„დიდი ტერორისტი“

„დიდი ტერორისტი“

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას ერთმანეთთან ურთიერთობისას ხშირად ამჟღავნებენ.

თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ „პოლიტიკურ“ ისტორიას გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კახა კუკავა იქნება, რომელიც ერთი „დიდი ტერორისტის“ შესახებ ისაუბრებს.

„ზვიად ძიძიგურს „დიდი ტერორისტის“ სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო.

ნოემბრის არჩევნების  დროს იარაღს ვატარებდი,  რეზინის  ტყვიებს რომ ისვრის. დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა:

- ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იცი?

- შესანიშნებლად.

- რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამოვიყენებ.

- ამის ხმარებაც იცი?

- აბა!  იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყო.

რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა - „ბახ“ და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა.

ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.

- ყოჩაღ, - ვეუბნები, - ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.

- რატომ? - დაიბნა.

კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი?...  ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა - მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო“.

რამდენიმე თვეში კარს ახალი, 2014 წელი მოგვადგება. ერთ რჩევას მოგცემთ. საახალწლო მეკვლედ ბატონი კახა კუკავა არ მოიწვიოთ. ამ „მიზეზის“ ასახსნელად სიტყვას კვლავ ბატონ კახას გადავცემთ.

„კორპუსში  მეზობლად ჩვენი ახლობელი ცხოვრობდა. ძალიან მოვწონდი, ძალიან კარგი თვალით მიყურებდა და ყოველთვის ცდილობდა, მისი ოჯახის მეკვლე გავმხდარიყავი.

მოკლედ „ უ ნას ტაკაია ტრადიცია“ ჩამოყალიბდა და ყოველი ახალი წლის ღამეს მის კართან ვიყავი ატუზული კანფეტებით. მეკვლეობა ძალიან არ მსიამოვნებს, დაგაჭერინებენ ხელში ჩურჩხელით, ფელამუშითა და გოზინაყით სავსე თეფშს და ყურებამდე გაღიმებული უნდა მიადგე სხვის ოჯახს.

ერთი წელი, ორი წელი, სამი, ოთხი, ამომივიდა ყელში, მაგრამ რა უნდა ვთქვა, ოჯახის მეგობარია.

თან ყოველწლიურად გარკვეულ წარმატებებს აღწევდა და რას მომეშვებოდა? ჩემი ბოლო მეკვლეობა ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება. ცუდი წელი გამოდგა, სამსახურიდან მოხსნეს, მანქანა გაყიდა, სახლი  გაყიდა, ვალებში ჩავარდა და ქირით გადავიდა გლდანში. ახლა, რომ დავფიქრდეთ, მე და ჩემი ფეხი რა შუაშია, მაგრამ შინაგანად მაინც ერთგვარ  სინდისის ქეჯნას განვიცდი.“

ბატონი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ყოფილი მერი ბრძანდება და თავის დროზე ამ ქალაქში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა.

„საერთოდ, ქურდის ინსტიტუტი მეფის რუსეთმა შექმნა, რომ გარეუბნებში წესრიგი დაემყარებინა. ეს ინსტიტუტი ლენინმა და ძერჟინსკიმ კიდევ უფრო დახვეწეს და გააფართოვეს. ქურდების უმრავლესობა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია და მათ გარეშე არც ერთ არჩევნებსა და რევოლუციას არ ჩაუვლია.

ქუთაისის მერი რომ გავხდი, პირველივე დღეს უშიშროებას ქურდების სია მოვთხოვე. დავხედე და 150 კაცის გვარი ეწერა. ქურდებს შევუთვალე, რომ შეხვედრა მინდოდა. ჯერ ტყეში მეპატიჟებოდნენ, შემდეგ სასტუმროში, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და კაბინეტში მეწვივნენ. 30-მდე ქურდი იქნებოდა. მოვავლე თვალი და ვეუბნები.

- კარგი სამსახურები გიშოვეთ. ყველას საამქროების  უფროსებად და მოადგილეებად გიშვებთ მომარაგება-გასაღების დარგში. შრომის წიგნაკებს საჯაროდ გადმოგცემთ საზეიმო ვითარებაში.

მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ეს მათთვის, ფაქტიურად, სიკვდილს ნიშნავდა.

- ბატონო თემურ, - დაიწყო ერთ-ერთმა, - ჩვენ არც ისე გაუნათლებელი ხალხი ვართ. ერთი გვყავს, „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცის.

- ეგ რა მითხარით! - გამიხარდა, -  მოიყვანეთ, დაიწყოს და სადაც გაჩერდება, გავაგრძელებ.

ხმა აღარ ამოუღიათ. მალე შეხვედრა მოაწყვეს, თქვეს, ეს კაცი ხეირს არ დაგვაყრისო და ქალაქი დატოვეს. გადის დრო და მოსკოვიდან ნაცნობი მირეკავს:

- არ დაიჯერებ და ის შენი გამოყრილი ქურდები მოსკოვში შენს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმელით სვამენ.

- ხუმრობ? - გამიკვირდა.

- არა. რას ვხუმრობ, ძალა რომ არ დაეტანებინა, მოსკოვში ჩამოსვლას ჩვენით ვერ მოვიფიქრებდითო. ბრეჟნევი ვერ მოახერხებდა, რაც ამათ მოახერხეს - კრემლიდან ორ კილომეტრში სამ ქუთაისელ ქურდს საკუთარი სახლი აქვს წამოჭიმული!...“

ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს პარლამენტის წევრი ორჯერ ბრძანდებოდა. დღეს საკუთარი პროფესიით - ლიტერატურით არის დაკავებული და პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნება. ჩვენი დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას ბატონ ჯანსუღს გადავცემთ და ორ საინტერესო „ისტორიას“ შემოგთავაზებთ.

„1942 წელია, 11 წლის ვარ და იმდენად ძლიერი იყო ჩემს ტოლებში პატრიოტული მუხტი, რომ ომში გაპარვა გადავწყვიტეთ. ამაში დიდი როლი ქართული ენის მასწავლებელმა, სუხიშვილების ქალმა, დეიდა ნინომ ითამაშა, რომელიც საბრძოლო ლექსებს გვაზუთხებდა და გვაკითხებდა.

გავიხედოთ და, ერთი იდიოტი რუსი კაპიტანი გავიცანით, ახალგაზრდა კაცი, ჩვენი განზრახვა მოეწონა და გვეუბნება:

- ვი ბუდეტ სინავია პალკა!

ანუ, პოლკის შვილებად მიგიღებენ და ომში მონაწილეობას მიიღებთო. დავთქვით დრო, სამ მეგობართან ერთად მატარებელში შეგვაპარა და დავიძარით.

თურმე, ერთმა მეგობარმა „ჩაგვიშვა“ და ალბათ, გადაგვარჩინა კიდეც. სანამ მატარებელმა ჩერებ-ჩერებით იარა, მშობლები მცხეთასთან დაგვეწივნენ და ძირს ჩაგვყარეს.

გამვლელები ხედავენ, რომ ამ ოთხ ბავშვს მშობლები ხან გვცემენ, ხან გვეფერებიან.

- ხალხო, სჯით თუ ეფერებით ამ ბავშვებს, ვეღარ გავიგე? - გაიოცა ერთ-ერთმა გამვლელმა.

- ვეღარც ჩვენ გავიგეთ. რომ გვახსენდება, ომში იპარებოდნენ, ვცემთ. მერე გვახსენდება, რომ ომში ვაჟკაცურად მიდიოდნენ და ვეფერებით.“

„ერთხელ ჩემთან სტუმრად იყვნენ რუსი პოეტები -  ევგენი ევტუშენკო და ანდრეი ვოზნესენსკი. სუფრას ნოდარ დუმბაძე და ედუარდ შევარდნაძე ამშვენებდნენ.

ნოდარმა არხარის დაგრეხილი რქა აიღო, სტუმრებს დაანახა და ეუბნება:

- ვოტ, დრუზია, ატსუდა ი ესტ ვაშ რუსკი გოროდ კრივოი როგ.

არც მე ჩამოვრჩი და ნოდარს ვეუბნები:

- კაგდა ვრიოშ, ნე კრასნეეშ, ა ესლი კრასნეეშ, პალუჩაეტსია კრასნოდარ.

ატყდა სიცილი და შევარდნაძემ გამოგვხედა:

- ახლა არ თქვათ, რომ მოსკვა მეგრულიდანაა და „მოი სკუას“ ნიშნავს, თორემ  სულ გაგიჟდება ეს ხალხი!“