„ხვანჭკარის რთველი“ და  ხარისხის გაყალბების მცდელობა რაჭაში

„ხვანჭკარის რთველი“ და ხარისხის გაყალბების მცდელობა რაჭაში

რაჭაში „ხვანჭკარის რთველი“ ინციდენტების გარეშე დასრულდა. თუმცა, ყურძნის ჩაბარების დროს ცალკეული დარღვევები მაინც გამოვლინდა. მეღვინეების ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა ყურძნის წონის ხელოვნურად გაზრდის მიზნით  რაჭველმა გლეხებმა ნედლეულს ქვა-ღორღი და მძიმეწონიანი საგნები დაამატეს. ზოგიერთმა კი უნიკალური ჯიშის ყურძენში სხვა რაიონიდან შემოტანილი ყურძნის შერევა სცადა.

ღვინო  „ხვანჭკარა“, რომელიც ორი ჯიშის ყურძნის - „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ შერევით მზადდება კონკრეტულ მიკროზონაში დაკრეფილი ნედლეულით მზადდება. მიკროზონა კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე  სოფელ ხვანჭკარის  მახლობელ სოფლებს მოიცავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხარისხის გაყალბების  ფაქტები ყოველწლიურად ვლინდებოდა და გამონაკლისი არც წლევანდელი რთველი ყოფილა, თუმცა, დავითაშვილის განმარტებით, წელს ადმინისტრირება და მონიტორინგი  ეფექტიანად ჩატარდა, რამაც  „ხვანჭკარის“ ხარისხის 100%-ით დაცვა უზრუნველყო.

ლევან დავითაშვილი:  წელს „ხვანჭკარის“ ყურძნის ფასი მაღალი იყო -  1 კილოგრამი 8 ლარი ღირდა. როდესაც ყურძნის ფასი მაღალია, ცდუნებაც დიდია.  ყურძნის წონის ხელოვნურად გაზრდის ფაქტები  ყოველ წელს ვლინდება და წელსაც იყო მცდელობა. თუმცა, წელს ძალიან მაღალი კონტროლი იყო  ხვანჭკარის რეგიონში  - სააგენტოს თანამშრომლები სრულ მონიტორინგს აწარმოებდნენ ჩასაბარებელ ყურძენზე. შესაბამისად, მცდელობა, რომ ყურძნისთვის ვინმეს  სხვა ჯიშის ყურძენი ან  ქვა-ღორღი შეერია, უშედეგოდ დასრულდა.

2013 წლის რთველი რაჭაშიც გამორჩეულია და მრავალი წლის შემდეგ, წელს პირველად,  ნამდვილი, 100%-იანი  ხვანჭკარა დამზადდება.

შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად, სად გამოვლინდა  ყურძენში ქვა-ღორღის შერევის ფაქტი და რამდენად ხშირი იყო მსგავსი მცდელობები?

-  ვერ გეტყვთ ამას. ამგვარი მცდელობები რაჭის რთველს, ფაქტობრივად, სულ თან სდევს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ამას კადრულობს. მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ერთეული ფაქტები იყო და დროულად  გამოვლინდა.  მძიმე საგნები წონის შესაცვლელად გამოიყენეს. ეს, რა თქმა უნდა, ღვინოში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ აზიანებს დანადგარებს და ამგვარი მცდელობაც გულდასწყვეტია. ადამიანთა  ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ სარგებლის მიღებას - იყო მცდელობა სხვა ყურძნის ჯიშიც შეერიათ.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად  ღვინის სააგენტოს სპეციალისტების გადაწყვეტილებით, რთველის დროს დაიკეტა რეგიონი და ამბროლაურის რაიონში წითელი ფერის ყურძნის შეტანა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა.

 „ხვანჭკარის რთველის“ აბსოლუტური და მკაცრი კონტროლი ჩავატარეთ. ჩაბარების თითოეულ პუნქტში იყო  მონიტორინგის სპეციალისტი ღვინის ეროვნული სააგენტოდან და, ფაქტობრივად,  ყველა ყურძნის ჯიში დიდი სიზუსტით გადამოწმდა. ამით ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

რაჭის რთველი დასრულდა?

გუშინ საღამოს დასრულდა ხვანჭკარის სანედლეულო ბაზის აღრიცხვა. ღვინის სააგენტოს მიერ დაიკეტა ყველა პუნქტი.  ამის შემდეგ კომპანიებს საშუალება აქვთ, შეიძინონ სხვა ჯიშის ყურძენი. მკაცრი კონტროლი მხოლოდ  „ალექსანდრეულსა“ და „მუჯურეთულზე“ იყო დაწესებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში ყურძნის ჩაბარების რეკორდულ რაოდენობაზე საუბრობს.  „ხვანჭკარის" ყურძნის მოსავალი როგორია?

- „ხვანჭკარის“ დასამზადებლად საჭირო  ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის მოსავალმა 900 ტონა შეადგინა.  ხვანჭკარის რეგიონში კილოგრამი ყურძნის ფასი  8 ლარი იყო. დანარჩენი ჯიშის ყურძნებზე სხვადასხვა ფასი იყო - დაახლოებით 2-3 ლარი.

შარშან  1 კილოგრამი „ხვანჭკარის“ ყურძენი 3,5-4 ლარი ღირდა. ფასები წლიდან წლამდე იზრდება, ამის გამო კი ახალი ვენახები შენდება. სტიმული მიეცა ფერმერებს, მაღალი ხარისხის კონტროლის პირობებში  მათი შრომა დაფასდა. „ხვანჭკარაზე“ მოთხოვნა ძალიან დიდია -  მინიმუმ 4-ჯერ მეტია, ვიდრე  მოსავალი მოდის.

რომელმა კომპანიებმა  იყიდეს  წელს „ხვანჭკარის“ ყურძენი?

- ყურძენს დაახლოებით  20 კომპანია იბარებდა. მათ შორის იყვნენ -  „ხვანჭკარა  პრემიუმი“, „ალექსანდროული“ „თელიანი ველი“, „თბილღვინო“ და აშ.