„რეკორდული რთველი“: 100 მილიონი - გლეხებს, 44 მილიონი - საწარმოებს

„რეკორდული რთველი“: 100 მილიონი - გლეხებს, 44 მილიონი - საწარმოებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლის რთველის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობს. მინისტრ შალვა ფიფიას განცხადებით, კახეთის რეგიონის მოსახლეობამ წელს 90 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა, რაც უპრეცენდენტო შედეგია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

სამინისტრო კმაყოფილია, თუმცა  უკმაყოფილოები  არც კახელი გლეხები ჩანან. ადგილობრივი მევენახეები for.ge-სთან საუბარში ყვებიან, რომ  წელს ვენახში  შრომა დაუფასდათ - ხარისხიანი ყურძენი მიიღეს და ხელსაყრელ ფასში ჩააბარეს.

„ხალხმა უხვი მოსავალი მიიღო. ვაუჩერები რომ დაგვირიგეს, ძალიან დაგვეხმარა - დროულად მოვხანით მიწები და შხამქიმიკატებიც გამოვიტანეთ. თუ ასე გაგრძელდა, კახელი გლეხი ყველანაირი მცენარის გაშენებას თავს დაანებებს და ისევ ვაზს მიხედავს,“ - ამბობს გურჯაანის  მცხოვრები ილია როსტოშვილი. მან წელს ახალშენი ვენახის პირველი მოსავალი - 2,5 ტონა ყურძენი ჩააბარა და მომავალ წელს კუთვნილ ნაკვეთებში ატმის ნაცვლად კვლავ ვენახის გაშენებას გეგმავს.

ყურძნის ჩაბარების დროს არსებულ კონკურენციაზე და მაღალ ფასზე საუბრობს საგარეჯოს მცხოვრები გიორგი ჯაფარიძე. მისი თქმით, გლეხებმა წელს ყურძენი მაღალ ფასში გაყიდეს და სახლში ჭარბი ოდენობით ყურძენი აღარ დაიტოვეს.

„კერძო პირებიც დაინტერესებულები იყვნენ ყურძნის ყიდვით და ამანაც გამოიწვია ჩაბარების დროს კონკურენცია.  შარშანწინ რომ დავკრიფეთ ყურძენი, ვალზე იბარებდნენ ქარხნები, თან დაბალი ფასი ჰქონდათ და არ ჩავაბარე. წელს საფერავს კერძო პირებიც იბარებდნენ. კონკურენცია რომ იყო, ფასმაც აიწია და რქაწითელი, ვინც გვიან დაკრიფა, 1,5 ლარადაც გაყიდეს. სულ მორჩეული, ხარისხიანი ყურძენი მოვიდა,“- ამბობს გიორგი ჯაფარიძე. მან წელს 7 ტონაზე მეტი რქაწითელი ჩააბარა, დაახლოებით 3 ტონა კი ოჯახში დაწურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის სახით  100 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. წელს რთველში პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა ოჯახმა მიიღო. ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ დიდ ჩაილურში მცხოვრებმა ფერმერმა ჩააბარა და 200 ათას ლარამდე ანაზღაურება მიიღო.

სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სამინისტრომ საწარმოებზე შეღავათიანი სესხებიც გასცა. ამ ტიპის სესხის მოცულობამ დაახლოებით 43,5 მილიონი ლარი შეადგინა. შეღავათიანი სესხი 38-მა საწარმომ მიიღო.

„ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი რთველი მართლაც უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბით. ჩვენს საწარმოს ამდენი ყურძენი აქამდე არ გადაუმუშავებია. შარშანდელთან შედარებით წარმოება თითქმის გავაორმაგეთ.

ეს განპირობებული იყო მაღალი მოსავალით, წელს ახალი ბაზარი გაიხსნა რუსეთის ბაზრის სახით, მნიშვნელოვანი იყო ასევე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან - შეღავათიანი კრედიტის სახით. სახელმწიფო ძალიან დაეხმარა მეწარმეებს. ჩვენს შემთხვევაში სესხის განაკვეთი 4%-ით განისაზღვრა,“- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორმა  ზურაბ რამაზაშვილმა.

ეკონომიკის საკითხთა სპეციალისტები რთველზე საუბრისას საკუთარ შეფასებებში აქცენტს სახელმწიფოს მიერ საბაზრო პრინციპების გათვალისწინებაზე აკეთებენ და იმედოვნებენ, რომ მომავალ წლებში რთველისთვის სუბსიდიის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება.

„წელს რთველი შეიცავდა ბევრ პოზიტიურ ელემენტს - პირველი და ყველაზე მთავარი ეს იყო სახელმწიფოს მონაწილეობის წილის შეზღუდვა - სუბსიდირებისა და ადმინისტრირების დროს ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნა საბაზრო მომენტებზე. ფასი დაარეგულირა არა სახელმწიფომ, არამედ, თავად ბაზარმა. რა თქმა უნდა, რუსული ბაზრის გახსნის პერსპექტივამაც იქონია გავლენა ყურძნის ფასზე - მთლიანობაში მაღალი ფასი ამის გამო განისაზღვრა. ღვინის ქარხნების უმრავლესობამ კი ჩაბარებული ყურძნის გადამუშავება შეღავათიანი სესხის გამოც შეძლეს.

პრაქტიკულად, ამ მექანიზმმა გაამართლა. განსხვავებული იყო ეს რთველი გასული წლებისგან თუნდაც იმით, რომ საბაზრო ელემენტი იყო ბევრად მეტი. ვისურვებდი, რომ მომავალ წლებში მინიმალური იყოს სახელმწიფოს ჩართულობა და სუბსიდირება სრულიად გამოირიცხოს,“- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ.

კახური რთველი დასასრულს მიუახლოვდა. მევენახეები ყურძენს, ამჯერად, რაჭაში კრეფენ. რაჭული რთველის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს კვირებში გეგმავს.