[ეკა ბაქრაძე]
საქართველოში საწვავის ფასის ზრდა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ამას დაუფარავად აცხადებენ. მართალია, უკვე რამდენიმე კვირაა შავი ოქროს ფასი, 95-97 დოლარზე „გაიყინა“, მაგრამ ქართველ ნავთობმაგნატებს მიზეზი აქვთ და პროდუქციის გაძვირების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.
ნავთობკომპანიების „ვისოლის“, „ლუკოილის“, „რომპეტროლისა“ და „სოკარის“ ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, რომ საწვავის ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას უკავშირდება.
კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ლოგიკურად არცერთი კომპანიის ინტერესში არ შედის ის, რომ გაზარდოს ფასი, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლის ზრდაა და არა ფასის გაზრდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ნავთობის ფასმა 10 პროცენტით იმატა, იმპორტიორი კომპანიები იძულებულნი გახდნენ, საწვავზე ფასები გაეზარდათ.
ხორავას თქმით, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავ მატულობს, სავარაუდოდ, ფასი საწვავზე უახლოეს მომავალში 5-10 თეთრით კვლავ გაიზრდება.
„ლუკოილის“ წარმომადგენლთა განცხადებით კი, ნავთობის ფასებმა ბოლო 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რაც საწვავის ფასზე თავისთავად აისახა. მათი თქმით, საწვავის არა მარტო საქართველოში, ყველა იმპორტიორ და ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში გაიზარდა.
საწვავის ფასი, რა თქმა უნდა, ყველგან იზრდება, მაგრამ საკითხვია რა დოზის, ინტენსივობით და პროპორციით. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ფასების ზრდის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი „ხელისუფლების მუდმივად მზარდი მადაა“, საბაზრო ეკონომიკის კანონებს კი მასში მხოლოდ მცირე წვლილი მიუძღვის.
„ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ბენზინსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატება ობიექტური მიზეზების გამო ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს, მსოფლიოში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 140 დოლარი იყო, თუმცა მაშინ, საქართველოში „სუპერის“ ხარისხის ბენზინის საფასური მაქსიმუმ 2 ლარი იყო და ისიც ცოტა ხნით. ახლა კი, 2 ლარს დიდი ხანია გადასცდა „სუპერის“ და „პრემიუმის“ მარკის საწვავის ღირებულება და მიუახლოვდა რეგულარის ფასიც“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
თუკი საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი მაგიურ 2 ლარს მიუახლოვდა, მსოფლიოში ასევე ფსიქოლოგიურ ნიშნულზეა 1 ბარელი ნავთობის ფასიც.
„ნავთობის ღირებულების 100 დოლარამდე გაზრდა შეცდომა იქნება“, - განაცხადა ფრანგული ნავთობკომპანია „ტოტალის“ გენერალურმა დირექტორმა კრისტოფ დე მარჟერიმ, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.
ფრანგული ნავთობგიგანტის ტოპ-მენეჯერის აზრით, ნავთობის ფასები ძალიან სწრაფად დაუბრუნდა ასდოლარიან ნიშნულს.
2011 წელს „შავი ოქროს“ ღირებულება 95-98 დოლარამდე ავიდა, თუმცა 100 დოლარის ზღვარი ჯერჯერობით, არ გადაულახავს. ამასთან, ევროპული ნავთობი ამერიკულზე ძვირი ღირს.
ნავთობის ფასები მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ფონზე მიმდინარეობს. მშპ-ს ზრდა ენერგიაზე მოთხოვნას აძლიერებს. ანალიტიკოსების განცხადებით, ნავთობის ფასი 100 დოლარს, შესაძლოა, უკვე 2011 წელს გადასცდეს.