჯამში, ვიცოდეთ რა, სად და როგორ. ერთხელ და სამუდამოდ, ეს თემა უნდა დავხუროთ და უნდა მოვაქციოთ ადეკვატური მართვისა და კონტროლის ქვეშ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ამ ბრიგადაში დისციპლინის პრობლემაზე საუბრობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპეტრი თეონა აქუბარდია და თვლის, რომ რამდენადაც მიმდინარეობს მოკვლევა, უნდა დაველოდოთ პასუხებს.
„ბოლო პერიოდში არ მახსენდება, რომ სამხედრო ნაწილში დაკარგულიყო იარაღი, თუმცა ის ფაქტი, რომ ინფორმაცია გამოვიდა და ამაზე ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, ეს პოზიტიურია. სხვა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და, ალბათ, დადგება იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული.
ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია ის სამხედრო, რომელიც პასუხისმგებელი იყო იარაღის შენახვაზე, ან რომელიმე ჯარისკაცის ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს. აუცილებელია ჯერ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება დაწყებულია და ფაქტი არაა დამალული. ეს იყო დისციპლინარული დარღვევა თუ თვითნებობა რომელიმე სამხედროს მხრიდან, ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.