ამომრჩევლის ფსიქოლოგია

ამომრჩევლის ფსიქოლოგია

ფსიქოლოგებმა ამომრჩევლის ქცევაში ხუთი მოულოდნელი მიდრეკილება აღმოაჩინეს

დღემდე მიგვაჩნდა, რომ იმ კანდიდატის შეფასებისას, რომელსაც ხმას ვაძლევდით, ჩვენზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავალი, ეთნიკური წარმომავლობა და სქესი, ფსიქოლოგიურმა კვლევამ, რომელმაც ხმის მიცემის ქცევა შეისწავლა, დღის სინათლეზე გამოიტანა სხვა, ბევრად უფრო დაფარული მიდრეკილებები.

თოფების შოუ: ჟურნალ Psychological Science-ში გამოქვეყნებული 2013 წლის კვლევით ირკვევა, რომ კუნთმაგარი მამაკაცები ეკონომიკურად უფრო ეგოისტები არიან, ვიდრე მათი სუსტი აღნაგობის კოლეგები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდთოფიანი მდიდარი კაცები უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან სიმდიდრის გადანაწილების პოლიტიკას, ვიდრე მდიდრები, მაგრამ უფრო სუსტები. ღარიბებს შორის, კუნთმაგარი მამაკაცები, სავარაუდოდ, უფრო მეტად დაუჭერენ მხარს ქონების გადანაწილებას. ავტორების ვერსიით, ამ დროს შემდეგი ევოლუციური ფაქტორები მოქმედებს: უფრო ბრძოლისუნარიანი მამაკაცები უფრო აქტიურად ცდილობენ რესურსების დაცვას ან შეძენას.

დიქსის [1] ფაქტორი: კონფედერაციული დროშა შეერთებულ შტატებში ძლიერ გრძნობებს აღვივებს, როგორც სამხრეთული სიამაყის სიმბოლო ან თეთრების უპირატესობის გადმონაშთი. მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ მხოლოდ ამ დროშის ცქერით ვიღაც უფრო რასისტი გახდეს? 2010 წელს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გამოკითხულები, რომლებსაც კონფედერაციის დროშა აჩვენეს, ნაკლებ სურვილს გამოხატავდნენ, ხმა მიეცათ ბარაკ ობამასთვის, ვიდრე ისინი, ვინც ნეიტრალურ სიმბოლოს უყურებდა. ანალოგიური ეფექტი შენარჩუნდა „ჰიპოთეტური“ შავი კანდიდატისათვის.

მორწმუნე ამომრჩევლები: ზოგიერთი ათეისტური ჯგუფები და უფლებადამცველები შეერთებულ სტატებში ამტკიცებენ, რომ საარჩევნო უბნების სამლოცველო სახლებში განთავსება კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევაა, რომელიც ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მიჯნავს. 2012 წლის კვლევით ირკვევა, რომ საარჩევნო უბნის მისამართმა შეიძლება რეალურად იმოქმედოს თქვენს არჩევანზე. ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიებთან გამოიკითხნენ, უფრო კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდათ და უფრო ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი არაქრისტიანების მიმართ, ვიდრე სამთავრობო შენობებთან გამოკითხული რესპონდენტები.

ვირთხების რბოლა: 2000 წლის არჩევნების დროს შეეერთებულ შტატებში, დემოკრატები უმცროსი ჯორჯ ბუშის კამპანიას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მათ ოპონენტის დისკრედიტაციისათვის შეგნებულად გამოიყენეს ქვეცნობიერი გზავნილი – სიტყვა „ვირთხა“, რომელმაც ეკრანზე ელ გორის დახასიათების დროს გაიელვა. (ბუშის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ ეს შეგნებულად მოხდა). შეიძლება, რომ მსგავსმა ფაქტმა მართლაც იმოქმედოს? 2008 წლის კვლევით, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სიტყვა „ვირთხის“ გაელვებამ მართლაც შეიძლება გაზარდოს ამომრჩევლების ნეგატიური დამოკიდებულება ჰიპოთეტური კანდიდატის მიმართ. 2003 წელს, კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის, გრეი დევისის გაწვევაზე ჩატარებული რეფერენდუმის დროს, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს დევისის რეიტინგის ვარდნა რესპუბლიკელებს შორის, რომლებსაც ბილ კლინტონის ქვეცნობიერი ფოტო აჩვენეს.

პოლიტიკური ციკლი: ალბათ, ყველაზე უცნაური მიდრეკილება, რაც ფსიქოლოგებმა ამომრჩევლის ქცევაში აღმოაჩინეს, 2013 წლის კვლევაში გამოჩნდა, რომელიც Psychological Science-მა გამოაქვეყნა. მეცნიერები არკვევდნენ იმას, თუ როგორ აისახებოდა მენსტრუალური ციკლი ქალების საარჩევნო გადაწყვეტილებაზე. აღმოჩნდა, რომ ოვულაცია მარტოხელა ქალებს უფრო ლიბერალებად აქცევს, ხოლო არამარტოხელებს კონსერვატორებად. კვლევა ქსელში უმალ სენსაციად იქცა და ის მეთოდოლოგიის გამო გააკრიტიკეს (ის დიდწილად მონაცემთა მიმოხილვას ეყრდნობოდა და არა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი და შემოსავლები), მაგრამ ჟურნალი მას მხარს უჭერდა.

[1] Dixie – შეერთებული შტატების სამხრეთის მეტსახელი

foreignpress.ge