ეკონომიკური თავისუფლებიდან ადამიანურ კაპიტალამდე

ეკონომიკური თავისუფლებიდან ადამიანურ კაპიტალამდე

როგორია ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში და საქართველოში? რა ადამიანური კაპიტალი აქვს ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარებისთვის? ამ მიმართულებით სხვადასხვა კვლევა ჩატარდა და საქართველოს პოზიცია არც თუ ურიგოა. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საკმაო ნახტომიც გამოგვივიდა და ლიდერებშიც გავერიეთ. „ადამიანურ კაპიტალში“ ჯერჯერობით კი მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვდგავართ, თუმცა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა, ვინძლო ამ კუთხითაც დაგვაწინაუროს.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ყოველწლიური ანგარიშის - „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2013“ - მიხედვით, საქართველო 152 ქვეყანას შორის 25-ზე ადგილზეა. ერთი წლის წინ კი 42-ე პოზიციაზე ვიყავით. ამ გადაადგილების შედეგად საქართველომ ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა 2011 წლის ეკონომიკურ მონაცემებს და მასში ჯერ არ შესულა 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები.

თითქმის 40 წელია ამ რეიტინგის ლიდერობას არავის უთმობს ჰონგ-კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ა.შ. წარმატებული ეკონომიკური განვითარების მაგალითია, ესტონეთი, რომელიც მეთექვსმეტე ადგილზეა და ამერიკის შეერთებული შტატების წინ დგას. აღსანიშნავია, რომ მათ ძალიან მიუახლოვდა საქართველო, რომელიც მთელი 17 პუნქტით დაწინაურდა და ამჯერად 25-ე ადგილზეა.

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა კი სახელმწიფოების ადამიანური კაპიტალის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში სულ 122 ქვეყანა მოხვდა და მასში საქართველო ოდენ 77-ე ადგილზეა. რეიტინგის შეფასებები განისაზღვრა განათლების, ჯანდაცვის, შრომითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით.

ლიდერთა ათეულში, ადამიანური კაპიტალის მაჩვენებლის მიხედვით, მოხვდნენ შვეიცარია, ფინეთი, სინგაპური, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, დანია და კანადა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ესტონეთი რეიტინგში 27-ე ადგილზეა, ლიტვა - 34-ე ადგილზე, ლატვია - 38-ე ადგილზე, ყაზახეთი - 45-ე ადგილზე, რუსეთი - 51-ე ადგილზე, უკრაინა - 63-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 64-ე ადგილზე, სომხეთი კი - 73-ე ადგილზე. საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მოლდოვას (83-ე ადგილი) და ყირგიზეთს (92-ე ადგილი).

აღჩანიშნავია, რომ ეს კვლევაც წინა წლების მონაცემებს ეყრდნობა და 2013 წელს განხორცილებული მთელი რიგი ცვლილებები ჯანდაცვის, განათლებისა და შრომითი მოწყობის მიმართულებით, იქ არ ასახულა. ამიტომაც მომავალში ამ კუთხითაც წინსვლას უნდა ველოდოთ.

ექსპერტის პაატა შეშელიძის თქმით, იმიტომ გვჭირდება ეკონომიკური თავისუფლება, რომ ეს აძლევს საშუალებას ძალიან ბევრ ადამიანს (განსაკუთრებით კი მას, ვისაც აქვს ნაკლები განათლება, ნაკლები კავშირები, ნაკლები შესაძლებლობები) ფულადი რესურსებით უფრო ადვილად შევიდეს სამეწარმეო საქმიანობაში, უფრო ადვილად იყოს დაქირავებული, უფრო ადვილად შეიძინოს ის, რაც მას სჭირდება.

„ნაკლები ბარიერების პირობებში ასეთ ადამიანებს მეტი შანსი უჩნდებათ. ეკონომიკური თავისუფლება, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ნაკლებად წარმატებული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ, მას უცებ ბარიერები უქრება და შეუძლია ნულიდან დაიწყოს საქმე“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ პაატა შეშელიძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის აზრით, ბიზნესის დაწყების სიმარტივე და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების მიმზიდველობა ვერ იქნება გადამწყვეტი ინვესტიციის განხორციელების პროცესში თუ ბიზნესი თავს არ იგრძნობს დაცულად. სწორედ ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯები ახალი მთავრობის მხრიდან. ლაპარაკია მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ, ასევე სასამართლოს სისტემის მეტ დამოუკიდებლობასა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ცვლილებებზე.