დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ შეხვედრა თავდაცვის უწყებაში არასამთავრობო სექტორთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართეს. ირაკლი ალასანიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან მომავალ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მინისტრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თავდაცვის სფეროში განათლების რეფორმის პრიორიტეტულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და სისტემური ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი ალასანიამ სტუმრებს ამ მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ საგანმანათლებლო უწყებებთან თანამშრომლობის დეტალები გააცნო. მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ISAF-ის მისიაში მონაწილე დაჭრილი ქართველი სამხედროების მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა. მან სტუმრებს დაჭრილი ჯარისკაცების აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის პროგრამა გააცნო და განაცხადა, რომ დაჭრილი ჯარისკაცები მათი ფიზიკური მდგომარეობისათვის შესაბამის ადაპტირებულ ბინებს მიიღებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ფსიქოლოგიური სკრინინგისა და პოსტტრავმული ფსიქოკორექციის პროგრამა. ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნულ პროცესში ქვეყნის ფსიქოლოგებთან ერთად, კაპელანებიც იქნებიან ჩართულნი.