„რუსეთი მხოლოდ სასაზღვრო ზოლის გადმოწევას არ დასჯერდება“

„რუსეთი მხოლოდ სასაზღვრო ზოლის გადმოწევას არ დასჯერდება“

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესი დროდადრო წყდება, თუმცა მთლიანობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ამით რუსეთი ოლიმპიადის თემის პოლიტიზირებას ცდილობს. ქართული მხარე უკვე აქტიურად ცდილობს, ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს. ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ხაზგასმით განაცხადა რუსეთის ქმედებების შესახებ.

„2013 წლის იანვრიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო ძალებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის, ქარელის, კასპისა და ახალგორის რაიონებში, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების ფართომასშტაბიან პროცესს. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამჟამად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და პროცესი კვლავ გრძელდება. ამ პროცესის შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რამდენად მწვავე აღმოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია და ხელს შეუშლის თუ არა რუსეთს საქართველოს მიმართ საკუთარი მიზნების განხორციელებაში - ამ თემაზე პოლიტიკური ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, ცხადია, რომ სადემარკაციო ზოლის გადმოწევა არ არის რუსეთის საბოლოო მიზანი, თქვენი შეფასებით, რეალურად რა შეიძლება სურდეს რუსეთს საქართველოსგან, საით გვიბიძგებს?

- სულ მცირე, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ნერვების შემოწმება. ახალ მეთოდებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში უკვე აღარ მიმართავს, რადგან სწორედ ამ მეთოდებით მიაღწია თავის საწადელს 2008 წლის აგვისტოში. ანუ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს პროვოკაციული სიტუაციების შექმნა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე და რაღაც ფორმით ჩაერთოს პროვოკაციაში, რომელიც შეიძლება შემდგომი სადამსჯელო ოპერაციების საბაბი გახდეს.

მასშტაბებს ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ჩვენი მხრიდან მოხდა თუნდაც ამ ზონაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საკუთრების უფლების დაცვა, სრულიად კანონიერ საფუძვლებზე, რუსეთის მხრიდან ეს შეიძლება იყოს გამოყენებული მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის, ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს.

ჯერჯერობით ისეთ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ყოფილი ხელისუფლება ძალიან მკაცრ და კატეგორიულ განცხადებებს აკეთებდა და დასავლეთს რუსეთზე ზემოქმედებისთვის უხმობდა, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ფრთხილი იყოს.

ხელისუფლება მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა, როდესაც სადემარკაციო ხაზის გადმოწევამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ამისი მოლოდინი პრინციპში უნდა გვქონოდა, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ძალიან გააქტიურდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ძველ ფარგლებში აღდგენის სურვილი.

ამაზე კონფერენციებიც გაიმართა ცხინვალში და კომენტარებიც კეთდებოდა რუსი ექსპერტების მხრიდან იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის სტაბილურობა ამ ფარგლებსა და ამ საზღვრებში ვერ იქნება შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, ანუ იმ საზღვრებს, რომელშიც იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. სადემარკაციო ზოლში მცხოვრები მოსახლეობაც აცხადებს, რომ რუსი სამხედროები,  რომლებიც ამ ზოლის გადმოწევით არიან დაკავებული, სწორედ 70-იან წლებში გამოშვებული რუკებით ხელმძღვანელობენ.

იგივეა სახელმწიფო საზღვრის თემა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. ეს საკითხიც ახლახანს გააქტიურდა და რუსები გაკვირვებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის ქართული მხარისთვის ამაში ახალი, საოცარი და დრამატული, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით რუსეთი ფაქტობრივად, იგნორირებას უკეთებს საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ დათბობის პოლიტიკას. ეს გასაგებიცაა  - გვახსოვს შვარდნაძის დაბალანსებული პოლიტიკა რუსეთსა და ამერიკას შორის. გვახსოვს სააკაშვილის პოლიტიკაც, რომელიც რუსეთთან მიმართებაში შეიძლება, ორ ეტაპად შიძლება დავყოთ. პირველი ეტაპი - როდესაც სააკაშვილმა რუსეთში მეგობარი დაინახა და დაპირებებსაც გასცემდა რუსეთის მისამართით და მეორე ეტაპი, როდესაც რუსეთის ხიბლიდან გამოერკვა და მის მიმართ  საქართველოს ყველა ხელისუფლებაზე რადიკალური გახდა. აღარაფერს ვამბობ ზვიად გამსახურდიაზე, რომელიც ასე თუ ისე იძულებული იყო, ანგარიში გაეწია რუსული ფაქტორისთვის.

იმის თქმა მინდა, რომ ამ ნახევარი ნაბიჯებით რუსეთი ყელამდეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ახლა მხოლოდ რიტორიკის შერბილებას არ დასჯერდება.

რუსეთის მიზანი ხომ არ შეიძლება იყოს ის, რომ საქართველო აიძულოს, საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე დაიწყოს ფიქრი?

- ვფიქრობ, რუსეთის მიზანია სწორედ საბაჟო კავშირსა თუ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ევრაზიულ კავშირში იხილოს საქართველო. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რამდენად პოპულარული გახდა რუსეთის თემა საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლებიდან ნაციონალების წასვლის შემდეგ.

თუმცა ბოლო პერიოდში საინტერესო ქმედებები იკვეთება - რუსეთი ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს რბილი ძალა, რომელიც ზოგადად, რუსული პოლიტიკისთვის საერთოდ უცხოა და უფრო ამერიკის პოლიტიკური ტაქტიკის ხელწერაა, და მისთვის ტრადიციული მათრახის და ძალისმიერი ზეწოლის მეთოდი. რბილ ძალაში ვგულისხმობ ქართული საზოგადოების სოციალურად გაჭირვებული ნაწილის მოთაფვლის მცდელობას და მცდელობას, მოძებნოს საყრდენები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს მოთელოს თავისი ძალები.

როდესაც თბილი ძალის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ სიმპტომატურია გასულ თვეში გამოქვეყნებული ოდიოზური ფიგურის, თემურ ხაჩიშვილის ინტერვიუ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს.

ნიშანდობლივია, რომ როდესაც რბილი ძალის პოლიტიკაზეა საუბარი, ეს გულისხმობს პირდაპირ მოსყიდვის პოლიტიკას. ის პირდაპირ ამბობს, რომ თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ყველა ქართველი პენსიონერი, მიიღებს რუსულ პენსიას 300 დოლარის ოდენობით. თუმცა ამის პირობად აყენებს ევრაზიულ კავშირში, საბაჟო კავშირში შესვლასა და ორმაგი მოქალაქეობის მიღებას. ანუ ეცდებიან, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის რიტუალური განცდა შექმნან.

ამავე დროს, საუბრობს ბევრ საინტერესო რამეზე, მათ შორის იკვეთება რუსული სცენარის ყველაზე სახიფათო მომენტები საქართველოსთვის. პირველი არის ის,  რომ როდესაც ის ლაპარაკობს ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლაზე, ამბობს რომ ევრაზიულ კავშირს შექმნიან რუსეთი და საქართველო.

ძირითადი დაწოლა მიდის, როგორც ჩანს, სწორედ საქართველოზე, რადგან საუბარია იმაზეც, რომ სომხეთმაც გამოთქვა თანხმობა საბაჟო, შემდეგ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ სომხეთს საერთო საზღვარი ხომ არ აქვს რუსეთთან და ვიდრე საქართველო არ გაწევრიანდება საბაჟო კავშირში, რუსეთიც ვერ გაწევრიანდებაო.

რეალურად ამით ჩანს, რომ რუსეთისთვის მხოლოდ მორალური ღირებულება კი არ არის საქართველოს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, არამედ ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ რეალურ დასაყრდენად ეგულება, ვერ გაწევრიანდება ამ კავშირებში საქართველოს გარეშე.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რა არის ამ ყველაფერში სახიფათო - საბაჟო და ევრაზიულ კავშირებში სომხეთის გაწევრიანებას აზრი არ აქვს, თუ საქართველო ამ კავშირების წევრი არ იქნება.

არის ერთი რამ, რაც ყურადღებამისაქცევია - ხაჩიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ამ კავშირებში გაწევრიანდება, რუსეთი უკან არ წაიღებს თავის აღიარებას კონფლიქტური ტერიტორიების მიმართ. ანუ რაც არ უნდა დათმოს საქართველომ, თუნდაც შევიდეს ევრაზიულ კავშირში, რუსეთი მას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დაუბრუნებს, იმიტომ, რომ ის დაკარგავს საქართველოზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტს.

არსებითი კიდევ ის არის, რომ ქართველებისგან ასე დეტალური გაშიფვრა და მხარდაჭერა რუსული გეგმებისა, დღემდე ნაკლებად გვინახავს.

რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, შესაძლებელია რუსეთის უახლოესი მიზანი სწორედ ეს სამიტი იყოს? შეუძლია პროვიკაციებით იმის მიღწევა, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით დამატებითი შეფერხებები შეგვექმნას?

- ვიცით, რომ რუსეთი გაცხარებული ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. შეგვიძლია აქვე გავიხსენოთ სომხეთის მაგალითიც, როდესაც არც ისე დიდი ხნის წინ ოფიციალური ერევანი აცხადებდა, რომ მისი მიზანი იყო, როგორც ევროპისკენ სწრაფვა, ასევე - რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები. თუმცა რუსეთმა მიაღწია იმას, რომ სომხეთს უარი ეთქვა ევროპულ მიმართულებაზე და წამოსულიყო საბაჟო კავშირისკენ.

უკრაინაზე ზეწოლამ ვერ გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო ეჭვი, რომ უკრაინა საბაჟო კავშირისკენ გადაიხრებოდა და ევროკავშირს დათმობდა. თუმცა, უკრაინა აღმოჩნდა ის კერკეტი კაკალი, რომელმაც რუსეთს უარი უთხრა ამ შეთავაზებაზე.

რაც შეეხება მოლდოვას, ის პირდაპირი მუქარის წინაშე აღმოჩნდა დიმიტრი როგოზინის მხრიდან. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, როგოზინის დანიშვნა მრჩევლად მოლდოვის საკითხებში, ისევე როგორც პარალელურად სურკოვის დანიშვნა მრჩევლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში. საკმაოდ საინტერესო პარალელია პუტინის რუსეთის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა საგარეო ურთიერთობების სფეროში ინიშნებიან პუტინის პირად წარმომადგენლებად დსთ-ს ქვეყნებში არსებულ კონფლიქტურ ზონებში.

სხვათა შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ როგორზინის მიერ მოლდოვის მიმართ პუნქტობრივად ჩამოწერილი მუქარები, რაზეც მოლდოვური პრესა საკმაოდ ინტენსიურად წერდა. საინტერესო ის არის, რომ ეს მუქარები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ სანქციებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ უარს არ იტყვის ევროკავშირთან ასიოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთი გამოიყენებს სანქციებს მოლდოვის წინააღმდეგ, ჩაკეტავს ბაზარს მოლდოვური პროდუქციისთვის, გამოყრის ემიგრანტებს რუსეთიდან, საბოლოოდ დააკარგვინებს დნესტრისპირეთს და ენერგობლოკადას მოუწყობს, სიცივით გაყინავს მოლდოველებს.

გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და უკან მოვიტოვეთ, თუმცა აშკარაა, რა ზომებს მიმართავს რუსეთი იმ ქვეყნების მიმართ ვინც ევროპულ მიმართულებას ირჩევს.

თუმცა ასეთი ღია და აშკარა მუქარა საქართველოს მიმართ ამ ეტაპზე არ მოგვისმენია...

- ვერბალურ დონეზე მუქარა, რომ არ შეხვიდე ევროკავშირში და არ მოაწერო პარაფირების ხელშეკრულებას ხელი, თორემ ესა და ეს გელოდება, საქართველოს მიმართ მართლაც არ ყოფილა. თუმცა გამორიცხულია, საქართველო იმდენად უმნიშვნელო იყოს რუსეთისთვის, რომ მას საერთოდ არ ადარდებდეს, წავა თუ არა ევროკავშირის მიმართულებით. პირიქით, თუნდაც სომხეთთან პირდაპირი საზღვრის არარსებობის გამო რუსეთი იძულებულია, საქართველოს მიმართ გაატაროს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს.

სწორედ ამიტომ საინტერესოა, რატომ არ ისმის საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან ასეთი მოთხოვნები, რომ თუ შენ საბაჟო კავშირისკენ არ წამოხვალ გემუქრება ესა და ეს. ისევე, როგორ მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში ხდებოდა და როგორც სომხეთი აიძულა.

ჩვენს შემთხვევაში მუქარის გარეშე ხდება საზღვრის გადმოწევა?

- ვფიქრობ, ეს გაფრთხილებაა საქართველოსთვის, თუ რა პროცესები შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში საბაჟო კავშირზე უარის თქმისა და მისგან კატეგორიული გამიჯვნის შემთხვევაში. ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, მაგრამ არ მგონია, მხოლოდ ამას დასჯერდეს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პრელუდიაა, რაც შეიძლება რუსეთმა განახორციელოს საქართველოს მიმართ. იგივე ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში, რელიგიურ ნიადაგზე და ა.შ.

იგივე სურკოვის დანიშვნაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია - ვლადისლავ სურკოვი იყო მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,  ვიცე-პრემიერი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და უკრაინის საკითხების კურირებას ვლადისლავ სურკოვს ავალებს, ამ გავლენებისა და პოტენციალის ადამიანის ამ თანამდებობისთვის მოცდენა მხოლოდ უბრალო გადაწყვეტილება არ არის.

არ ვიცი, როგორ და რა ფორმით, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთი მხოლოდ სასაზღვრო ზოლის გადმოწევას არ დასჯერდება.