დიტო გელოვანი: ცალ-ცალკეც და ერთადაც

დიტო გელოვანი: ცალ-ცალკეც და ერთადაც

...ჩვენი ხარხარით ზანზარებდა გამოქვაბული, და ჩირაღდნებიც თითქოს ხტუნავდნენ, მაგრამ უეცრად ყველაფერი გადაფარა რაღაც სასტიკმა, საშინელმა, თავზარდამცემმა დაღრიალებამ: „თქვე ქართველებოოო!!!“ გაბრუებულნი, გაოგნებულნი ასცქეროდნენ ზედა ბაქანზე გადმომდგარ შალვას, და აღარავინ ხარხარებდა კი არა, თავრეტდასხმულნი, პირდაღებულნი მისჩერებოდნენ მრისხანე შალვას, და თუმც გაქვავებულნი იდგნენ, შალვამ ისეთივე შემაძრწუნებელი სიძლიერით დასძახა: „ქართველებოოო, სდექ!!!“

(გურამ დოჩანაშვილი, „ცალ-ცალკე და ერთად“)

თქვენი არ იყოს, უცებ მეც შალვა ნათელაშვილი გამახსენდა, მაგრამ ეს სხვა შალვაა - „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“. ნათელაშვილსაც უყვარს „ერთი რამე“ და საგულდაგულოდაც მალავს, მაგრამ არა არს დამალული და ეს ყველაზე უკეთ ამ რამდენიმე ხნის წინ ეკა კახიანმა აღიარა: „ოჯახს ჭამა ხომ უნდა?!“

კი, მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ის „ერთი რამე“ უნდა ჭამოს, ჩარეცხვა რომ ჭირდება?

კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია, მაგრამ პასუხს მაინც მოითხოვს მათგან, ვინც ყველა დროში, ყველა ეპოქაში და წყობილებაში, ვინც არ უნდა იყო მანდ - ზვიადა, ეძიკა, მიშიკო თუ ბიძიკო, თავს გადასარევად გრძნობს და „პოლიტიკაში არ ერევა“...

მაშ, სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვთ? სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ? წაგება და მოგება ძმები არიან? რაღა რუსეთისთვის მოგვიგია და რაღა ბურკინა ფასოსთვის?

წაგება და მოგება მხოლოდ ტოტალიზატორში არიან ძმები და, ისიც - მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი, თემურ დოლიძე, ძალიან ხშირად „ცეესკას“, „სპარტაკის“ და რუსეთის ნაკრების მოგებაზე დებს. თუ ისინი მოიგებენ, ეს ფულს იგებს და თუ ისინი წააგებენ, თემური ამბობს, ოღონდ მაგათ წააგონ და ჩემ ფულს არ დავეძებო. წაგებულიც კი მოგებულია, უფრო სწორად - წაგებული უფრო მოგებულია, ვიდრე მოგებული.

„ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ“ - ეს ფილმი იური ოზეროვმა მას შემდეგ გადაიღო, რაც ავღანეთში შეჭრით გაღიზიანებულმა დასავლეთმა მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ფილმის შემკვეთები ამბობდნენ, შენ ბადრო სტყორცნე და ავღანელ ბავშვებს ჩვენ რას ვტყორცნით, ჩვენი საქმეა და მაგასთან კავშირში არ არისო.

ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. როდესაც ამ რამდენინე წლის წინ დიანა ღურწკაიამ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა, უკვე ნათელი იყო, რომ გაივლიდა წლები და სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნებოდა. მთავარი დანახვა არ არის, მთავარი გაგებაა... ეტყობა, არ იცის, რადგან არ გაუგია ცხრა აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო... არ გაუგია, რადგან ის „ხელოვანია“ და „პოლიტიკაში არ ერევა“.

ლივერპულელმა ბიჭებმა ვიეტნამის ომის გამო ბრიტანეთის დედოფალს ორდენები რომ დაუბრუნეს, ღირსების საკითხი იყო თუ რომელიმე ალბომის „პრომო“?

დიანა ღურწკაიას ღირსება არსად გაიშვა, მაგრამ... აი, ადგილობრივი ხელოვნების მუშაკები - გულედანი, წკრიალაშვილი და სხვები - ოლიმპიადის ბოიკოტს რომ ქადაგებენ ანუ დიანა ღურწკაიას რომ უპირისპირდებიან და ღირსებას ახსენებენ, რა გამოდის - ღირსება ადარდებთ?

სულ არ მადარდებს ჩემი ფეშენებელური ვილა კანარის კუნძულებზე, რადგან არ მაქვს, და არც მაგათ ადარდებთ ღირსება. ისე, რა საინტერესოა არა? - ქართველების ჯალათი რუსი მფრინავი და სააკაშვილის ხელის გოგო, დიანა ღურწკაია, ერთად მიარბენინებენ ოლიმპიურ ჩირაღდანს. არის ამაში რაღაც... კოჰაბიტაციური.

ოლიმპიადების დროს ომები წყდებოდაო, ამბობენ, მაგრამ ჯერ არ გამიგია, რომ ოლიმპიადების დროს ღირსებას უკანა პლანზე გადაეწიოს. ღირსება ყოველთვის მთავარია, იმდენად მთავარი, რომ ამას ისინიც კი აღიარებენ, ვისაც ღირსება არ გააჩნია.

რაზეა ლაპარაკი - რუსი ლოთი მფრინავისა და უსინათლო ქართველი (?) მომღერლის (?) მეჩირაღდნეობა, დიცის და დვანის მავთულხლართები და ონიშჩენკოს ოფოფები, ერთი სიმღერის ცალკეული კუპლეტებია და ოლიმპიადის ბოიკოტირება-არბოიკოტირების შესახებ ატეხილი ზომაზე მეტი აჟიოტაჟიც ამ სიმღერის განუყოფელი ნაწილია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდეთ. ვისი რა საქმეა, წავალთ თუ არ წავალთ? რა, ვინც გვეხმარება, ყველას დახმარებას ვიღებთ? სადაც გვეპატიჟებიან, ყველგან დავდივართ? ვინც გვიწვება, ყველასთან ვკოტრიალობთ?

უბრძანეს ლევან ყიფიანს, ოლიმპიური იდეალები დაიცავიო და - იცავს. უბრძანეს გულედან-წკრიალაშვილს, ღირსებაზე ისაუბრეთო და - საუბრობენ. ეგეც შენი „სად სპორტი და სად პოლიტიკა“.

მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ მე ბოიკოტს მოვითხოვ, ქნძძმარიდან კი ლოქო თავს ყოფს და მეთანხმება. ლოქო ქინძძმარში, ანუ გრიგოლ ვაშაძე („მე რომ ვიყო სპორტსმენი, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი - წასვლა არ ღირს, რადგან ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი“), რომელიც, გული მიგრძნობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ხელისუფლებას ოლიმპადისთვის ბოიკოტი რომ გამოეცხადებინა, ნაცები ეგრევე აჩხავლდებოდნენ, სპორტსმენების უფლებები ილახებაო, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოსო და... და არასამთავრობოებიც, რომლებმაც გასულ კვირაში პეტიცია შეადგინეს და ბოიკოტირებისკენ მოგვიწოდებენ, შეადგენდნენ პეტიციას და ბოიკოტის მომხრეებს ლიბერალური ღირებულებების მტრებად გამოგვაცხადებდნენ.

პაატა ზაქარეიშვილმა - მხოლოდ მეჩირაღდნის გამო, ყოვლად დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმაო... ვაჰ, „მხოლოდ მეჩირაღდნეო“... პირველი ოქტომბერი რომ არა, „მხოლოდ მეჩირაღდნეც“ საკმარისი იქნებოდა, ზაქარეიშვილს ოლიმპიური კომიტეტის წინ, ბოიკოტის მოთხოვნით, შიმშილობა რომ გამოეცხადებინა.

ყოველივე ამის შემდეგ, ლოგიკური იქნებოდა, რომ გაგვეხსენეინა,

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე როგორ დააკავეს ორი პირი, მაგრამ რადგან აქამდე ღირსებაზე ვსაუბრობდით, პრასტიტუტკები და ენჯეოშნიკები იქით იყოს. ოლიმპიადის ბოიკოტირება ღირსების საქმეა, ხოლო ნაცებისა და მომღერალ-ენჯეოშნიკების სრული თანხმობა - ფარული ჩანაწერების. ღარიბაშვილმა კი გაანადგურა ფარული ჩანაწერები, მაგრამ სააკაშვილი თვალის ჩინივით უფრთხილდება და, ემანდ რამე ხომ არ დაიკარგაო და, დარწმუნებული ვარ, ყოველ საღამოს დიდ ეკრანზე უყურებს.

მოკლედ, პოლიტიკური სპორტის არასამთავრობო ხელოვნებაში ეგეთი ამბებია, მაგრამ ცხოვრება ხომ მხოლოდ პოლიტიკური სპორტის არასამთავრობო ხელოვნება არ არის? ბიზნესიც მნიშვნელოვანია. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ არის დავით უსუფაშვილი და იმას კითხეთ.

აგერ, დავით უსუფაშვილი: „დაიქცევა სახელმწიფო, თუ ხელისუფლება ბიზნესისგან ჯერ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ითხოვს და შემდეგ კომპანიის ინტერესებზე ზრუნვას. თუკი კერძო ბიზნესმენს ხელისუფლება ასეთ ამოცანებს უყენებს, ე. ი. სრულიად გაუგებარ ვითარებაში ვამყოფებთ ერთმანეთს. კერძო ინტერესებმა და კერძო ინტერესების წინსვლისა და წარმატების ჯამმა უნდა მოიტანოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინსვლა და წარმატება. არ მესმის, როცა ამბობენ, თითქოს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებისადმი ზრუნვა ერთმანეთს უპირისპირდება“.

ბლა-ბლა-ბლა... მაშ, იქნებ, შვიდი მილიარდი ლარის შესახებაც გვესაუბრა! რომელი შვიდი მილიარდის? აი, იმ შვიდი მილიარდის, წამდაუწუმ რომ ახსენებენ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი წართმეული ქონებისა და ბიზნესების უკან დაბრუნებას შეეხება. იტყვი რამეს და გამოხტება პარლამენტში და მთავრობაში ახლად ჩამთბარი რომელიმე უსაქმური, წარბებს შეჭმუხნის, თავს გადააქნევს და შვიდ მილიარდს ახსენებს - ეგ ქონება და ბიზნესები კანონიერ მფლობელებს რომ დავუბრუნოთ, სწორედ ამდენი დააწვება სახელმწიფოს და მერე დედა აღარ გვეყოლებაო.

მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნად სულ რამდენიმე რამ არის ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული: 1. არის თუ არა მარსზე სიცოცხლე? 2. სად გაქრა ალიოშა დევდარიანის არქივი? 3. ვინ დათვალა ზღვაში ქვიშა, ცაზე ვარსკვლავები და ის შვიდი მილიარდი ლარი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

აქაც ფარული ჩანაწერების სუნი მცემს და ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ კოჰაბიტაცია ფარული ჩანაწერების პროდუქტია.

ნახეთ: „მიკროავტობუსების ხაზების ყოფილი ინვესტორები თბილისის მერიის შენობის წინ აქციას მართავენ. აქცია „თავისუფალი საქართველოს“, მძღოლთა და მგზავრთა უფლებების დაცვის ასოციაციისა და ტრანსპორტის სფეროს ინვესტორთა უფლებების დაცვის კავშირის მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიანი ტენდერი ჩატარდეს, სადაც მათაც ექნებათ მონაწილეობის უფლება. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ გაუქმდეს 2011 წელს სამარშუტო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის შედეგები, საკრებულომ დაიბრუნოს მერიის მიერ წართმეული უფლება ქალაქის სამარშრუტო გადაზიდვებზე კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

მოზრდილი ციტატა გამოვიდა, მაგრამ რას იზამ, ხდება ხოლმე... მაიცა და, რა გახდა იმ ტენდერის გაუქმება და ახალი ტენდერის ჩატარება? რა გახდა „კავკასუს ონლაინის“ საკითხის გარკვევა? არც ერთი ამ საკითხის გადაწყვეტა არანაირ ფინანსებს არ მოითხოვს, მაგრამ აქ საქმე ფულში კი არ არის, საქმე კოჰაბიტაციაშია - მარშუტკებიც და კავკასუსიც შარანგიების ხელშია, შარანგიები გიულას ბიჭთან ძმაკაცობენ, გიულას ბიჭი კი, ყოველ საღამოს ზის და პოლიტიკური ოპონენტების ფარული ჩანაწერებით ტკბება. აეგ არის კოჰაბიტაცია, სხვა კი არაფერი!

ჰოდა, გასულ კვირაში უცხოელი დიპლომატებისთვის შემეცნებითი კურსი „გაიცანი საქართველო“ რომ ჩატარდა, იქ ალბათ ალავერდი, სვეტიცხოველი და ხორუმი აჩვენეს, „ჩაკრულო“ მოასმენინეს და „ვეფხისტყაოსანი“ წაუკითხეს. ეს ყველაფერი გუშინდელი საქართველოა. დღევანდელი საქართველოს გაცნობა კი მხოლოდ ფარული ჩანაწერებით არის შესაძლებელი. იქნება და... ნანახიც აქვთ და მოსმენილიც, იქნებ ამიტომაა, მიშას ხელი არ ახლოთ, ვანოს გაუფრთხილდით და კოჰაბიტაციას მიყევითო, რომ გვიკიჟინებენ. თუ მართლა ნანახი აქვთ და, მე ის მიკვირს, ჯერ კიდევ რომ არ მოუთხოვიათ, რომ ჩვენვე ვაღიაროთ რუსთაველის სომხური წარმომავლობა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების აუცილებლობა.

თუმცა, ეს ხომ ერთი და იგივეა? როცა ღირსება არ არის, ყველაფერი ერთი და იგივეა, ანუ ყველაფერი სულ-ერთია, ხოლო ის ერთი - არაფერია.

„თუ არის არჩეული კურსი, არ უნდა გადაუხვიოთ“ - უთხრა კოჰაბიტაციის რეჟიმში მცხოვრება ქართველობას ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ, ლორეტა გრაუჟინიენემ.

იცი რა, ქალო, ჯერ ფეხების გაპარსვა ისწავლეთ და ჭკუა მერე დაგვარიგეთ. არ გაატრაქტორეს, ტო-ო!!!

„მე ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო ჩემს ძველ მეგობარს, ვანო მერაბიშვილს. ის, რომ შს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის დაპატიმრებული, ეს მოვლენა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი კუთხით არ წარმოაჩენს. მე მგონია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და მიზანი არის კონკურენტებს გაუმკლავდნენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ლიტვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რაიმუნდას პალაიტისმა.

ოე, რიჟა, მარცხი არაფერი მოგივიდეს!

საინტერესო ნიუსის ოდენ სათაური: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოპოზიციური პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს“.

და განა მხოლოდ ის... ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობაში თეა წულუკიანს მეც ვადანაშაულებ. თეა, უძვირფასესო და სულზე უტკბესო... რა არის, სულ მცდელობა და მცდელობა, როდის იქნება შედეგი, ჰა? იყავი შედეგზე ორიენტირებული, თორემ „მინდოდა“, „ვაპირებდი და „ვცადე“ არ ითვლება.

ანაც ეს - „ნინო გიორგობიანი: „სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავმა სცემა“.

მე თუ მკითხავ, ის უფრო ცუდი იქნება, თუ გაირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის არც ერთ ნათესავს ნაციონალური მოძრაობის არც ერთი აქტივისტი ჯერ არ უცემია. ხომ იცით, როგორც არის? - ზოგზე დარიგება ჭრის, ზოგზე ტკბილი სიტყვა, ზოგზე კრიტიკა, ზოგზე გინება და ზოგზეც დედის კრუსუნი. მაგათი (ნაცებს ვგულისხმობ) წამალი დედის კრუსუნია, ოღონდ, თან მამაც უნდა შიმშილობდეს.

შიმშილობდეს და... მსოფლიოში ყველაზე პროვინციული „დღესასწაული“ - თბილისობა, როგორც ყოველთვის უზომო ჭამა-სმითა და ნთქმით აღინიშნა. თბილისის საკრებულომ იყოჩაღა, შეძლო და ასკაციანი სუფრა შვიდ ათას ლარში ჩაატია. რაც შეეხება მერიას, მას სულაც არ გაჭირვებია, რომ დანახარჯს 20 ათასისთვის გადაეჭარბებინა. საკრებულომ „წისქვილში“ იქეიფა, მერიამ - მთაწმინდის რესტორანში, სხედან ახლა და არკვევენ, რომელი უფრო ღორმუცელაა, მერია თუ საკრებულო. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობოებს და მათთან შეპირაპირებულ ჟურნალისტებს რატომღაც გამორჩათ მერიის 20 ათასი და მაინცდამაინც საკრებულოს შვიდ ათასზე გაამახვილეს ყურადღება. ეს „რატომღაც“ სრულიად ზედმეტი აღმოჩნდება, თუ ავლაბრის რეზიდენციაში ტრადიციად ქცეულ საღამოს კინოჩვენებებს გავიხსენებთ.

ისე კი, გადავალ „წისქვილში“, გამოვითხოვ მენიუს და ვნახავ, რა ჭამეს ქალაქელმა მეოცნებეებმა ამისთანა, კაცი 100 ლარი რომ დაუჯდათ. მთაწმინდის მენიუ კი... აბა, რა საინტერესოა მთაწმინდის მენიუ? ისედაც ყველამ ვიცით, რომ უგულავა და მისი რაზმი დიდი ხანია (თუ მთელი ცხოვრება არა) იმ „ერთი რამეს“ მიირთმევენ, ჩარეცხვა რომ ჭირდება.

ერთი ნიუსი სრულად: „პრეზიდენტის პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ აღარ გაგრძელდება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ორთოპედია-სტომატოლოგიური პროექტი „ღიმილიანი საქართველოა“. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილმა მოასწრო პროთეზების უფასოდ ჩასმა. ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან, ამ პროექტის ფარგლებში, პროთეზების მორგებამდე მათ კბილები ამოუღეს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, კი პროექტი გაჩერდა, რის გამოც, ისინი კბილებისა და პროთეზების გარეშე დარჩნენ“.

ღიმილი და კბილები ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არიან. მთავარია, რაზე იღიმები, რა გახარებს და ახლა ისეა, რომ მე არაფერს გეტყვით, უბრალოდ, მუხრან მაჭავარიანს მოვიშველიებ: „ეს ჩემგან კია მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე / მაგრამ ყოველთვის ცნობილია, არ ხამს ალერსი / დაღონებული როა კაცი, - მესმის იმ კაცის! / გახარებული კაცის, - არ მესმის. / ვინც გინდა იყავ, - გინდ არქიფო, თუ გინდა ზაქრო! - რა გიხარია, შე შობელძაღლო?!“

სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

ს.ბ.ბ.წ. (სააკაშვილი, ბაქრაძე, ბარნოვი, წიკლაური) მე ის უფრო მადარდებს, სიტყვა კლოუნს ქართული შესატყვისი რომ ვერ მოვუძებნე, რაზე არ შევჩერდი - მასხარა, ჯამბაზი, ოინბაზე, ბერიკა - მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მივუსადაგე

(გურამ დოჩანაშვილი, „ცალ-ცალკე და ერთად“)