თბილისი შიშობს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის საზღვრის სრულად ჩაკეტვა სურს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა
რუსეთი სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მავთულხლართებს ავლებს, რაც 2008 წლის ომის შემდგომ ხელშეკრულებას არღვევს. ამით მოსკოვს შეუქცევადი ვითარების შექმნა სურს? იქ ბერლინის კედლის მსგავსი რამ შენდება, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბის?
ძალიან კარგად აღწერეთ სიტუაცია. სამწუხაროდ ჩვენ ამის შესაჩერებლად საერთაშორისო დახმარების გარდა სხვა საშუალება არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიყენებთ ძალას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების გვჯერა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენს მოსახლეობას ვუწევთ ანგარიშს და მათი ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება არ გვინდა. მაგრამ ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება დადგენილი (ფიქსირებული) საზღვარი მივიღოთ.
ევროკავშირმა, რომლის შუამავლობამაც 2008 წლის ომი დაასრულა და სადამკვირვებლო მისიაც აქვს, სათანადო რეაგირება მოახდინა?
ბოლო კვირებში ევროკავშირის მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ, ნატომ და აშშ-მაც გააკეთეს მკვეთრი განცხადებები, ასევე სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა. ასე რომ, საერთაშორისო რეაქცია შესაბამისი იყო და ჩვენ ეს მხარდაჭერა დიდი მადლიერებით მივიღეთ. თუმცა პროცესის გაგრძელებას ამან რეალურად ხელი ვერ შეუშალა.
შეერთებული შტატები სირიის კრიზისში რუსეთთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ამით სამხრეთ ოსეთისა და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებასთან დაკავშირებულ თქვენს მოთხოვნას ნაკლები შანსები ხომ არ აქვს?
ეს თემები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ერთმა პოზიტიურმა პროცესმა რატომ უნდა შეუშალოს ხელი მეორე პოზიტიურ პროცესს? პირიქით, ამან უნდა გააძლიეროს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მოტივაცია.
პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც თავისი მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა და რომლის ნდობით აჭურვილ პირადაც თქვენ მიიჩნევით, ამბობენ, რომ მოსკოვთან კარგი კავშირები აქვს. თუ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთთან ურთიერთობაში გარდატეხაა მოსალოდნელი, იმ ფონზე როცა მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინისთვის წითელი ქსოვილივითაა და პირიქით?
ივანიშვილმა მისი ქონება მართალია რუსეთში, მაგრამ სუფთა ხელებით დააგროვა. ათ წელიწადზე მეტია რუსეთში არ ყოფილა და პირადად არც რუსეთის პოლიტიკურ მმართველობას იცნობს. ასე რომ, მას რუსეთთან განსაკუთრებული კონტაქტები არ აქვს. მასში განსაკუთრებული ისაა, რომ მისი პოლიტიკა განსხვავებულია იმ მხრივ, რომ არ არის აგრესიული, ისეთი, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. ეს დრო იწურება (სააკაშვილს აღარ აქვს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება – რედ.). იმედი მაქვს, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს. დღეს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულებამ უფრო მშვიდი ჟღერადობა მიიღო და არა კონკრეტულმა პიროვნებებმა. ვიმედოვნებ, რომ დადებითი დინამიკა, რომელიც ჩვენ მოლაპარაკებების სხვა ფორმატში გვაქვს (მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობები – რედ.) ერთ დღეს პოლიტიკურში გადაიზრდება. ამ მომენტისთვის ეს ასე არ არის და რუსები საოკუპაციო ზოლის გამაგრებით საკუთარ თავის ეწინააღმდეგებიან.
დღემდე, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის შიგნით საქართველოს სადავო საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებად მიიჩნევა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ, საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა?
ძალიან ჰიპოთეტური საკითხია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის წითელ ხაზებში შედის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციის მოთხოვნა, მათი არაღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არჩევანის თავისუფლება, თუ რომელ კავშირსა და ალიანსში გავწევრიანდებით. ეს საკითხები არ განიხილება.
საქართველო დაეთანხმებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების ზედამხედველობით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ამ რეგიონების მომავლის განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას?
საქართველოში სამასი ათასზე მეტი ლტოლვილი და დევნილი ცხოვრობს. ჯერ ისინი უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს თუ მოხდება, ვფიქრობ, რეფერენდუმის ჩატარებაც არ იქნება წარმოუდგენელი რამ.
თქვენ ამბობთ, რომ თქვენს მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის მოპოვება სურს. კონკრეტულად როგორ?
არსებობს უამრავი შესაძლებლობა, ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანებს შორის კავშირებია. ეს კონტაქტები უნდა გაღრმავდეს. მცირედით უნდა დავიწყოთ, რომ დიდ შედეგამდე მივიდეთ.
ნოემბერში ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას გეგმავს. ამ კონტექსტში რუსეთმა პარტნიორ ქვეყნებზე, უპირველესად კი უკრაინაზე გააძლიერა ზეწოლა. მოსკოვი ეგრეთ წოდებულ ახლო საზღვარგარეთს თავისი გავლენის ბუნებრივ ზონად მიიჩნევს. რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთის პოლიტიკის ეს ძირითადი პრინციპი შეიცვალოს?
21-ე საუკუნეში უკვე აღარ შეიძლება ისეთ ტერმინებით აზროვნება, როგორებიცაა გავლენის სფერო და ახლო საზღვარგარეთი. ეს რუსეთის სახელმწიფოსაც კარგს არაფერს მოუტანს. მაგრამ დემოკრატიული განვითარება ყველგან შესაძლებელია, და მათ შორის რუსეთშიც. და მე ამის მჯერა.