მოწამეთა სააკაშვილს აუშენებია

მოწამეთა სააკაშვილს აუშენებია

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ ტრადიცია დაარღვია და მოწამეთაში ხუთი წუთით „შერბენილი“ პრეზიდენტი ტაძრის ეზოში მიიღო.

თუ წლების განმავლობაში, მეუფე სულიერ შვილს - მიხეილ სააკაშვილს იმერეთში პატივით იღებდა, დავით აღმაშენებელს უწოდებდა, ამბიონიდან ლოცავდა და საჩუქრებს ჩუქნიდა, დღეს, მეუფე მხოლოდ თბილი დახვედრით შემოიფარგლა.

კერძოდ, მოწამეთის დღესასწაულთან დაკავშირებით, სააკაშვილი ქუთაისს, 13:00 საათზე ეწვია. ტაძრის ეზოში კი, მას სულიერი მამა დახვდა და დიდი სითბოთი მიიღო. თუმცა, საგულისხმოა ერთი დეტალი - მეუფემ მოწამეთას მიმდებარე ტერიტორია მანამდე დატოვა, სანამ მიხეილ სააკაშვილი ტაძარში შევიდა. წლების განმავლობაში, მეუფისგან „განებივრებულ“ სულიერ შვილს დღეს, სანთლის ანთებაც მარტოს მოუწია, მაგრამ საინტერესოა ის, თუ რა გახდა მეუფის ამგვარი „მასპინძლობის“ მიზეზი. შესაძლოა, ეს 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც უკავშირდებოდეს, სადაც რამდენიმე მოძღვარს მსახურების უფლება ჩამოართვეს.

მართალია, მოწამეთაში პრეზიდენტის სტუმრობა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების ნაწილმა აგრესია გამოხატა, მეორე ნაწილმა კი,  მისი ხილვით სიხარული ვერ დამალა და მასთან ფოტოსესია მოაწყო.

სააკაშვილმა მოწამეთას ტაძრის აღდგენის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამონაწილეობაზე და „აღმშენებლობის ეპოქაზე“ ისაუბრა, თუმცა, მანამდე მას ერთ-ერთ ქალბატონთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს უსაყვედურა - „რას მისდევთ, ამისთვის იკლავთ თავს?!“. პრეზიდენტს ამ ქალბატონის რეპლიკა არ ესიამოვნა და მას ჟესტუკულაციით მიმართა - „ეს ეკლესია, სხვათაშორის ჩემი აშენებულია!“

„აქ პირველად, 90-იან წლებში ვიყავი. მაშინ, ამ ტაძარს ძალიან კარგი წინამძღვარი ჰყავდა. გაგი მოსეშვილი დარბაისელი, ინტელიგენტი კაცი იყო. ადრე, აქაურობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მაშინ, მამა გაგიმ მითხრა - მე ვერ მოვესწრები, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ტაძარს ხელი შეავლოთო. წინა წლებში, სამუშაოები ჩავატარეთ და მოწამეთა ჩემი სიამაყის საგანია. ეს ტაძარი ქართველ ერს ძველი ბრწყინვალებით დავუბრუნეთ. ეს არის ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც ბოლო პერიოდში აღდგა. ამდენი ეკლესია არასოდეს აღდგენილა და ეს იყო წლები „ქვათა შეგროვებისა და არა გაბნევისა“. აღმშენებლობის ეპოქამ ამ ტაძრების მშენებლობა მოიტანა და ვცდილობ, რომ ამ ადგილას ყოველთვის მოვიდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოწამეთაში პრეზიდენტის სტუმრობა აღნიშნული ქალბატონის გარდა, კიდევ რამდენიმე პირმა გააპროტესტა და მათ იმ აჟიტირებულ ხალხს მიმართეს, რომლებიც ქვეყნის პირველ პირთან ფოტოებს იღებდნენ. „რამ გაგაგიჟათ, სააკაშვილი ღმერთი ხომ არ არის?!“

მეუფე კალისტრატის გარდა, ტრადიცია დღეს, ქვეყნის პირველი პირის დაცვამაც დაარღვია. გასულ წლებთან შედარებით, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებს შედარებით ლოიალურად ეპყრობოდნენ, თუმცა, ერთ-ერთმა ქუთაისელმა მრევლს მაინც მოუწოდა „არ გაიწიოთ, რას გვიზამს გადაგვივლის?!“