როგორ მივიღოთ ნობელის პრემია ღირსეულად

როგორ მივიღოთ ნობელის პრემია ღირსეულად

პიტერ ჰიგსი და ელის მუნრო, მათთვის ნობელის პრემიის მინიჭებას საკმაოდ თავშეკავებულად შეხვდნენ, თუმცა მათი რეაქცია ვერანაირად ვერ შეედრება იმ გაოგნებასა და სევდას, რომელიც 2007 წელს დორის ლესინგმა გამოხატა.

თუკი ამ სტატიას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი კითხულობს, მინდა გულწრფელად მივულოცო ნობელის პრემიის მინიჭება ქიმიის დარგში. მომდევნო რამდენიმე დღე თქვენი ორგანიზაციის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნი იქნება, რადგან მთელი მსოფლიო დააკვირდება იმას, თუ რა რეაქცია გექნებათ ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღებაზე. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი ამ წლის სხვა ლაურეატების რეაქციით ვიმსჯელებთ, თქვენ ნობელის პრემიის მიღებას უნდა უპასუხოთ გულწრფელი გაოგნებით. თუკი გაქვთ შესაძლებლობა, შეეცადეთ მიბაძოთ პიტერ ჰიგსს, თეორიული ფიზიკის სელინჯერს, რომელიც მანამდე, სანამ შეატყობინებდნენ, რომ ნობელის პრემია მიანიჭეს დასასვენებლად გაემგზავრა და თან ტელეფონიც არ წაიღო. მიბაძეთ მის მაგალითს.

ელის მუნროსათვის ნობელის პრემიის მინიჭებაში ყველაზე ნიშანდობლივი იყო ის, რომ პრემიის მინიჭების დროს მას ღრმად ეძინა. ის ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების ზარმა გააღვიძა, რომლებმაც მას ამ ამბის შესახებ აცნობეს და მიულოცეს. „ვიცოდი, რომ ჩემი სახელი იყო პრეტენდენტების სიაში, მაგრამ არ მეგონა, რომ გავიმარჯვებდი“, – თავს იმართლებდა ის. ეს შესაძლოა ნობელის პრემიის მინიჭებაზე ყველაზე ღირსეული რეაქცია ყოფილიყო, რომ არა 2007 წლის ლაურეატი დორის ლესინგი.

ლესინგმა, რომელიც მაშინ 87 წლის იყო, მისთვის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ იმ მომენტში შეიტყო, როდესაც საკუთარი სახლის კართან მოულოდნელად რეპორტიორების ალყაში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ამერიკელმა რეპორტიორმა მას გასძახა: „თქვენ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოგანიჭეს“. ამ დროს ლესინგმა ჩანთა დადო, მზერა ზევით აღაპყრო და მძიმედ ამოიხვნეშა – ეს იყო ემოცია, რომელიც მერყეობდა უნდობლობასა და იმის მოულოდნელ გაცნობიერებას შორის, რომ ეს ახალი ამბავი აუცილებლად გაუფუჭებდა მას მთელ დღეს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ამ ჯილდოს მინიჭების ისტორიაში საუკეთესო რეაქცია.

წარმოიდგინეთ, რომ მუნროს ან ლესინგს ამ ცნობაზე სხვა, უფრო ტრადიციული რეაქცია ჰქონოდათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ რამდენიმე წამით ხელები აიფარათ სახეზე, შემდეგ კი ეთქვათ ძალიან მოსაწყენი, წინასწარ მომზადებული სიტყვა, მადლობა გადაუხადათ საკუთარი აგენტებისთვის, ნობელის კომიტეტისთვის და სხვა ნომინანტებისთვის, სიყვარული აეხსნათ ქმრებისთვის და ეს ტირადა დაესრულებინათ ბუნდოვანი მოწოდებებით მშვიდობისაკენ მთელ მსოფლიოში. ანუ, წარმოიდგინეთ, რომ ისინი ენ ჰეთევეის ან რობერტო ბენინის მსგავსად მოქცეულიყვნენ; ან აღფრთოვანებულებს დაეწყოთ საკუთარ ავეჯზე ხტუნვა დედიკოს მსგავსად მულტიპლიკაციური სერიალიდან „ტომი და ჯერი“, და ეყვირათ რაღაც ასეთი: „მთელ მსოფლიოს მოვეფერებოდი! სიტყვები არ მყოფნის!“

როგორც ჩანს, პირდაპირი კავშირი არსებობს ნობელის პრემიის ავტორიტეტულობასა და მისი ლაურეატების აშკარა და არაყალბ გაოგნებას შორის. ნობელის პრემია იმდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომ ცრემლიანი რეაქცია მას მხოლოდ აუფასურებს. არავის არ უნდა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატები ასე აფრქვევდნენ თავიანთ გრძნობებს. 2013 წლით თუ ვიმსჯელებთ, სინამდვილეში, არავის არ უნდა ნობელის პრემიის ლაურეატები გამარჯვებას ცდილობდნენ. რთული წარმოსადგენია, როგორ დაძლევენ მომავალი წლის ლაურეატები წლევანდელების ძილ-ბურანს და აშკარა გაქცევას. შეიძლება, მათ პრემიის მიღებას დაუფარავი ბრაზით უპასუხონ, ნობელის კომიტეტის წევრები საჯაროდ შეურაცხყონ ან სტოკჰოლმში გაემგზავრონ და მისი შტაბ-ბინა აეროზოლის საღებავებით მოხატონ.

შესაძლოა, ასე შორს წასვლაც არ ღირდეს. ერთგვარი დაბნეულობისა და გულწრფელი გაოცების ერთობლიობა , ცხადია, საუკეთესო და ყველაზე ღირსეული რეაქციაა ნობელის პრემიის მიღებაზე. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, მსგავსი რეაქციის მაგალითებს ყველგან ვიპოვნით. „ემის“ დაჯილდოების ცერემონიალის საუკეთეო მომენტი იყო მერიტ უივერის გამოსვლა, რომელიც მსახიობმა ასე დაასრულა: „გმადლობ თქვენ… უი, არა! დიდი მადლობა. ჰმ… დიდი მადლობა თქვენ! ჰმ… უნდა წავიდე, კარგად!“ დაე უკიდურესი ემოციურობა კარიერისტების ხვედრი იყოს. თუკი თქვენ ოდესმე გერგებათ რაიმე ჯილდოს მიღების პატივი, მიიღეთ ის ისე, თითქოს ეს ნობელის პრემიაა. და, გთხოვთ, გააკეთეთ ეს ისე, როგორც დორის ლესინგმა გააკეთა.

foreignpress.ge